გადაწყვეტილება №19773/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.07.2023
№ დოკუმენტი 19773/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19773/2/2023

06.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19773/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448371 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10573 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 23 490,03 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №1165 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი თვითღირებულებით 113 753,17 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით - 234 900,3 ლარი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448371 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 23 490,03 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10573 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში აგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება და მისი შემდგომი რეალიზაცია საკუთარი სადისტრიბუციო მომსახურების გაწევით. ნაწარმოები პროდუქცია წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, რომლის შენახვის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 90 დღეს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 4 000 000 ლარს.

როგორც ზემოაღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა მეწარმე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ვადაგასული ან წუნდებული საქონლის უკან დაბრუნება.

მეწარმეს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უკან დოკუმენტურად დაბრუნებული აქვს მხოლოდ 4 000 ლარის საქონელი, რეალურად კი ახორციელებდნენ ვადაგასული საქონლის გადაცვლას და ვადაგასული საქონელი იყრებოდა ისე, რომ ამის შესახებ არ ხდებოდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი პროცედურების გატარება, კერძოდ განცხადებით მიმართვა საგადასახადო ორგანოსთვის ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეს ნაწარმოები პროდუქციის 99% გაყიდული აქვს დოკუმენტური რეალიზაციით, აქედან გამომდინარე, რადგანაც ვადაგასული პროდუქციის გადაცვლა დოკუმენტურად არ იყო დადასტურებული (იგულისხმება, რომ საქონლის დაბრუნებისას არ იყო გაწერილი უკან დაბრუნების ზედნადები და სანაცვლოდ საქონლის გადაცემა კლიენტისთვის ზედნადებში არ იყო დაფიქსირებული), საწარმოს ბუღალტერიაში ვერ ხდებოდა ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ნედლეულის ნაშთი, რომელიც ფაქტიურად ჩაშვებული იყო წარმოებაში, მაგრამ არ იყო ჩამოწერილი, ვინაიდან წარმოებაში არ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად დაგროვდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნედლეულის სახით, რომელიც ვერ ჩამოიწერა და დაკვალიფიცირდა დანაკლისად საბაზრო ფასით.

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს განსაზღვრულ იქნეს დანაკარგის ნორმა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ აუდირებული მონაცემების საფუძველზე დადგენილ იქნეს კოეფიციენტი უკან დაბრუნებული საქონლის შეფარდება მთლიან მიწოდებულ საქონელთან.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - 27.04.2023 წლის №39624-21-12 წერილი სადაც მითითებულია შემდეგი:

ინვენტარიზაციის დაწყებისას საწარმოს დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. მასვე ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვესტიციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას ახდენს ბუღალტრულ პროგრამაში (თანხობრივი აღრიცხვა), შესაბამისად ბუღალტრული ნაშთი 30.01.2023 წლის მდგომარეობით დადგენილ იქნა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 148 586,27 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 34 833,11 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით - 60 600,27 ლარი. ფასნამატმა შეადგინა 75 %. ინვენტარიზაციის შედეგებზე მომჩივანს ჩაბარდა შეტყობინება აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანმა 15.03.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი განცხადება, რომ პროექტს ეთანხმება და პრეტენზია არ გააჩნია.

მომჩივანმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №1165 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი თვითღირებულებით 113 753,17 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით - 234 900,3 ლარი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448371 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 23 490,03 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10573 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1"გ"), 70(1"ა"), 8(11), 270(1), 269(1)(7), 286(9).