გადაწყვეტილება №23649/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.10.2024
№ დოკუმენტი 23649/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23649/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 5.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23649/2/2024).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

181 323 ლარი. მათ შორის:

გადასახადი - 107 215

დღგ - 51 742

მოგების გადასახადი - 48 332

საშემოსავლო გადასახადი - 7 141

ჯარიმა - 51 846

საურავი - 22 262

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2954 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 3 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, მომჩივანი 2024 წლის 26 მარტის №188670 ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა 400 ლარით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13236 ბრძანება და 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 181 323 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 72-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 105- ე, 102-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებთან მიმართებით, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების და გადახდის ქვითრების ნაწილში, შემოწმების პროცესში დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა, ვინაიდან ყველა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გათვალისწინებული იყო შემოწმების ფარგლებში. ასევე, გაუგებარია გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიცია დამფუძნებლის მიერ სესხის შემოტანასა და დაფარვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საბანკო ამონაწერებით დასტურდება სხვადასხვა მეწარმეებზე თანხის გადახდა. აღნიშნულ ტრანზაქციებზე შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დოკუმენტები. შესაბამისად, ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია მომსახურების თანხების გადარიცხვის ნაწილში, არის უკანონო, ვინაიდან მომჩივნის მიერ თანხების გადარიცხვა ხორციელდებოდა მეწარმეებზე, რომლის დოკუმენტაციაც მოცემულია rs-ზე, ხოლო მეორეს მხრივ დაცულია კომპანიაში, რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ მოთხოვნისთანავე.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის გადარიცხული თანხების ნაწილში. ასევე, ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე, თანხის გადარიცხვები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამდასტურებელი დოკუმენტები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მომჩივანმა შემოწმების პროცესში თავდაპირველად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რისთვისაც დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. შემდგომ კომპანიამ წარადგინა დოკუმენტების ნაწილი, რაც გათვალისწინებული იქნა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარს თან არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-ა); 154;