გადაწყვეტილება №22612/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22612/2/2024
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22612/2/2024).
დავის საგანი:
კორექტირებული საინკასო დავალებების წარდგენა და ჩამოწერილი თანხის დაბრუნება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.05.2019 წლის №011-2019-340338 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 12.01.2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 37 369.47 ლარი, ჯარიმა 76 368.52 ლარი და საურავი 10 254.84 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა 12.01.2016 წლის №022-2016-006694 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოწერილ იქნა 14.62 ლარი.
28.11.2017 წელს, საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა კორექტირებული საინკასო დავალება №011-2017-249825, რომლის საფუძველზე ჩამოწერილ იქნა 300 ლარი, ხოლო 23.05.2019 წლის №011-2019-340338 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე 9.01.2024 წელს ჩამოწერილ იქნა 500 ლარი.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-6 ნაწილზე, 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 23.05.2019 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება და კორექტირებული საინკასო დავალებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა ჩამოაჭრა 500 ლარი, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარება. შემოსავლების სამსახურში შეიტანა საჩივარი, მაგრამ ბავშვისთვის ერთჯერადი თანხა მიითვისეს. ითხოვს თანხის დაბრუნებას. ითხოვს ერთჯერადი ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ჩამოაჭრა 500 ლარი, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარება და ითხოვს დაუბრუნდეს ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება 500 ლარი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილია, რომ მომჩივანს 23.05.2019 წლის №011-2019-340338 კორექტირებული საინკასო დავალებით საბანკო ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა - 500 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცბული ინსტრუქციის 57-ე მუხლის 21 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) საინკასო დავალება არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საინკასო დავალება გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.
ასევე საგულისხმოა, „საინკასო დავალებისა და ყადაღის საბანკო ანგარიშებზე არ გავრცელების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 26.08.2015 წლის №32370 ბრძანების პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალება და ყადაღა არ უნდა გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილუბლ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საინკასო დავალებების საფუძველზე მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ხსენებული ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. აღნიშნული მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს კორექტირებული საინკასო დავალებების წარდგენა და ჩამოწერილი თანხის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საინკასო დავალებების საფუძველზე მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნული მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.03.2024 წლის №4955 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243