ბრძანება N 7291
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7291
31 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 6 მარტის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №26845/2/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №CB1876951 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 6 თებერვალს „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ---, გადაჰქონდა დაახლოებით 2.4 კუბური მეტრი ფიცარი. დაბა ---ში გააჩერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა და შეამოწმეს ტვირთი. აღმოჩნდა, რომ მის მიერ შეძენილი ფიცრები, წარმოადგენს პირველადი გადამუშავების პროდუქტს, რომლის ტრანსპორტირებას ესაჭიროებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია - ზედნადები, რომელიც მას არ გააჩნდა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი უნდა გაუქმდეს ვინაიდან, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა მისი, როგორც მეწარმის საქმიანობა არ არის დაკავშირებული ხე-ტყის გადამუშავებასთან ან გამოყენებასთან. ფიცრების ტრანსპორტირების მიზანი იყო პირადი მოხმარება და არა სამეწარმეო საქმიანობა. განმარტავს, რომ არ იცოდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფიცრების ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო ზედნადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამასთან, აცხადებს, რომ არ არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან/და ნასამართლევი ანალოგიური ან სხვა სამართალდარღვევისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ოჯახური მდგომარეობის და იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ გამოყენებული ჯარიმა ბევრად აღემატება მისი ოჯახის შემოსავალს, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2026 წლის 12 თებერვლის №--- წერილის მიხედვით დადგინდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს ი/მ --- (ს/ნ ---) ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი ---) ახორციელებდა დაახლოებით 2.5 მ 3 ფოთლოვანი ჯიშის (წაბლი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას ---ის მუნიციპალიტეტის ---ის ტერიტორიაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.
დახერხილი ხის მასალის სახეობის, ღირებულებისა და რაოდენობის დასადგენად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა. 2026 წლის 23 თებერვლის №62507/02/26 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა ფოთლოვანი ჯიშის (წაბლის) დახერხილი ხე მასალა (ფიცარი), ზომით: სიგრძე 2.2- 2.8 მეტრი; სიგანე 0.3-0.5 მეტრი; სისქე 0.04-0.06 მეტრი. რაოდენობის დადგენის მიზნით ფიცრების აზომვა განხორციელდა გეომეტრიულად, ფიცრებს შორის დაშორების ჩათვლით. შედეგად მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 3 კუბ.მ. მყარ ტანში გადაყვანის შემდეგ (კოეფიციენტი 0.8) მოცულობამ შეადგინა 2.4 კუბ.მ. (3*0.8). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხე-მასალის შესაფასებლად ექსპერტების მიერ გამოყენებულ იქნა შეფასების შედარების მეთოდი. ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა ანალოგიური საქონლის ყიდვა-გაყიდვის-შეთავაზების საბაზრო ინფორმაცია, რაოდენობრივი დონე, ასევე თავისუფალ წყაროებზე განთავსებული ინფორმაცია მსგავსი საქონლის საბაზრო ღირებულებაზე მაქსიმალურად მიახლოებული შეფასების თარიღისათვის.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი კუბური მეტრი წაბლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) საბაზრო ღირებულებად მიღებულ იქნა 2000 ლარი. შესაბამისად 2.4 კუბ.მ. ხე-მასალის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 4800 ლარს (2.4*2000) დღგ-ის ჩათლით. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 25 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1876951 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა. ამასთან, ი/მ --- (ს/ნ ---) 2026 წლის 19 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს 2026 წლის 6 თებერვალს ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი 2.5 მ3 წაბლის ჯიშის დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირების ფაქტს სასაქონლო ზედნადების გარეშე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 24 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:
ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:
ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი კუბური მეტრი წაბლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) საბაზრო ღირებულებად მიღებულ იქნა 2000 ლარი. შესაბამისად 2.4 კუბ.მ. ხე-მასალის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 4800 ლარს (2.4*2000) დღგ-ის ჩათლით. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
ამასთან, მეწარმე 2026 წლის 19 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს 2026 წლის 6 თებერვალს ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი 2.5 მ3 წაბლის ჯიშის დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირების ფაქტს სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 286 (12).