ბრძანება N 32331

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.10.2020
№ დოკუმენტი 32331
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32331

29/10/2020

შპს ---------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს ----- ს №50006/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 09 დეკემბრის №049-22 საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლისთვის გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას, რადგან თანხის გადახდა დაკავშირებულია აქტივის შეძენასთან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს №41983-22928 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 03 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა №42630 ბრძანება და №049-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 276794 ლარი, მათ შორის გადასახადი 141007 ლარი, ჯარიმა 75738 ლარი, საურავი 60049 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს დამფუძნებლისთვის 2016 წლის აპრილის თვეში გადარიცხული აქვს 457 498.50 ლარი, ხოლო 2017 წლის მარტში 11 759 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა ინფორმაცია წარმოდგენილი, შესაბამისად, დამფუძნებელზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა უპროცენტო სესხად და დარიცხული სარგებელი საბაზრო განაკვეთით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მხიედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ უპროცენტო სესხად არ არის ჩათვლილი თანხის ის ნაწილი, რომლითაც საწარმომ დადგენილი წესით, დარეგისტრირებული ხელშეკრულების საფუძველზე აქტივი შეიძინა. ამასთან, გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამფუძნებელზე გაცემული თანხების უპროცენტო სესხად მიჩნევა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლისთვის გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას, რადგან თანხის გადახდა დაკავშირებულია აქტივის შეძენასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს დამფუძნებლისთვის 2016 წლის აპრილის თვეში გადარიცხული აქვს 457498.50 ლარი, ხოლო 2017 წლის მარტში 11 759 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა ინფორმაცია წარმოდგენილი, შესაბამისად, დამფუძნებელზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა უპროცენტო სესხად და დარიცხული სარგებელი საბაზრო განაკვეთით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

დგინდება, რომ უპროცენტო სესხად არ არის ჩათვლილი თანხის ის ნაწილი, რომლითაც საწარმომ ხელშეკრულების საფუძველზე აქტივი შეიძინა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამფუძნებელზე გაცემული თანხების უპროცენტო სესხად მიჩნევა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 982(3,,ზ“); 982(8); 101(1); 101(2,,ბ“); 154(1,,ა“)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანება