ბრძანება N 22025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22025
06 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 9 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 თებერვლის (ოქმი №16), 13 მარტისა (ოქმი №23) და 23 სექტემბრის (ოქმი №86) სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №100664/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №26/16-2026-16 ბრძანებას საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სადავო ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 27 დეკემბრის №25/259 საგადასახადო შეთანხმების მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, გაუქმდა შპს „-------“ და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ სახეზეა ვალდებულების ფაქტობრივი შესრულება შემდეგ გარემოებათა გამო: 2025 წლის 29 ივლისის მომართვის (ID:-------) პერიოდისთვის, კომპანიის ჯამური საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 2 051 971 ლარს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის №1972 განკარგულებით მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა კომპანიის მიერ 605 000 ლარის გადახდის პირობით. განცხადების რეგისტრაციიდან შეთანხმების ფორმალიზებამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპანიის ანგარიშიდან და აქტივებიდან ამოღებულ იქნა იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ამას საგადასახადო შეთანხმება ითვალისწინებდა. კერძოდ, იძულებითი აღსრულების ღონისძიებებით 2025 წლის 26 აგვისტოსა და 2025 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა ქონების მიქცევა, ჯამში 605 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში კომპანიის ბარათზე აისახა კიდევ 308 307 ლარის ოდენობის გადახდა (მათ შორის დღგ-ის ზედმეტობისა და საბანკო გადარიცხვების გზით). ჯამურმა გადახდილმა თანხამ შეადგინა 913 307 ლარი. ფინანსური თვალსაზრისით კომპანიამ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ფინანსური ტვირთი გადაფარა 150%-ით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს ვალდებულების ჯეროვან შესრულებად.
გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული მცირე უძრავი ქონება, რომელზეც შესაძლოა გავრცელდეს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რეალურად გასხვისებულია კეთილსინდისიერ მყიდველებზე (მობინადრეებზე), ჯერ კიდევ საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე. აღნიშნულ ტრანზაქციებზე არსებობს სრულყოფილი დოკუმენტური მტკიცებულებები: ნასყიდობისა და წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებები; საბანკო გადარიცხვის ქვითრები და სალაროს ჩეკები; შესაბამისი საგადასახადო დეკლარირება. კორპუსი ექსპლუატაციაში დროულად შევიდა და ბინები მოსახლეობას ფაქტობრივ მფლობელობაში ჩაბარდა, თუმცა არსებული ყადაღის გამო ვერ ხერხდება მათი საკუთრებაში რეგისტრაცია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ქონების რეალიზაცია გამოიწვევს არა გადამხდელის, არამედ მესამე პირების (მობინადრეების) საკუთრების უფლების ხელყოფას.
მომჩივნის განმარტებით, შპს „-------” მიერ 100%-ით არის დაფარული საგადასახადო დავალიანების ძირითადი თანხა, ხოლო დარიცხული ჯარიმა-საურავების გადახდილი წილი აჭარბებს 50%-ს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს ბიუჯეტში უკვე მობილიზებული 913 307 ლარი ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულებად და გაუქმდეს (ჩამოიწეროს) დარჩენილი ჯარიმა-საურავები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომპანიის იძულებითი ბანკროტობა და კეთილსინდისიერი მობინადრეების გამოსახლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ,შპს „-------” (ს/ნ -------) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის №1972 განკარგულების საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2025 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი №25/259, 2025 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე (2 051 971.42 ლარი), შემდეგი პირობებით:
„3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 605 000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 405 000 ლარი - 3 დღეში, 200 000 ლარი - 90 დღეში;
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 28 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 605 000 ლარით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, პირველი გადახდა უნდა შესრულებულიყო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 3 დღეში (2025 წლის 30 დეკემბერი).
მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, (პირველი გადახდა) 405 000 ლარი უნდა გადაეხადა 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მითითებულ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2026 წლის 29 იანვრის №26/16-2026-16 ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ძალადაკარგულად ჩაითვალა მხარეებს შორის გაფორმებული 2025 წლის 27 დეკემბრის №25/259 საგადასახდო შეთანხმების აქტი და საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „-------“ (ს/ნ -------) დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%, 9 669.209 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2025 წლის 24 სექტემბერს და 29 ოქტომბერს ფიქსირდება დავალიანების შემცირება ჯამში 605 000 ლარით (შემცირებულია დასკვნით (მიქცევა), დასკვნა №84188-21-11, 2025 წლის 23 სექტემბრის განკარგულება A24276054-036/002 და დასკვნა №95359-21-11, 2025 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება A24276054- 036/006). ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანის თარიღიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 308 307.91 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ №275 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის/მოსაკრებლის თანხების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, მესამე პირის მიერ ბიუჯეტში/მოსაკრებლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პირველი გადახდა - 405 000 ლარი უნდა გადაეხადა 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მითითებულ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2026 წლის 29 იანვრის №26/16-2026-16 ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2025 წლის 24 სექტემბერს და 29 ოქტომბერს ფიქსირდება დავალიანების შემცირება ჯამში 605 000 ლარით (შემცირებულია დასკვნით (მიქცევა), დასკვნა №84188-21-11, 2025 წლის 23 სექტემბრის განკარგულება A24276054-036/002 და დასკვნა №95359-21-11, 2025 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება A24276054-036/006). ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანის თარიღიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 308 307.91 ლარი.
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ №275 დადგენილების მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის/მოსაკრებლის თანხების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, მესამე პირის მიერ ბიუჯეტში/მოსაკრებლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების პირობები შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან არ აკმაყოფილებს „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს ბიუჯეტში უკვე მობილიზებული თანხა ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულებად და გაუქმდეს (ჩამოიწეროს) დარჩენილი ჯარიმა-საურავები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი 2025 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე.
გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ძალადაკარგულად ჩაითვალა მხარეებს შორის გაფორმებული საგადასახდო შეთანხმების აქტი და საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293(3, 6)