ბრძანება N 5174

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 5174
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5174

17.03.2023

--------------ის (პ/ნ ---------------)

(მის.: ------------------------------)

2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა --------------ის (პ/ნ ---------------) №78973/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 24 იანვრის №----/----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (დღგ - 858,73 ლარი).

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ყავის აპარატი გამოგზავნილია სანქტ-პეტერბურგიდან და მისი მოსაზრებით საქონლის შეფასება და დარიცხული იმპორტის გადასახდელი არ არის მართებული, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ არის სამეწარმეო სუბიექტი და არ ახორციელებს კომერციულ საქმიანობას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის - ნოემბერს, საფოსტო გადამზიდავის – შპს „-------------ის“ (ს/ნ --------) მიერ განხორციელდა --------------ის (პ/ნ ---------------) კუთვნილი №---------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება.

2023 წლის 11 იანვარს, ---------------------- №3610/21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 12 იანვრის №----/2023 დასკვნის მიხედვით, №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (მ/მ ყავის აპარატი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 800 აშშ დოლარი.

2023 წლის - იანვარს საფოსტო გადამზიდავი – შპს „----------ის“ მიერ (ს/ნ -----) ექსპერტიზის №----/2023 დასკვნის საფუძველზე დარეგისტრირდა №----/----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომლითაც --------ეს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 858,73 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონელი გაშვებულ იქნა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს --------------- დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ- ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდავი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შევსებისას გადამზიდავი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე საკანონმდებლო აქტის 43-ე მუხლის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მიხეილ --------------ის (პ/ნ ---------------) განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა მისი კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება, რის შემდეგ საქონლის (მ/მ ყავის აპარატი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 800 აშშ დოლარი. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.

ვინაიდან, საქონლის (მ/მ ყავის აპარატი – 1 ცალი) ღირებულება ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით წარმოადგენს 1 800 აშშ დოლარს, არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და დარეგისტრირდა №----/---- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც იმპორტის გადასახდელის სახით მომჩივანს დაერიცხა დღგ – 858,73 ლარის ოდენობით. ამასთან, №---/---- (24.01.2023) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში (საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. --------------------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავი კომპანიის მიერ განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება.

მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (მ/მ ყავის აპარატი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 800 აშშ დოლარი.

საფოსტო გადამზიდავი კომპანიის მიერ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 858,73 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონელი გაშვებულ იქნა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 60 (4); 199( „დ.ვ“); 302(2.6); 309(132);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37; 43;

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი;