გადაწყვეტილება №23063/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 31.07.2024
№ დოკუმენტი 23063/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23063/2/2024

31 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23063/2/2024).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტ პირზე გადახდილი ავანსის თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33761 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-694 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15830 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 459 822.14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 906 500

დღგ - 37 555

მოგების გადასახადი - 1 868 945

ჯარიმა - 958 580

საურავი - 594 742.14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მობილური ტელეფონების შეძენა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2021 წლის №21682 და 16.09.2021 წლის №29026 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.05.2020 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33761 ბრძანება და ამავე თარიღის №006-694 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2023 წლის №15830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №64802-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებიდან დადგენილია, რომ სადავო აქტს მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (4.07.2023 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15830 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 11.08.2023 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 31.08.2023 წელს.

ამასთან, მომჩივანი სადავო დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.04.2024 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15830 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 20.09.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 13.05.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

სატელეფონო საუბრისას მომჩივნის წარმომადგენელს ეცნობა აღნიშნულზე, რომელმაც განმარტა, რომ სადავო დოკუმენტს გაეცნო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, საიდანაც უნდა მოხდეს ვადის ათვლა.

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს არარეზიდენტ პირზე გადახდილი ავანსის თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მობილური ტელეფონების შეძენა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 4.07.2023 წლის №15830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)