ბრძანება N 2432

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2025
№ დოკუმენტი 2432
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 2432

12 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ ---------) №5205/21-11 და N9939/21-11 საჩივრები, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის

№21-11/77510, 27 ნოემბრის №21-11/87927 და 25 დეკემბრის №21-11/94953 გადაწყვეტილებებს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ -------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აღიარებით ბრალზე და შეთანხმებით სასჯელზე. ამავე განაჩენით დამტკიცდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრათ 404 143.2 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა 2007 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 28 აპრილის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა და ამ მხრივ აღიარებითი ბრალი. სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის გადასახდელი 404 143.2 ლარიდან გადახდილია 240 000 ლარი.

-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ივნისის განაჩენი - დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება და --------- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი - დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება სრულად ადასტურებს, რომ 404 143.2 ლარი წარმოადგენს გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებს და მისი გადახდა გადამხდელს დაეკისრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

აღნიშნული დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით გადამხდელმა რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, თუმცა მომსახურების დეპარტამენტმა გადამხდელს დავალიანების ჩამოწერაზე უთხრა უარი, რაც მისთვის სრულიად გაუგებარია. საბოლოოდ დგინდება, რომ შემოსავლების სამსახური უარს აცხადებს, ჩამოაწეროს გადასახდელად დარჩენილი თანხა, იმ უმთავრესი მოტივით, რომ დავალიანება ასახული არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის უარს და ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ 2024 წლის 7 ოქტომბრის №1------- განცხადებით ფ/პ -------- (პ/ნ ---------) მიმართა საგადასახადო ორგანოს, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოწერას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით ჩამოწერას დაექვემდებარა ფ/პ -------- (პ/ნ --------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და თანხის ჩამოწერამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დასკვნა №-------- 16.10.2024 წ.), კერძოდ, გადასახადი 49.73 ლარი და საურავი 93.11 ლარი. ხოლო განცხადებაში ხსენებულ, სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით განემარტა, რომ აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა 2024 წლის 17 ოქტომბრის №----------, 27 ნოემბრის №----------- და 25 დეკემბრის №--------- წერილებით (გაცნობის თარიღი შესაბამისად: 11.11.2024წ, 02.12.2024წ .და 26.12.2024წ.).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ -------- (პ/ნ --------) 2025 წლის 31იანვრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 51.96 ლარი. მათ შორის, გადასახადი 40 ლარი და საურავი 12.13 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერა ეხება საგადასახადო დავალიანებას. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით ჩამოწერას დაექვემდებარა ფ/პ ------- (პ/ნ --------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული, 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და თანხის ჩამოწერამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დასკვნა №-------- წ.). ხოლო განცხადებაში ხსენებულ, სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით პირს განემარტა, რომ აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის უარს და ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფ/პ-მა მიმართა საგადასახადო ორგანოს, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხების ჩამოწერას.

აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, ჩამოწერა ვერ განხორციელდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2025 წლის 31იანვრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 51.96 ლარი. მათ შორის, გადასახადი 40 ლარი და საურავი 12.13 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(23);309(37);