ბრძანება N 7916
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7916
11.04.2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---)
2023 წლის 13 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---ის“ (ს/ნ ---) №79618/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №005-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №899). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28184 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს, როცა ხდებოდა ფაქტიურად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაწყვილება, მომზადების ვადა ჰქონდათ ორი სამუშაო დღე, ამდენად, მათ მიერ ვერ მოხდა სრულყოფილად დოკუმენტაციის მოწოდება. ყველა ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე გააჩნიათ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცა დამატებით ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რაც მათ მიერ წარმოდგენილი იქნა. მიუხედავად მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა, შემმოწმებლის მიერ სრულყოფილად არ მოხდა მათი გათვალისწინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციის გადაანგარიშება (შემცირება).
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28184 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ ბრძანებით დადგენილ ვადებში წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვის აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28184 ბრძანების შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 9400 ლარი და გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის №1399137 ოქმით დაკისრებული ჯარიმა 11726 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 7026 ლარით. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებულმა ჯარიმამ 11726 ლარის ნაცვლად, შეადგინა 4700 ლარი. გადასახადის გადამხდელი სადავო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 13 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიელური ფასეულობების შესყიდვის აქტები, რის საფუძველზეც №1399137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 11726 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 7026 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებულმა ჯარიმამ 11726 ლარის ნაცვლად, შეადგინა 4700 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28184 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--ის“ (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით დადგენილ ვადებში წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 9400 ლარი და გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის №1399137 ოქმით დაკისრებული ჯარიმა 11726 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 7026 ლარით.
გადაწყვეტილება
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (6); 304 (21).