ბრძანება N 11947

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 11947
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11947

24 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის: ---) 2024 წლის 26 აპრილის,საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---“-ის (ს/ნ ---) №71373/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №CB1608482 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №52).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დარიცხვის გაანგარიშება მოხდა ფასნამატის გაზრდით და აღნიშნავს, რომ საქონლის რაოდენობებში არ ყოფილა შეუსაბამობა. კომისიასთან შეთანხმების შედეგად საქონლის დასახელებები და თვითღირებულებები წარდგენილი იქნა დაჯგუფებული სახით. თვითღირებულებების დადგენა იდენტიფიცირებულად, დასახელების მიხედვით რთულია, ვინაიდან მიღებულ ინვოისებში არ არის ასე ჩაშლილად, ზოგიერთ ინვოისში შესაძლოა ერთეულ კილოგრამში ეწეროს და იყიდებოდეს ცალობით. აქედან გამომდინარე, მოხდა მხოლოდ დანართი N19 ის შევსება, თუმცა კომისიამ მოითხოვა დანართ N21 შევსება ჩაშლილად, ზუსტი დასახელებების მიხედვით, რაც ვერ მოხერხდა კომპანიის მიერ ბევრი მიზეზის გამო, თუმცა საქონლის რაოდენობებში დაახლოებით (სულ მცირე განსხვავებით) აღწერისა და ბუღალტერიის შედეგები ემთხვევა. რაც შეეხება ფასნამატის გამოანგარიშებას, გადამხდელი მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე:

1) შპს „---“ არის იმპორტიორი, პირველი შემომტანი, ვაჭრობს ---ზე, საიდანაც მიაქვთ ადგილობრივ გადამყიდველებს პროდუქტი საქართველოს მასშტაბით.

2) საქონელი არის ჩასაცმელი, რომელიც მოდისა და სეზონის მიხედვით იყიდება სხვადასხვა ფასად (აქედან გამომდინარე ფასნამატის ოდენობაც მერყეობს)

3) ---ზე კვირის ყველა დღეს ერთნაირი ვაჭრობა არ არის, ამიტომ გასაყიდი ფასები სხვადასხვაა კვირის დღეებში. ამ გარემოებების გამო კომპანია ვერ განსაზღვრავს ერთმნიშვნელოვან ფასნამატს, დადგენილი აქვს მხოლოდ დაახლოებით საშუალო ფასნამატი. გაყიდული საქონლის რაოდენობებითაც განისაზღვრება

ფასნამატი. ერთი ცალის გაყიდვისა და ათი ცალის გაყიდვის დროს საქონელი იყიდება სხვადასხვა ფასნამატით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის N1366 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994-ე ბრძანების შესაბამისად ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) (იურ. მის:---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შპს „----“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროა ქალის საღამურების და ბავშვის ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „---“-ის (ს/ნ ---) დირექტორმა ---მა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული - ჩამოწერილია გასავალში. ---ს ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N19 (საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ნაშთი). სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის დადგენისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

 საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (29 იანვარი, 2024 წ);

 საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 1224000 ლარი – გადამხდელის 2023 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციის მიხედვით;

 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 29 იანვრამდე სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 293444.62 ლარი, რაც დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით.

 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 29 იანვრამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს ჩათვლით) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს დეკლარაციებით (შესაბამისი თვეების მონაცემებით) – 359333.60 ლარი. ამ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა - 217514.28 ლარი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 29 იანვარი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1299930.33 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის გაანგარიშებისთვის რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა განხორციელდა 40%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით (მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატის შესაბამისად). სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგენა 1486660.50 ლარი. შევსებული იქნა დანართი N16 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ დანართი N21-ის შევსება, აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა 40%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით (მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატის შესაბამისად) და შეადგინა 899915.56 ლარი. სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 400014.78 ლარი, რაც საბაზრო ფასებით (40% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 660824.41 ლარს. ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით 2024 წლის 7 მარტს ჩაბარდა შპს „-----ის (ს/ნ ----) დირექტორს ---ს. პროექტის მიხედვით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 660824.41 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით, თანხით - 66082.45 ლარი, ამასთანავე გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად. პროექტის ჩაბარების შემდგომ, 2024 წლის 14 მარტს საზოგადოებამ მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოადგინა პოზიცია - განცხადება N43368/21-12, რომ არ ეთანხმებოდა ინვენტარიზაციის შედეგების პროექტს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ფასნამატს. 2024 წლის 27 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს N18 სხდომის ოქმის მიხედვით, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი წერილობითი პრეტენზია, მტკიცებულების არქონის გამო, არ დაკმაყოფილდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული შედეგები დარჩა უცვლელი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა 660824.41 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით, თანხით - 66082.45 ლარი. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1608482.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა 660824.41 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით, თანხით - 66082.45 ლარი. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1608482.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8; 286.