გადაწყვეტილება №22144/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 22144/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22144/2/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----------- 1.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22144/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.09.2023 წლის №23395 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №081-303 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.01.2024 წლის №500 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 78 346,09 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 70 781

საურავი - 7 565,09

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება, ქ.----------- 2020-2021 წლებში საზოგადოებას საქმიანობა არ განუხორციელებია.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების საკუთრებაშია 5 ერთეული ფართი, რომელთან დაკავშირებითაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება 30.12.2019 წლის მდგომარეობით, რომელზეც გამოიცა 3.02.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნა № ----------- . ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულისგან, შემოწმების მიერ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი 70 781 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №081-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.06.2023 წლის №19815/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10808 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 22.06.2023 წლის №19815/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 25.09.2023 წლის №23395 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19815/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2023 წლის №23395 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ სს ----------- საგადასახადო შემოწმების ბრძანების საფუძველია ----------- პროკურატურის 6.07.2022 წლის №-----------(შემოსვლის№ ----------- ) წერილი და დადგენილება. საგამოძიებო სამსახურის 5.07.2022 წლის № ----------- წერილი (შემოსვლის № ----------- ) და დადგენილება. საგამოძიებო ორგანომ კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა არ მიიჩნია სარწმუნოდ და მათივე მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება, რომელზეც გამოიცა 7.02.2023 წლის ექსპერტიზის № ----------- დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდებოდა სს ----------- მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით იხელმძღვანელა შემოწმებამ. დასკვნაზე, რომლითაც იხელმძღვანელა გადამხდელმა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები.

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №081-303 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.01.2024 წლის №500 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოსცა დასკვნა, რომლიდანაც დგინდება, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული დასკვნა საგამოძიებო ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა არასარწმუნოდ, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურმა ქონების შეფასების მოთხოვნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. ექსპერტიზის ბიუროს მიერ უძრავი ქონების შეფასების დასკვნაში შეფასებული ქონების ღირებულებები განსხვავდებოდა სს ----------- მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შემოწმებამ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას იხელმძღვანელა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები და შემმოწმებლის მიერ სადავო ოპერაციის შეფასება. უპირველესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ უთითებს სამართლებრივ ნორმებზე. უცნობია თუ რომელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიიჩნია მართებულად შემმოწმებელმა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულვებელყოფილი იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საგადასახადო შემოწმების შედეგების ანალიზი არ განხორციელებულა დავის განმხილველი ორგანოების მითითების საფუძველზე, შემოწმების შედეგები არამართლზომიერი და ურთიერთგამომრიცხავია და ექვემდებარება გაუქმებას.

კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა სამართლებრივი საფუძვლების და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულების შედეგები ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

41.საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2023 წლის №23395 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19815/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სს ----------- შემოწმების ბრძანების საფუძველია ----------- პროკურატურის 6.07.2022 წლის № ----------- (შემოსვლის №1 ----------- ) წერილი და დადგენილება და საგამოძიებო სამსახურის 5.07.2022 წლის №1 ----------- წერილი (შემოსვლის № ----------- ) და დადგენილება. საგამოძიებო ორგანომ კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა არ მიიჩნია სარწმუნოდ და მათივე მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება, რომელზეც გამოიცა 7.02.2023 წლის ექსპერტიზის № ----------- დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდებოდა სს ----------- მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით იხელმძღვანელა შემოწმებამ. დასკვნაზე, რომლითაც იხელმძღვანელა გადამხდელმა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები.

საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნაზე საგამოძიებო ორგანოში მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები. საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს მიმართვის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილია მომჩივნის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების ღირებულება საბაზრო ფასით განსაზღვრულია მართლზომიერად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.12.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, შემოსავლების სამსახურის 25.09.2023 წლის №23395 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 25.09.2023 წლის №23395 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. შესამოწმებელ პერიოდში, პირის საკუთრებაშია ხუთი ერთეული ფართი, რომელთან დაკავშირებითაც ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდება მომჩივანის მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული მონაცემებისგან. შემოწმების მიერ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნაზე საგამოძიებო ორგანოში მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

201(1);202(1,2,41);