ბრძანება N 19760

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2025
№ დოკუმენტი 19760
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19760

09 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) №-------საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №------ საჯარიმო ქვითარს (სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტისას დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გმო-ს დეკლარაცია წარდგენილი იქნა ვეტერინარული კონტროლის ეტაპზე – განბაჟების დაწყებამდე, რაც წარმოადგენს თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენის პირველ და სავალდებულო საფეხურს ამ სასაქონლო კოდის (2309) ქვეშ არსებული პროდუქციის იმპორტის ჯაჭვში. ვეტერინარული დათვალიერების პროცედურის დაწყება შეუძლებელია გენმოდიფიცირებული პროდუქტის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გმო-ს დეკლარაციის წარდგენის გარეშე. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ ტვირთმა წარმატებით გაიარა ვეტერინარული კონტროლი, პირდაპირ ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის ფაქტს. ამასთან, გმო-ს დეკლარაცია წარდგენილი იყო ორიგინალი სახით ვეტერინარული დათვალიერებისას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დოკუმენტი კომპანიის მიერ სრულად და სწორად იყო მიღებული და მოძიებული. შეუძლებელია იმპორტიორს განზრახ არ წარედგინ დოკუმენტი, რომლის ქონა უკვე დადასტურებული იყო სახელმწიფო ორგანოს მიერ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 3 აგვისტოს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა ------ საბაჟო გამშვები პუნქტის „------- და ------ პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გავლით შემოსატანი საქონელი – ცხოველთა საკვები (ნეტო წონა 104 004 კილოგრამი, სეს ესნ-ის კოდი -------, საბაჟო ღირებულება 242 274.16 ლარი).

დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „--------“-ის მეშვეობით დეკლარაციის დამუშავებისას დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.

თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს (რის შესახებ ინფორმაცია არ იყო მითითებული საბაჟო დეკლარაციაში), მის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია და დეკლარირების ეტაპზე არ იყო აღნიშნულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია. ამასთან, საქონლის საბაჟო დეკლარაციის 28-ე გრაფაში („ფინანსური და საბანკო მონაცემები/სხვა ინფორმაცია“) ასახული იყო აღნიშვნა „0“.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დეკლარირებისას საბაჟო დეკლარაციაში არ იქნა ასახული სათანადო ინფორმაცია, რომ საქონელი წარმოადგენს ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და არ იყო წარდგენილი აღნიშნულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია, დეკლარანტის ქმედება ჩაითვალა „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

შესაბამისად, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილ იქნა №------ საჯარიმო ქვითარი, რომლითაც შპს „------“ (ს/ნ -------) დაეკისრა პასუხისმგებლობა დასახელებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შემდეგ გაცემული №------ (05.08.2025) „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ (რომლის გაცემის ეტაპზეც, საქონლის დათვალიერებისა და წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, დადგინდა, რომ საქონელი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს) გათვალისწინებით, საქონლის საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ორგანოს მიერ ასახულ იქნა ინფორმაცია გენმოდიცირებული პროდუქტის შესახებ და დეკლარაციისათვის შეფასების ------- (07.08.2025) ნომრის მინიჭებით მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი მიუთითებს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას მათ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ტერმინი „იმპორტი“ განიმარტება როგორც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა.

დასახელებული კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას თან იქონიოს სათანადო დოკუმენტაცია.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.

მითითებული მუხლის მე-7 ნაწილი კი მიუთითებს, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტისას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არარსებობისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება მისივე ხარჯებით ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას ან შეუსაბამობის გამოსწორებას. განადგურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-15 მუხლის 30-ე პუნქტის მიხედვით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის 28-ე გრაფაში („ფინანსური და საბანკო მონაცემები/სხვა ინფორმაცია“) აღინიშნება:

ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას საქონლის თანმხლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად ან თან ახლავს ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;

ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანმხლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;

გ) „PC-1“ – როდესაც დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილ საქონელზე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელი და საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) „0“ – ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევებში.

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ შპს „-----“ (ს/ნ -------) მიერ საქონლის დეკლარირებისას №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში არ იქნა ასახული სათანადო ინფორმაცია, რომ საქონელი წარმოადგენს ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და არ იყო წარდგენილი აღნიშნულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია. აღნიშნული კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (გადაცდომა) - მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული არგუმენტი არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ კომპანიის მხრიდან „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 7 აგვისტოს №---------- საჯარიმო ქვითარი და დაკისრებული სახდელი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №3), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს-ს მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა უცხოეთიდან საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსატანი საქონელი – ცხოველთა საკვები. დეკლარაციის დამუშავებისას დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. შესაბამისად, შპს-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა დასახელებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე.