გადაწყვეტილება №26655/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
26655/2/2026
09 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 17.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26655/2/2026).
დავის საგანი:
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის N 3204 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
2026 წლის 15 იანვარს შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „-----“ საჩივარი, რომელშიც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ 2025 წლის დეკემბრის თვეში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციით ააფასა მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონება 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, შესაბამისად, კომპანიამ დააზუსტა 2022, 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები და იმავე დღესვე გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. დეკლარაციების დაზუსტებამ გამოიწვია საურავის დარიცხვაც, რომელიც საჩივრის წარდგენის დროისთვის შეადგენდა 24 605,13 ლარს. კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვდა დარიცხული საურავის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის N 3204 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არაზუსტი დეკლარაციების დაზუსტება, კერძოდ, დაახლოებით 106 907 ლარის ოდენობის დამატებით დარიცხვა განხორციელდა მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგ და არა საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე განხორციელებული თვითკონტროლის შედეგად. აღნიშნულმა ქმედებამ, დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით გამოიწვია საურავის დარიცხვა. თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელი უთითებს რომ კონკრეტული საურავი წარმოადგენს დამატებით და მძიმე ტვირთს და ასევე იმ გარემოებას, რომ გადამხდელმა აღნიშნული განახორციელა ნებაყოფლობით (მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება), თუმცა საგადასახადო ვალდებულების დროში დაგვიანებით შესრულება (და ის გარემოება, რომ არ ეთანხმება, რომელიც სრულიად არ ნიშნავს რომ არ ეკუთვნოდა კონკრეტული) და დარიცხული საურავის დიდი ოდენობა არ და ვერ დაადასტურებს პირის კეთილსინდისიერებას და აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის, მე-7 ნაწილის შესაბამისად ვერ გახდება დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით დაკისრებული, კუთვნილი კანონიერი საურავის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2025 წლის დეკემბერში ააფასა მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონება 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, შესაბამისად დააზუსტა 2022; 2023; 2024 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები 15.12.2025 წელს და იმავე დღეს გადაიხადა კუთვნილი გადასახადი.
დეკლარაციების დაზუსტებამ გამოიწვია საურავის დარიცხვა, რომელმაც შეადგინა 24 605,13 ლარი, რაც მძიმე ფინანსური ტვირთია კომპანიისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა შემოსავლები მკვეთრად მცირდება. კომპანიას აღარ დარჩა ფინანსური რესურსი საურავის დასაფარად, რის გამოც მის საბანკო ანგარიშებს და ქონებას დაედო ინკასო და ყადაღა, ასევე გაუცემელი დარჩა 2025 წლის დეკემბრის თვის და 2026 წლის იანვრის თვის ხელფასები. დაარსების დღიდან ყოველთვის დროულად ახდენდა გადასახადების დეკლარირებას და დროულად იხდიდა გადასახადებს.
მომჩივანი ითხოვს კეთილსინდისიერების გათვალისწინებით მოხდეს საურავისგან გათავისუფლება, რათა კომპანიამ შეძლოს ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა და შეუფერხებლად განაგრძოს ფუნქციონირება.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ ქმედება იყო უნებლიე ხასიათის, ის უნდა შეფასდეს როგორც არცოდნა/შეცდომა და აღნიშნულის გათვალისწინებით სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიამ აუდიტის რეკომენდაციით გადააფასა უძრავი ქონება, დააზუსტა ქონების გადასახადის დეკლარაციები და გადაიხადა გადასახადი. დაზუსტების შედეგად დაერიცხა საურავი, რომლის გაუქმებასაც ითხოვდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული საურავისგან და საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 269 (7); 272 (1);.