ბრძანება N 5949
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5949
27.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------,)
2023 წლის პირველი იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ ----------) 2023 წლის პირველი იანვრის №77759/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №007-331 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. განმარტავს, რომ გაანგარიშება ეფუძნება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების ჯამს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის რეალიზებული ქონება და ანგარიშ-ფაქტურების ძირითადი ნაწილი ეხება გრძელვადიანი პროექტების საავანსო კომპენსაციებს, რომლის დეკლარირება ხორციელდება შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში აღინიშნება მყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ანულირების შემთხვევები, რაც გადახდილი თანხების უკან დაბრუნების საფუძველი გახდა. მიუთითებს, რომ დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას შემოწმების მიერ სრულად არ არის გათვალისწინებული უკან დაბრუნებული თანხა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხის (მოკლევადიანი სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ დირექტორმა აღნიშნული თანხა გაიტანა ძირითადი საშუალების შესაძენად და დააბრუნა უკან. აცხადებს, რომ რადგან შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2019 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე შემოწმებამ შემდეგ თვეში უკან დაბრუნებული თანხა აღარ გაითვალისწინა და უსაფუძვლოდ დაარიცხა მოგების გადასახადი.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ივლისის №23225 და 22 ივლისის №23965 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის პირველი დეკემბრის №30235 ბრძანება და 2 დეკემბრის №007-331 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 122 268 ლარი, მათ შორის, გადასახადი 62 251 ლარი, ჯარიმა 37 979 ლარი, საურავი 22 038 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების) შეძენა-რეალიზაცია. ხელშეკრულების საფუძველზე ფართებს შეიძენს სხვადასხვა დეველოპერისაგან და მიწოდებას ახორციელებს არარეზიდენტ პირებზე. შესაბამისად, საკუთრების უფლება შპს „----------“-ზე არ გადადის. მყიდველების მიერ ავანსის სახით ხდება თანხების ჩარიცხვა შპს „----------“-ის საბანკო ანგარიშზე, რომელიც თავის მხრივ გადაერიცხება დეველოპერებს და იღებს ავანსის ანგარიშ-ფაქტურებს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სრულფასოვნად არ განუხორციელებია ბიუჯეტთან საგადასახადო ანგარიშსწორება და არ აქვს დაბეგრილი სრულად ყველა ოპერაცია.
შემოწმებით წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დგინდება, რომ 2021 წლის ივნისის თვეში საწარმოს დირექტორს სალაროდან გატანილი აქვს თანხა ძირითადი საშუალების შესაძენად. თუმცა შემოწმებისათვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, გატანილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომ შპს „----------“ დამფუძნებელსა და დირექტორს კომპანიისგან აღებული აქვს კრედიტი (სესხი), რომელიც სრულად დაიფარა იმავე წლის აგვისტოს თვეში (ბრძან-ისებით შესამოწმებელი პერიოდია 22.07.2019-01.07.2021).
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს სრულფასოვნად არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, სრულად არ აქვს დაბეგრილი ყველა ოპერაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პერიოდების მიხედვით, განსხვავდება შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით აღნიშნული საკითხის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა მხოლოდ 75 800 ლარით და არა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული თანხებით. შესაბამისად, დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 13 644 ლარი. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ხელშეკრულების ანულირების საფუძველზე მყიდველებისათვის უკან დაბრუნებული თანხები შესაბამის პერიოდებში. აღნიშნული ასახულია გრაფაში „გადასახდელი დღგ ბრუნვის კორექტირებაზე“ და შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის ოდენობა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2021 წლის ივნისის თვეში საწარმოს დირექტორს სალაროდან გატანილი აქვს თანხა ძირითადი საშუალების შესაძენად, რომლის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, გატანილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შპს „----------“-ის დირექტორს კომპანიისგან აღებული აქვს კრედიტი (სესხი), რაზეც არ უფიქსირდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემცირებული იყო დამფუძნებელზე თანხის გაცემით ავტომანქანის შეძენის დანიშნულებით. თუმცა, არც შესამოწმებელ პერიოდში და არც მას შემდეგ შპს „-----------ის“ სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ ყოფილა. გადამხდელისთვის დოკუმენტაციის მოთხოვნის შემდეგ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია თანხა სესხად, რითაც შეძენილ იქნა ავტომანქანა, რომელიც ფიქსირდება საწარმოს დირექტორის პირად საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული თანხა საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოში დაბრუნებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2021 წლის 16 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და სალაროდან გატანილი თანხის (მოკლევადიანი სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს სრულფასოვნად არ განუხორციელებია ბიუჯეტთან საგადასახადო ანგარიშსწორება და არ აქვს დაბეგრილი სრულად ყველა ოპერაცია.
საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისგან.
სსკ-ის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3, 8); 272; 275;
(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“)