გადაწყვეტილება №20798/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20798/2/2023
01 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20798/2/2023).
დავის საგანი:
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №005-124 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20739 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 45 044 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 29 961
ჯარიმა - 15 081
საურავი - 2
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №16074 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 4.08.2023 წლის №19197 ბრძანება და 7.08.2023 წლის №005-124 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 291-ე მუხლით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელის განმარტებით, 2022 წლის ივნისის თვეში, გამოწერილი ქონდა ავანსის ანგარიშფაქტურა და შესაბამისად მიბმული დეკლარაციაზე. 2022 წლის ნოემბრის თვეში გამოიწერა ეა ფაქტურა რომელიც დაკავშირებული იყო 2022 წლის ივნისის თვის ავანსის ფაქტურასთან. ფაქტურის მიმღების მხრიდან დროულად არ მოხდა ფაქტურის დადასტურება, შესაბამისად ვერ მოხერხდა ფაქტურის მიბმა და დაწყვილება. გადამხდელს დღგ-ს თანხა 29 961 ლარი თავის დროზე ქონდა გადახდილი და ტექნიკურად ვერ მოხერხდა ფაქტურების დროულად მიბმა დეკლარაციაზე. ნოემბრის თვეში დაწყვილების შედეგად გადასახდელი დღგ-ს თანხა დეკლარაციით იქნებოდა 14 381.94 ლარი და არა 29 961 ლარი. შესაბამისად დარიცხვა უნდა ყოფილიყო 14 381 ლარის და ჯარიმაც ამ თანხიდან გამომდინარე და არა 29 961 ლარიდან. ითხოვს დარიცხული თანხის და ჯარიმის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის, თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისის თვეში, გამოწერილი ქონდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად მიბმული დეკლარაციაზე. 2022 წლის ნოემბრის თვეში გამოიწერა ეა ფაქტურა, რომელიც დაკავშირებული იყო 2022 წლის ივნისის თვის ავანსის ფაქტურასთან. ფაქტურის მიმღების მხრიდან დროულად არ მოხდა ფაქტურის დადასტურება. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ფაქტურის მიბმა და დაწყვილება. გადამხდელს დღგ-ს თანხა 29 961 ლარი თავის დროზე ქონდა გადახდილი და ტექნიკურად ვერ მოხერხდა ფაქტურების დროულად მიბმა დეკლარაციაზე. ნოემბრის თვეში დაწყვილების შედეგად გადასახდელი დღგ-ს თანხა დეკლარაციით იქნებოდა 14 381.94 ლარი და არა 29 961 ლარი. შესაბამისად, დარიცხვა უნდა ყოფილიყო 14 381 ლარის და ჯარიმაც ამ თანხიდან გამომდინარე და არა 29 961 ლარიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაველოს სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20739 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება და შედეგების ასახმა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ელექტრონულად გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 22.08.2023 წლის №20739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაველოს სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 269(7)