ბრძანება N 4995

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2026
№ დოკუმენტი 4995
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4995

06 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 2 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 2 თებერვლის №100526/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №001-323 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საიჯარო მომსახურების თანხის განსაზღვრას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად. განმარტავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იჯარის საბაზრო ფასი, არ არის გათვალისწინებული იჯარით გაცემული უძრავი ქონების სპეციფიკა. კერძოდ, აღნიშნული ფართი ვერ გამოიყენება ყველა ტიპის კომერციული საქმიანობისთვის (მისი გამოყენება უფლებრივად და ეკონომიკურად შეზღუდულია) და მისი შეფასება იმავე რაიონში იჯარით გაცემული კომერციული ფართების (მათ შორის სამედიცინო ან სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად) საიჯარო ქირების საფუძველზე იურიდულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ასევე, არ იქნა გათავლისწინებული იჯარით გაცემული ფართის მდგომარეობა (შავი კარკასი), სასარგებლო ფართების ოდენობა, ფართის სიდიდე და საიჯარო ხელშეკრულების გრძელვადიანი ხასიათი, მოიჯარის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის მიზნით, რომლის განხორციელების შესაძლებლობა თავად მეიჯარეს ქონების იჯარით გადაცემის მომენტში არ გააჩნდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8993 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №29043 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-323 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 772 474 ლარი, მათ შორის, გადასახადი 406 663 ლარი, ჯარიმა 203 332 ლარი და საურავი 162 480 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

სს „-------“ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს -------, ------- (ს/კ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. პირი მთლიანი შენობიდან ფლობს შენობა №1-დან 6 080.34 კვ.მ და შენობა №3-დან 61.79 კვ.მ ფართს. შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელს შპს „-------“ უფიქსირდება 5 915 კვ.მ-ის ფართის იჯარით გაცემა, ხოლო 2024 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს სრული ფართის (6 142 კვ.მ) იჯარით გაცემას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოველთვიურად გამოიწერება ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, იჯარის სახით გაწეული მომსახურების ღირებულება, რომელიც დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ შეადგენს 533 993 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შესაბამისად, მთლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 1 კვ.მ ფართის საიჯარო ფასი საშუალოდ შეადგენს 2 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შპს „-------“ (ს/ნ -------) წარმოადგენს სს „-------“ ურთიერთდამოკიდებულ პირს და ამასთან, შპს „-------“ ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, შესაბამისად, მისი შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარმოდგენა. შედეგად, პირის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა (№-------), სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ -------) საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით, რომელიც კორექტირდება წლების მიხედვით ვალუტის კურსიდან გამომდინარე. ამასთან, საზოგადოების განმარტებით, მოიჯარეს ქონება დროებით სარგებლობაში გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით და მასზე განხორციელებული კეთილმოწყობის (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) სამუშაოები წარმოადგენს მოიჯარის აქტივს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 18-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „-------“ გაწეული საიჯარო მომსახურება გაანგარიშებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად და განისაზღვრა 3 097 278 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების მონაცემებსა და გამოწერილ/დეკლარირებულ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის სხვაობა 2 172 275 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 26 თებერვალს 15:30 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

ულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება იჯარით ფართის გაცემა შპს „-------“. შპს „-------“ წარმოადგენს სს „-------“ ურთიერთდამოკიდებულ პირს. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარდგენა. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა №-------, სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შპს „-------“ გაწეული საიჯარო მომსახურების თანხის განსაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საიჯარო მომსახურების თანხის განსაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება იჯარით ფართის გაცემა ურთიერთდამოკიდებულ პირზე. მთლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 1 კვ.მ ფართის საიჯარო ფასი საშუალოდ შეადგენს 2 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარდგენა. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა, სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით. საზოგადოების განმარტებით, მოიჯარეს ქონება დროებით სარგებლობაში გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით და მასზე განხორციელებული კეთილმოწყობის (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) სამუშაოები წარმოადგენს მოიჯარის აქტივს. ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, გაწეული საიჯარო მომსახურება გაანგარიშებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმების მონაცემებსა და გამოწერილ/დეკლარირებულ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის სხვაობა დაექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 159; 163; 164