გადაწყვეტილება №25796/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2025
№ დოკუმენტი 25796/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25796/2/2025

07 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25796/2/2025).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №CB1778690 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18413 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის NCB1778690 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ---, გადამოწმების დრო: 18.06.2025 წ. 05:30 სთ) გამოვლინდა 1 820 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, წიფლის ჯიშის ფიცრის (2,8 მ3X650 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით და სანქციის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.08.2025 წლის №18413 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავტომობილი დატვირთული ხემასალით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა გააჩერა --- ის ხეობიდან სოფ. --- ის მიმართულებით მოძრაობისას, რომელიც მდებარეობს ---დან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, რაც არ წარმოადგენს ქ. ----კენ მიმავალ გზას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

18.06.2025 წელს 05:05 საათზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (RS.GE) ატვირთულ იქნა სასაქონლო ზედნადები №----, სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---, ტვირთით 3 კუბ.მ. წიფლის ფიცარი, რომელსაც მართავდა მომჩივნის სიმამრი --- (პ/ნ ---), 18.06.2025 წელს სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იქნა 05:30 საათზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ იმ მოტივით თითქოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას ავტომანქანებზე არ იყო ატვირთული კანონშესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცრის) ტრანსპორტირებას აწარმოებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადებით, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში გაჩერების მომენტისთვის ატვირთული სასაქონლო ზედნადებით. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება რეალობას. არსებობს უტყუარი ფაქტი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ. გვერდზე განთავსებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ელ---- სახით. ასევე ავტომობილზე განთავსებულ „წიფლის ჯიშის ფიცრის“ რაოდენობასა და ზომით მოცულობებში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა და სრულად შეესაბამებოდა ფაქტობრივად არსებულ რაოდენობასა და პარამეტრებს. ფაქტია, რომ არ იკვეთება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დარღვევის ფაქტი და ვერც საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის გათვალისწინებით მიწოდებად ვერ განიხილება. სასაქონლო ზედნადებები შევსებულია საგადასახადო კოდექსის და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის სრული დაცვით და მათში მითითებული მონაცემები სრულ თანხვედრაშია შეძენის დოკუმენტებთან. აღნიშნული ავტომობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გაჩერებული იქნა სოფ. ---ის შესასვლელთან, სადაც მდებარეობს თვითმომსახურების ავტო სამრეცხაო, სადაც ახდენდა ავტომობილის მორეცხვის სამუშაოებს რისი დასრულების შემდეგაც იწყებდა ტრანსპორტირებას ---ს მიმართულებით. ამ მომენტისათვის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე RS.GE-ზე ატვირთული იყო შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. არ დაურღვევია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, არ ახდენდა ხე-ტყის გადამუშავებიდან მიღებული პირველადი პროდუქციის უკანონო ტრანსპორტირებას და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის, ტვირთის ჩამორთმევის და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნაწილში. განხორციელებული ღონისძიებები უკანონოა და ხელოვნურადაა მოგონილი. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება პრეცედენტულია და ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს ადრე იდენტურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი გადაწყვეტილება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ იდენტურ საქმეზე 2.03.2023 წელს მიიღო გადაწყვეტილება (№18518/2/2022) და გააუქმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დარიცხული ჯარიმა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით და არასწორად დარიცხული 5 000 ლარის ჯარიმების გაუქმებას და ჩამორთმეული საქონლის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ---, გადამოწმების დრო: 18.06.2025 წ. 05:30 სთ) გამოვლინდა 1 820 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, წიფლის ჯიშის ფიცრის (2,8 მ3 X 650 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №21-12/63866 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 23.06.2025 წელს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოდან შეწავლის მიზნით შემოვიდა წერილი DES 8 25 00035788, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს 05:30 სთ-ზე ---ის ხეობიდან სოფ. ---ის მიმართულებით მოძრაობისას გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა ავტომანქანა „ფორდ-4 ტრანზიტი“ სახ. ნომრით ---, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო წიფლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

აღნიშნული საქმე შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ატვირთული იყო №--- სასაქონლო ზედნადები, სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია ქ. ---, ხოლო დასრულების ადგილად ქ. ----. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტომობილი დატვირთული ხე-მასალით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა გააჩერა ---ის ხეობიდან სოფ. ---ის მიმართულებით მოძრაობისას, რომელიც მდებარეობს ქ. ---დან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით, რაც არ წარმოადგენს ქ. ---დან ---კენ მიმავალ გზას. გარდა აღნიშნულისა ირკვევა, რომ ელექტრონულ ზედნადებში მითითებული წარმოშობის დოკუმენტით 13.02.2025 წლიდან 18.06.2025 წლამდე შერულებული აქვს 118 შიდა გადაზიდვა, რაც ქმნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ერთიდაიგივე წარმოშობის დოკუმენტს იყენებს უსაბუთო ხემასალის გადასაზიდად.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და ვინაიდან მომჩივნის მიერ ატვირთულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოყენება მანამდე არაერთჯერ ფიქსირდება და ამასთან, ავტომობილი გაჩერებული იქნა სასაქონლო ზედნადებში მითითებული მარშრუტისგან განსხვავებული მიმართულებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ნომრით --- მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე განთავსებული წიფლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარის) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, გადამოწმების დრო: 18.06.2025 წ. 05:30 სთ) გამოვლინდა 1 820 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, წიფლის ჯიშის ფიცრის (2,8 მ3X650 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით და სანქციის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.08.2025 წლის №18413 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12.