გადაწყვეტილება №19844/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19844/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19844/2/2023

20 .07. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- -----------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- -----------------ის 24.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19844/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები და დადგენილი ფასნამატი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №CB1445484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №CB1445477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9909 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 619 ლარი.

ჯარიმა - 27 713 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი);

ჯარიმა - 26 906 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №25380 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 1.01.2022 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 277 136 ლარი, ხოლო აღურიცხავმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა კი 53 812.55 ლარი. საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.81 %.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სმფ-ებსა და დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №CB1445477 და №CB1445484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები - შესაბამისად, 26 906.28 და 27 713.6 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9909 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივარზე არ დაურთო ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებული ფასნამატის (33,81%) ოდენობას. არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ არის საუკეთესო გადამხდელი და არ აგვიანებს გადასახადების გადახდას. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ვქეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადოკოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილი, რომლის მიხედვითაც მომჩივნის კუთვნილ ობიექტში 5.10.2022 წლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 231 884.75 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გამოვლინდა 53 812.55 ლარის ოდენობით. ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ (დღგ-ს გარეშე) შეადგინა 173 218.90 ლარი. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2022 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 34 673 ლარი, გადამხდელის 2021 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება 1 110 583.83 ლარი. საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.81 %.

სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 348 737.19 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 175 518.29 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 277 136 ლარი. აღურიცხავი სმფ-ები გამოვლინდა 53 812.55 ლარის ოდენობით. 20.01.2023 წელს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული განხილულ იქნა 6.02.2023 წლის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე ( სხდომის ოქმი N9), რომლის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა, 10 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის წარედგინა მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრული აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა არ გათვალისწინებულიყო ფასნამატის განსაზღვრისას.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მეორე პოზიცია არ დაკმაყოფილდა. გადამხდელის მიერ, მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადებში. შესაბამისად, შედეგები დარჩა უცვლელი. მომჩივანს დაერიცხა სანქცია 54 619.88 ლარის ოდენობით.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმების მოხსნას.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა/არცოდნა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა/არცოდნა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა სანქციები. ამასთან, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები და დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სმფ-ებსა და დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1445477 და №CB1445484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები .

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №9909 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა სანქციები. ამასთან, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(11 .22); 49(1 „გ“ ); 70(1 „ა“ ); 72(1.2 ); 269(1.7); 270(1.2); 286(4 ,9);302(6);