გადაწყვეტილება №4304/2/2017; 5852/2/2018; 8308/2/2019

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2019
№ დოკუმენტი 4304/2/2017; 5852/2/2018; 8308/2/2019
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 4304/2/2017;

5852/2/2018;

8308/2/2019

11.09.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ (ს/ნ ------)

 

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.09.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 6.07.2017 წელს, 8.05.2018 წელს და 15.05.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე.

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 22.06.2017 წლის №16972 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016 წლის №007-488 „საგადასახადო მოთხოვნა“;

3. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №007-497 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 20.04.2018 წლის №9281 ბრძანება;

5. შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13448 ბრძანება;

6. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის №007-531 „საგადასახადო მოთხოვნა“;

 

დარიცხული თანხა: 758420 ლარი (29.12.2016 წლის №007-488 „საგადასახადო მოთხოვნა“)

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 485447 ლარი

საშემოსავლო გადასახადი - 20166 ლარი

ჯარიმა - 252807 ლარი

 

დარიცხული თანხა: 702470 ლარი (27.12.2017 წლის №007-497 საგადასახადო მოთხოვნა)

მათ შორის:

დღგ - (-651561) ლარი.

მოგების გადასახადი - 892697 ლარი.

საშემოსავლო გადასახადი - (-3373) ლარი.

ჯარიმა - 464707 ლარი.

 

დარიცხული თანხა: 14193561.29 ლარი (31.12.2018 წლის №007-531 „საგადასახადო მოთხოვნა“)

მათ შორის:

დღგ - 6536372 ლარი

მოგების გადასახადი - 2655001 ლარი

საშემოსავლო გადასახადი - 55617 ლარი

ჯარიმა - 4720276 ლარი

საურავი - 226295.29 ლარი

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2016 წლის №31378 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, მოგების და ქონების გადასახადის ნაწილში 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში 2013, 2014, 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების შედეგებზე,- 1.03.2013 წლიდან 31.12.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა საგადასახადო შემოწმების 29.12.2016 წლის შუალედური აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016 წლის №38951 ბრძანება და №007-488 „საგადასახადო მოთხოვნა“.

- 1.01.2014 წლიდან 01.01.2015 წლამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა საგადასახადო შემოწმების 22.12.2017 წლის შუალედური აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №35605 ბრძანება და №007-497 „საგადასახადო მოთხოვნა“.

- 1.01.2015 წლიდან 31.12.2015 წლამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების 28.12.2018 წლის შუალედური აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის №39475 ბრძანება და №007-531 „საგადასახადო მოთხოვნა“.

შემოწმების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის შესაბამისი 22.06.2017 წლის №16972, 20.04.2018 წლის №9281 და 25.04.2019 წლის №13448 ბრძანებებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 55-ე ნაწილის მიხედვით შესამოწმებელი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაიბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ. თუმცა აღნიშნული კანონი არ ათავისუფლებს მის მიერ პროექტის ფარგებში განხორციელებულ მიწოდებასა და მომსახურებას დღგ-სგან.

პირველადი და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაცემული ფართების იჯარიდან მიღებული შემოსავალი, ------- გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ------ მომსახურებიდან შემოსავალი ზემოაღნიშნული კანონისა და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად განხილული იყო დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად და მომჩივანს დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება: მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის კანონში გამოყენებული ტერმინების დეფინიციას იძლევა, რომლის თანახმად ინვესტორი არის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ------------ და -------ს (მათ შორის, -------------) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც: „ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.“

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) იმპორტი; გ) ექსპორტი, რეექსპორტი; დ) დროებითი შემოტანა.

ხოლო სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 55-ე ნაწილის მიხედვით შესამოწმებელი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაიბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, თუმცა აღნიშნული კანონი არ ათავისუფლებს მის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებასა და მომსახურებას დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამთავრობო ხელშეკრულების 8.1.1. მუხლის მოთხოვნები: კერძოდ, „ინვესტორები გათავისუფლდებიან მშენებლობის დაწყებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ დაუბრუნდებათ ინვესტორებს 3-დან 7 დღემდე მონაკვეთში დღიდან მის მიერ საგადასახადო ფორმის შევსებისა და გადასახადის დაბრუნების განცხადების წარდგენისა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში“, რომლის მიხედვითაც არანაირად არ ეკუთვნის მომჩივანს დღგ-ის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 55-ე ნაწილის მიხედვით შესამოწმებელი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაიბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, თუმცა აღნიშნული კანონი არ ათავისუფლებს მის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებასა და მომსახურებას დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან.

შემოწმების აქტის თანახმად, პირველადი და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაცემული ფართების იჯარიდან მიღებული შემოსავალი, ----- გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ---- მომსახურებიდან შემოსავალი ზემოაღნიშნული კანონისა და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად განხილული იყო დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად და მომჩივანს დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა 20.04.2018 წლის №9281 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საჩივრის განხილვის დროისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი დასკვნა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭო სრულად იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას სადავო ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაიბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, თუმცა აღნიშნული კანონი არ ათავისუფლებს მის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებასა და მომსახურებას დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საკითხის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.