გადაწყვეტილება №19099/2/2023
📄 სრული ტექსტი
№19099/2/2023
26.04.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს"-------"-ის 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19099/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3855 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის №12094 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი 2022 წლის 29 ნოემბრის №"-------" წერილით მოთხოვნილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
აღნიშნული წერილი მომჩივანს ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 30 ნოემბერს. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 2022 წლის 29 ნოემბრის №"-------" წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი
მომჩივნის არგუმენტაცია
ოქმი შედგენილია არაკანონიერად, ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე. მისი მხრიდან ხორციელდებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია შემმოწმებლებთან (სატელეფონო ზარით, სმს შეტყობინებების, ელექტრონული მიმოწერის სახით). 2022 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა (განცხადება გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე) შემმოწმებლებს შემოწმების ადგილზე (ქ. -------) ჩატარების თაობაზე დოკუმენტების სიმრავლის გამო, ამის მიუხედავად შემმოწმებლებს მასთან კომუნიკაცია აღარ განუხორციელებიათ ნოემბრის თვემდე.
2022 წლის 29 ნოემბერს მიიღო შეტყობინება საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შესახებ. წერილში მითითებული შემოწმებისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის ინფორმაციები შემმოწმებლებს ელექტრონულ ფოსტაზე მიაწოდა 2022 წლის 28 ნოემბერს ანუ 1 დღით ადრე შეტყობინებიდან, ვინაიდან შემოწმების დაწყებიდანვე კომპანია ამუშავებდა ყველა შესაძლო ინფორმაციას შემოწმებისთვის და იცოდა ამ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ: განმარტება საქმიანობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, შემოსავლების, ხარჯების, საწვავის მოხმარების შესახებ, ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილები, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების მიწოდების შემდეგაც მომჩივნის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ახალი მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიუხედავად ამისა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2022 წლის 21 დეკემბერს მიიღო სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს და კომპანიის მხრიდან არ იქნა მიწოდებული 2022 წლის 29 ნოემბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნული მიზეზი არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც მის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს. დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას აგრეთვე დაადასტურებს შემმოწმებელი აუდიტორიც, ხოლო ოქმის შედგენის მიზეზი მისთვის სამწუხაროდ უცნობია. ასევე მომჩივნისთვის უცნობია, რატომ იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი 2022 წლის 21 დეკემბერს თუ 29 ნოემბრის წერილში (რომელიც ჩაბარებული აქვს 30 ნოემბერს) მითითებული 5 დღიანი ვადა დაარღვია და არ მიაწოდა დროულად მოთხოვნილი ინფორმაციები. საბოლოოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ აუდიტორმა ოქმი შეადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამულად აღურიცხველობის გამო, რაც მისი აზრით ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, შემმოწმებლებს მოთხოვნილი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე მიაწოდა 2022 წლის 28 ნოემბერს ანუ 1 დღით ადრე შეტყობინებიდან, ვინაიდან შემოწმების დაწყებიდანვე კომპანია ამუშავებდა ყველა შესაძლო ინფორმაციას შემოწმებისთვის და იცოდა ამ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ: განმარტება საქმიანობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, შემოსავლების, ხარჯების, საწვავის მოხმარების შესახებ, ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილები, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების მიწოდების შემდეგაც მომჩივნის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ახალი მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონულ ფოსტაზე.
აუდიტის დეპარტამენტი 24.04.2023 წლის №"-------" წერილით განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ითხოვა შემმოწმებლების მიერ შერჩეულ წლებში გამოეგზავნა სასწორის საფასურის, პარკირების საფასურის, ტრანზიტის, თურქეთის დაზღვევის, გზათსარგებლობის, საზღვარგარეთ საწვავზე გაწეული და მივლინების ხარჯების დოკუმენტები ვინაიდან იყო დიდი მოცულობის. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, დაახლოებით 19-20 დეკემბრის სატელეფონო საუბრისას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტები და ვერ წარადგენდა. აღნიშნულზე შედგენილ იქნა 21.12.2022 წლის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაგზავნილ იქნა შემმოწმებლისათვის და დამატებით რაიმე დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენას ვეღარ შესძლებდა.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, არ იკვეთება, შემმოწმებლის მიერ შერჩეულ წლებზე მოთხოვნილ თუ რა სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებულ რა ინფორმაციას ფლობდა მომჩივანი, რომლის წარდგენაც არ მოხდა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3855 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ოქმის შედგენას ,თვლის ,რომ ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე არის შედგენილი.
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დაინშნა. გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი წერილით მოთხოვნილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
აღნიშნული წერილი მომჩივანს ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 30 ნოემბერს. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
70(1 „ა“),43-(1 „დ“),279(1)