ბრძანება N 25959
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25959
11 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------)
2026 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 28 ოქტომბრის №105304/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 ოქტომბრის №002-161 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივლისის №17388 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 5 ოქტომბრის №21805 ბრძანება და ამავე თარიღის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 7 162 ლარი:
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 4 270
ჯარიმა - 2 135
საურავი - 757
საკითხი N1.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 9 მარტს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია -----ი. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დასუფთავების საქმიანობები, კერძოდ, მავნებლების პრევენცია. საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 224 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი 4 270 ლარის ოდენობით. 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 309-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმებას. აცხადებს, რომ საკითხი ეხება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორეს. აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის გასულია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B/(C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენდა 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენდა 225 224 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა, 4 270 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ დაექვემდებარა შემცირებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, განხორციელებული ოპერაციის შემდგომ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შპს „---ს“ მოგების გადასახადი ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის სექტემბერში, შემოწმების პროცესში ჩასათვლელი მოგების გამოსათვლელ ფორმულაში დაკორექტირდა მონაცემები და დადგინდა, რომ მოცემულ თვეში ჩასათვლელი თანხა უნდა შემცირებულიყო 0 ლარამდე. ამდენად, შემოწმება განმარტავს, რომ მოცემული პერიოდი ექცევა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ 3 წლიან ხანდაზმულობის ვადაში.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების, გადასახადის თანხის დარიცხვის და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, შესაბამისად, 2025 წლის სექტემბერში ჩათვლილი მოგების გადასახადის შემოწმება და არასწორად ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
საკითხი N2.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს, შეფარდებული სანქციიგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა
აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17388 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №21805 ბრძანება და №002-161 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტი მიხედვით დგინდება,რომ საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 224 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი 4 270 ლარის ოდენობით. 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 309-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(1.5); 8(12.43); 97(1 „ა“); 981(1); 269(7); 309( 92.93);
ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შემდგეგ ნორმას: 601;