ბრძანება N 16857
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16857
24 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------,-------)
2026 წლის 6 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 6 ივლისის №103275/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №007-151 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წელს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა იყო ფიქტიური (მიმდინარეობს გამოძიება), ამდენად, შემოწმებით დარიცხული თანხა არასწორია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ფიქტიურ ანგარიშ-ფაქტურაზე განხორციელებული დარიცხვის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №7394 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 ივნისის №13355 ბრძანება და ამავე თარიღის №007-151 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 844 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 898 ლარი, ჯარიმა 20 449 ლარი, საურავი 497 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------) დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 2022 წლის 3 ნოემბრიდან. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების მიწოდება. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების ადგილია შპს „-------“ (სნ -------) იჯარით აღებული ფართი, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: -------, ------- (საკადასტრო კოდი: -------). სასტუმროში განთავსებულია 14 ნომერი, რომლის დღიური ღირებულება, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, შეადგენს 60 ლარს. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროს მომსახურების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი უფიქსირდება (პოს ტერმინალი, სალარო აპარატი, საბანკო ამონაწერი) 2023 წლის იანვრიდან და წყდება ამავე წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, თუმცა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს მხოლოდ ერთი ელ. ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ასევე არ არის წარდგენილი შესაბამისი პერიოდის დეკლარაციით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების მიერ პოს. ტერმინალის, სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის და ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვა. შპს „-------“ (ს/ნ -------) დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროს მომსახურების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი (პოს ტერმინალი, სალარო აპარატი, საბანკო ამონაწერი) უფიქსირდება 2023 წლის იანვრიდან 2026 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდამდე, თუმცა, აღნიშნულ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს მხოლოდ ერთი ელ. ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ასევე არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების მიერ პოს. ტერმინალის, სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის და ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების მიწოდება. სასტუმროში განთავსებულია 14 ნომერი, რომლის დღიური ღირებულება, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, შეადგენს 60 ლარს. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროს მომსახურების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი უფიქსირდება (პოს ტერმინალი, სალარო აპარატი, საბანკო ამონაწერი) 2023 წლის იანვრიდან და წყდება ამავე წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, თუმცა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს მხოლოდ ერთი ელ. ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ასევე არ არის წარდგენილი შესაბამისი პერიოდის დეკლარაციით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების მიერ პოს. ტერმინალის, სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის და ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)