გადაწყვეტილება №22235/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2024
№ დოკუმენტი 22235/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22235/2/2024

03 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 13.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22235/2/2024).

 

დავის საგანი:

გამოსაქვითი ხარჯის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების, საპროცენტო ხარჯის, რემონტის ხარჯის და სხვა გამოქვითვების) შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №31056 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №054-11 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2081 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 740.2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 30 496.75

დღგ - 25 112

საშემოსავლო გადასახადი - 5 384.75

ჯარიმა - 10 814

საურავი - 4 429.45

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა ----ში (ფიზიკური პირის სიტყვიერი განმარტებით სინამდვილეში მისი სახელით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა ---- (პ/ნ ---), რასაც ასევე ადასტურებს ----). 2022 წლის საანგარიშო პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშების, 6.09.2022 წლის №23048 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრის და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №22160 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი: 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გამოქვითულია 194 235 ლარის ოდენობით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 190 982 ლარის ღირებულების საქონელი (შემოწმების მონაცემებით დადგენილია 189 686 ლარი, რომელშიც არ აისახა შემოწმებით ჩათვლილი დღგ, რომელიც არ ექვემდებარება გამოქვითვას). 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გამოქვითულია 6 540 ლარის ოდენობით საპროცენტო ხარჯი. ხარჯის დასადასტურებლად წარდგენილია 25.06.2021 წელს სს ---თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (43 200 ლარი), რომლის მიხედვით კრედიტის მიზნობრიობა არის ძირითადი საშუალების ფინანსირება (სს ---- ბანკის სალიზინგო ვალდებულების დაფარვა). ასევე წარდგენილია 25.12.2019 წლის სს ---თან გაფორმებული ავტო სესხის ხელშეკრულება (13 000 ლარი). აღნიშნული სესხით შეძენილია ავტომობილი. სესხის გრაფიკით 2022 წელს გადასახდელი პროცენტი შეადგენს 6 250 ლარს. რემონტის ხარჯის დასადასტურებლად წარდგენილია ----სთან 20.04.2022 წელს გაფორმებული 1 770 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვის აქტი (სამღებრო სამუშაო, ჭერზე პლასტიკატის აკვრა, იატაკის მოპირკეთება), ---თან 7.05.2022 წელს გაფორმებული 4 880 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების შესყიდვის აქტი და 10.05.2022 წელს ----თან გაფორმებული 2 200 ლარის ღირებულების კარების და ვიტრაჟის შესყიდვის აქტი. სულ აღნიშნული შესყიდვის აქტებში ასახული თანხა ჯამში შეადგენს 8 850 ლარს, რაც 3 970 ლარით აღემატება გამოქვითულ თანხას. სხვა გამოქვითვების დასადასტურებლად წარდგენილია 5.06.2022 წელს -----თან გაფორმებული 1 800 ლარის ღირებულების 2 ცალი საყინულე მაცივრის შესყიდვის აქტი, 5.05.2022 წელს ----თან გაფორმებული 1 800 ლარის ღირებულების წვენების მაცივრის შესყიდვის აქტი, 18.06.2022 წელს ----თან გაფორმებული 2 000 ლარის ღირებულების დახლ-მაგიდების შესყიდვის აქტი, 22.06.2022 წელს ----სთან გაფორმებული 1 500 ლარის ღირებულების კონდიციონერის შესყიდვის აქტი, 15.06.2022 წელს ----სთან გაფორმებული 2 000 ლარის ღირებულების დახლ-მაცივრის შესყიდვის აქტი. სულ აღნიშნული შესყიდვის აქტებში ასახული თანხის ჯამი შეადგენს 9 100 ლარს, რაც 8 700 ლარით ნაკლებია გამოქვითულ თანხაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კორექტირებას დაექვემდებარა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, საპროცენტო ხარჯი, რემონტის ხარჯი და სხვა გამოქვითვების თანხა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №31056 ბრძანება და ამავე თარიღის №054-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.02.2024 წლის №2081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილებზე, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტების შინაარსიდან ირკვევა, რომ 14.09.2023 წელს გადასახადის გადამხდელს ელ. ფოსტაზე გაეგზავნა წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალი. ელ. წერილით, სხვა მონაცემებთან ერთად მოთხოვნილი იყო 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული ხარჯების გაშიფვრა და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. 26.10.2023 წელს გადასახადის გადამხდელისგან ელ. ფოსტის საშუალებით მოთხოვნილ იქნა სესხის ხელშეკრულება და აღნიშნული სესხის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ ელ. ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა სს --- ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და სს --- ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. სს --- ბანკთან გაფორმებულია სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალება იყო მსუბუქი ავტომობილი (-----). სს--- ბანკთან გაფორმებულია ბიზნეს სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის მიზნობრიობა არის ძირითადი საშუალებების ფინანსირება. სესხის დამატებითი პირობებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა დაეფარა სს --- ბანკის და სს ---ს ბანკის სასესხო ვალდებულებები (სს ---ს ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ იქნა წარდგენილი). სს --- ბანკის მიერ დამტკიცებული კრედიტის ათვისება განხორციელდა 8.07.2021 წელს საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის გაზით. წარდგენილი დოკუმენტებით ათვისებული კრედიტის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

---- ში წლები ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ჰქონდა სურსათის მაღაზია, სადაც ახდენდა საკვები პროდუქტების რეალიზაციას, საქმიანობისთვის დასჭირდა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონების შეძენა, მათ შორის იყო სატრანსპორტო საშულება. ასევე, ბიზნესის განვითარების მიზნით აიღო კრედიტი, რომლის ნაწილითაც შეიძინა ავტომობილი, ხოლო ნაწილი მოხმარდა ბიზნესის განვითარებას. ავტომობილს ძირითადად იყენებდა მის მაღაზიაში პროდუქტის მოსატანად, რომელსაც ყიდულობდა ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა ---- და ა.შ.

შემოწმების დროს არც სესხი და არც ავტომანქანის შესაძენად გამოტანილი კრედიტი არ ჩაუთვალეს ხარჯში, რის გამოც დღეს სახეზეა სადავოდ გამხდარი აქტები, რომლითაც დაეკისრა ჯამში 46 509,45 ლარის გადახდა. სადავო აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, ასევე წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი არ გაათავისუფლა უსაფუძვლოდ დაკისრებული თანხებისგან. ითხოვს, სადავო აქტის გაუქმებას და დაკისრებული თანხებისგან გათავისუფლებას, გამომდინარე იქედან რომ ნებისმიერი საქმიანობისთვის საჭიროა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მოძრავი თუ უძრავი ქონებები და რაც მთავარია ფულადი სახსრები, გამონაკლისი არც განსახილველი შემთხვევაა. სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით მეწარმემ საბანკო დაწესებულებიდან აიღო კრედიტი, რომლის გარკვეული ნაწილიც გამოყენებული იქნა სხვადასხვა სასაქონლო აქტივების შესაძენად ასევე, სარეალიზაციო პროდუქციის შესაძენად, ხოლო გარკვეული ნაწილით შეძენილია სატრანსპორტო საშუალება. გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული კრედიტი რატომ არ გაითვალისწინა ხარჯში და რატომ არ გამოაკლო დასაბეგრ თანხებს ის ხარჯი, რომელსაც იხდიდა საბანკო პროცენტის სახით. მითუმეტეს სასესხო განაცხადში მიზნობრიობა მითითებული იყო ბიზნესის განვითარება. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნებს, რაც მათი ბათილობის/გაუქმების საფუძველია, ასევე ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომ − სდ) არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება:

ა) ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას;

ბ) საქონლის მიწოდებისას;

გ) მომსახურების გაწევისას.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქმიანობისთვის დასჭირდა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონების შეძენა, მათ შორის სატრანსპორტო საშულების. ასევე ბიზნესის განვითარების მიზნით აიღო კრედიტი, რომლის ნაწილითაც შეიძინა ავტომობილი, ხოლო ნაწილი მოხმარდა ბიზნესის განვითარებას. შემოწმების დროს არც სესხი და არც ავტომანქანის შესაძენად გამოტანილი კრედიტი არ ჩაუთვალეს ხარჯში. ითხოვს, სადავო აქტის გაუქმებას და დაკისრებული თანხებისგან გათავისუფლებას, გამომდინარე იქედან რომ ნებისმიერი საქმიანობისთვის საჭიროა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მოძრავი თუ უძრავი ქონება და რაც მთავარია ფულადი სახსრები. მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 19.02.2024 წლის №14833-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, 14.09.2023 წელს გადასახადის გადამხდელს ელ. ფოსტაზე გაეგზავნა წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალი. წერილით, სხვა მონაცემებთან ერთად მოთხოვნილი იყო 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული ხარჯების გაშიფვრა და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

26.10.2023 წელს გადასახადის გადამხდელისგან ელ. ფოსტის საშუალებით მოთხოვნილ იქნა სესხის ხელშეკრულება და აღნიშნული სესხის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ ელ. ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა სს --- ბანკთან და სს --- ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები.

- სს --- ბანკთან 25.12.2019 წელს გაფორმებულია სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება (13 000 ლარზე), რომლის უზრუნველყოფის საშუალება იყო მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება ---).

- სს--- ბანკთან 25.06.2021 წელს გაფორმებულია ბიზნეს სესხის ხელშეკრულება (43 700 ლარზე), რომლის მიხედვით კრედიტის მიზნობრიობა იყო ძირითადი საშუალებების ფინანსირება (სს --- ბანკში სალიზინგო ვალდებულების დაფარვა).

სესხის დამატებითი პირობებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა დაეფარა სს ---- ბანკის და სს ---ს ბანკის სასესხო ვალდებულებები (სს ----ს ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ იქნა წარდგენილი).

- სს ---- ბანკის მიერ დამტკიცებული კრედიტის ათვისება განხორციელდა 8.07.2021 წელს საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის გზით. აღსანიშნია, რომ აღნიშნული ავტომობილი (----) 16.01.2016 წლიდან 15.01.2019 წლამდე პერიოდში რეგისტრირებული იყო ----ის (პ/ნ ----) სახელზე, 15.01.2019 წლიდან 11.08.2021 წლამდე პერიოდში ----ს სახელზე, ხოლო 11.08.2021 წლიდან მოხსნილია რეგისტრაციიდან.

ამდენად, სს ---- ბანკთან 25.12.2019 წელს სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, რომლის უზრუნველყოფის საშუალება იყო მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, ---- უკვე ფლობდა აღნიშნულ ავტომობილს 15.01.2019 წლიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტი რომ ბიზნესის განვითარების მიზნით აიღო ხსენებული კრედიტი, რომლის ნაწილითაც შეიძინა ავტომობილი, ხოლო ნაწილი მოხმარდა ბიზნესის განვითარებას, დაუსაბუთებელია. წარდგენილი დოკუმენტებით ათვისებული კრედიტის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ასევე, არ დასტურდება (გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში არ არის მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გამოსაქვითი ხარჯის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების, საპროცენტო ხარჯის, რემონტის ხარჯის და სხვა გამოქვითვების) შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2022 წლის საანგარიშო პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშების, 6.09.2022 წლის №23048 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრის და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის 22160 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. კორექტირებას დაექვემდებარა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, საპროცენტო ხარჯი, რემონტის ხარჯი და სხვა გამოქვითვების თანხა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 106 (ა).