ბრძანება N 14598
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14598
12/06/2018
შპს -------
(მის: ქ. ---------)
სადავო საკითხთნ დაკავშირებით
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 06 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N49) განიხილა შპს ------ საჩივარი, რომლითაც ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის N35437 ბრძანების და N021-228 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილ საკითხს, კერძოდ:
საწარმოს მიერ საცხოვრებელი ბინების შიდა განვადებით რეალიზაციისას განვადების პროცენტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით;საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის № 30537 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა შპს ------ გასვლითი საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 27817 ბრძანება 2017 წლის IV კვარტლის საგადასახადო შემოწმების გეგმის დამტკიცების შესახებ, ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 16 ოქტომბრის № 125875-21 სამსახურებრივი ბარათი და აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების მეორე სამმართველოს უფროსის დ.ჯგუშიას 15.11.2017 წ. № 139318-21-14 მოხსენებითი ბარათი.
შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე, საანგარიშო პერიოდები.2017 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ------ ბიუჯეტის მიმართ დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 24 239 ლარი. მათ შორის გადასახადის ძირითად ნაწილში 16 240 ლარი და ჯარიმა 7 999 ლარი.
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ----- ში შემოწმების პროცესში მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის წინაშე ხელშეკრულებებით გაირკვა, რომ ორგანიზაცია საცხოვრებელი ბინების რეალიზაციას ახორციელებდა შიდა განვადებით (საშუალო წლიური 8-9 %). ხელშკრულებებს თან ერთვის გადახდის გრაფიკები. საზოგადოება შიდა განვადებით მიღებულ პროცენტებს განიხილავდა დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ბრუნვად და არ ბეგრავდა 18% -იანი დღგ-ს განაკვეთით. აუდიტის დეპარტამენტის სიტუაციური სახელმძღვალელოს N1116 შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნული პროცენტები განხილულ იქნა როგორც საკომპესაციო თანხების შემადგენელი ნაწილი და სსკ-ის 161-ე მუხლის ა, ბ და დ პუნქტის მიხედვით მიღებული პროცენტები ჩართულ იქნა 2017 წლის დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში, როგორც ავანსის სახით მიღებული თანხები.
საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ----- ში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული პირველადი სააღრიცხო დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ საზოგადოება მშენებლობის მიმდინარეობისას ახორციელებდა გახარჯული სმფ-ების, მიღებული მომსახურებებისა და ხელფასების კაპიტალიზებას დაუმთავრებელ მშენებლობად და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრავდა წლის ბოლოს არსებულ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს. საზოგადოება დაუმთავრებელ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს (საქონელი, ნედლეული, მომსახურება, ხელფასები) ადეკლარირებს შეძენების გრაფაში. შემოწმების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და სსკ-ის 148-ე მუხლის შესაბამისად დათვლილ იქნა ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული კაპიტალიზებადი ხარჯები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები შემოწმების მიერ დადგენილ და კომპანიის მიერ დეკლარირებულ შეძენილ სმფ-ებს შორის. შესაბამისად გაზრდილი იქნა 2014-2016 წლების გამოქვითვები ჯამში 77 606 ლარის ოდენობით.
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხელფასის სახით განაცემების ნაწილის კაპიტალიზება ხდებოდა დაუმთავრებელ მშენებლობაზე, რომელიც დეკლარირებულ მონაცემებში ხვდება საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემადგენლობაში, ხოლო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასები გამოიქვითება, როგორც მიმდინარე პერიოდის ხარჯი. შემოწმებით დადგინდა, რომ საზოგადოებას რიგ შემთხვევებში არ აქვს გამოქვითული კაპიტალიზებადი ხელფასის სახით განაცემი, თუმცა ასახული აქვს საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებში. შემოწმების შედეგად, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისზე, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ბანკებზე დაყრდნობით მოხდა კომპანიის მიერ ხელფასის სახით გაცემული თანხების გამიჯვნა, გამოყოფილ იქნა ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასები, რომელიც სსკ-ის 105 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგენს გამოსაქვით ხარჯს, ხოლო ხელფასების დარჩენილი ნაწილის დაკაპიტალიზება მოხდა ბასს-ის მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ხელფასის ხარჯს შორის. შესაბამისად შემცირებულ იქნა 2014-2016 წლების გამოქვითვები ჯამში 297 864 ლარის ოდენობით.
საზოგადოების მიერ შემოწმების პროცესში მოწოდებული ბუღალტრული პროგრამა ორისის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და ნაშთად არსებულ ძირითად საშუალებებს იქვითავდა საამორტიზაციო ანარიცხების გზით, ხოლო 1000 ლარამდე ძირითად საშუალებებს ექსპლუატაციაში შესვლის წელს. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშებებსა და ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით დაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით არსებული ამორტიზაციის ხარჯი, სსკ-ის 111-ე მუხლის მოთხოვნების შესაამისად, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები. შესაბამისად გაზრდილი იქნა 2014-2016 წლების გამოქვითვები ჯამში 3 423 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში აღებული აქვს სესხი უცხოურ ვალუტაში (დოლარი, ევრო), როგორც ბანკიდან, ასევე ფიზიკური პირებისგან. ორგანიზაცია იქვითავდა აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებულ უარყოფით საკურსო სხვაობებს, რომელსაც ითვლის როგორც სესხის ძირითადი ნაწილის, ასევე დარიცხული პროცენტების გადაფასების შედეგად. აღნიშნული სავალო ვალდებულებები დაკავშირებულია ფიზიკურ პირებთან, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, შემოწმების მიერ საკურსო სხვაობები დაანგარიშებულ იქნა სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად (გადახდილი ძირისა და პროცენტების მიხედვით). შესაბამისად შემცირებულ იქნა 2014-2016 წლების გამოქვითვები ჯამში 75 041 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ მოგების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდებოდა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები (საიჯარო, საბანკო, სარეკლამო და სხვა მომსახურებები). ერთიანი ელექტრონული ბაზების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოვლენილია სხვაობა 2014 წლის დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ გამოსაქვით სხვა ხარჯებს შორის. შესაბამისად გაზრდილი იქნა 2014 წლის გამოქვითვები ჯამში 62 ლარის ოდენობით.
კომპანია იჯარით გასცემს სამშენებლო ინვენტარს და ახორციელებს ნარჩენი სამშენებლო მასალების რეალიზაციას. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის და ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა 2015, 2016 და 2017 წლებში სხვაობები შემოწმების მიერ დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის.შემოწმების შედეგად სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სხვაობებით სალდირებულად გაზრდილ იქნა 2015-2017 წლების დღგ-ს ბრუნვები ჯამში 2 268 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს ------ უძრავი ქონების, როგორც შიდა განვადებით, ასევე განვადების გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში მყიდველებთან აფორმებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელთა შესაბამისად უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი რჩება უცვლელი.
შპს ------ კლიენტს უწევს ფინანსურ მომსახურებას განვადების სახით-აძლევს სესხს საიდანაც საწარმო იღებს საპროცენტო შემოსავალს. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს ცალკე ოპერაციებს. ამასთან საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე როგორც ფინანსური მომსახურება გათავისუფლებული უნდა იქნეს დღგ-ს დაბეგვრისაგან. ამასთან საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში შემოწმებით დამატებით დარიცხულ თანხებს მოითხოვა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად საკითხის შესწავლა (გავლა).
საბჭოს სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა მხარი დაუჭირა შემოწმების შედეგებს და განმარტა, რომ ბინების რეალიზაცია ხორციელდებოდა შიდა განვადებით რაც დასტურდება კომპანიის მიერ კლიენტებთან დადებული ხელშეკრულებებით. ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულია გადახდის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის N 1116 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და აღნიშნული პროცენტები განიხილა საკომპესაციო თანხების შემადგენელი ნაწილად და სსკ-ის 161-ე მუხლის ა.ბ.დ. პუნქტის მიხევით მიღებული პროცენტები ჩართულ იქნა 2017 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, როგორც ავანსის სახით მიღებული თანხები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია ბინების განვადებით რეალიზაციის ცალ-ცალკე ოპერაციებად განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც
1. შერეულ ოპერაციად ითვლება ისეთი ოპერაცია, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების კომბინირებულ მიწოდებას;
2. საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად;
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გაროემოებაზე, რომ საწარმომ განახორციელა საქონლის მიწოდება განვადებით და აღნიშნული გაყო საქონლის ღირებულების ძირითად ნაწილად და განვადებისათვის საპროცენტო დანამატად. დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრა მხოლოდ კომპესაციის ძირითადი ნაწილი, ხოლო განვადებისათვის კუთვნილი დანამატი მიიჩნია ფინანსურ მომსახურებისათვის გადასახდელ კომპესაციის თანხად და არ დაბეგრა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექისის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება:
ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, მიმდინარე, ანგარიშსწორების, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, საგადახდო სისტემაში ტრანსფერორდერის დამუშავება/შესრულება, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება); (25.05.2012. N6312 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
ბ) ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ფორმით და ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა;
გ) კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, ასევე ფაქტორინგი;
დ) კაპიტალში წილების, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა;
ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ემისია, მართვა (მათ შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და არაგარანტირებულ საფუძვლებზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/ განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი სამართლიანი ღირებულების დადგენა, აგრეთვე ფინანსური გირაოს გაცემა/მიღება/მართვა; (25.05.2012. N6312 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
ვ) ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგების პირობებისა და ანგარიშსწორების გარანტად (მათ შორის, მესამე მხარედ) გამოსვლა;
ზ) კორპორატიული ოპერაციები, კერძოდ, აქციების და კაპიტალში წილების დანაწევრება, კონსოლიდაცია, კაპიტალის გაზრდა/შემცირება (მათ შორის, კაპიტალის გაზრდაში მონაწილეობის უფლებების ემისია, შეძენა/გასხვისება და მიმოქცევა), ორი ან ორზე მეტი იურიდიული პირის შერწყმა/იურიდიული პირის ორ ან ორზე მეტ იურიდიულ პირად დაყოფა, ლიკვიდაცია, დივიდენდების დარიცხვასთან/აღრიცხვასთან და გადახდასთან დაკავშირებული მომსახურება (ფულადი ან კანონით დაშვებული ნებისმიერი სხვა ფორმით);
თ) დაზღვევა ან/და გადაზღვევა.
3. ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საგადასახო კოდექსის 161-ე მუხლის ა.ბ.დ. პუნქტების მიხევით შპს ------ მიერ განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა დღგ-ს დასაბეგრ ოპერაციად.
საბჭოს მიუთითებს, რომ საწარმოს საქმიანობის სფერო არის მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა მათი რეალიზაციის მიზნით, ხოლო კანონის ეს დანაწესი ვრცელდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს დამოუკიდებელ ცალკე ფინანსურ ოპერაციასა და ფინანსურ მომსახურებაზე.
საბჭო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განვადების საპროცენტო დანამატს საქონლის მიწოდების ოპერაციისადმი დამხმარე ხასიათი აქვს და მის ნაწილად განიხილება, ამასთან წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს მიღებული ან მისაღები კომპესაციის სრული თანხით. ამდენად, დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმომ არასწორად შეამცირა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის თანხა. შპს ------ მიერ ბინების განვადებით რეალიზაციისას განვადების პროცენტი საქონლის ძირითადი ღირებულების შემადგენელი ნაწილია და მისი ცალკე მომსახურებად განხილვა ირელევანტურია მოქმედ კანონმდებლობასთან. შემოწმების დროს სრულყოფილად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული აღნიშნული საკითხი, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის გავრცელების შესაძლებლობა. საჩივრის ავტორმა ამ ნაწილში ვერ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული პოზიცია, მისი არგუმენტები არ გამომდინარეობს კანონის ნორმის შინაარსიდან, რაც მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე,რომლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს,გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩაიდიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საცხოვრებელი ბინების შიდა განვადებით რეალიზაციის შედეგად მიღებული პროცენტების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განხილვის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, სსკ-ის 275-ე მუხლის გათვალისწინებით დარიცხული ჯარიმისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ------ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საცხოვრებელი ბინების შიდა განვადებით რეალიზაციის შედეგად მიღებული პროცენტების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განხილვის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, სსკ-ის 275-ე მუხლის გათვალისწინებით დარიცხული ჯარიმისაგან.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ საცხოვრებელი ბინების შიდა განვადებით რეალიზაციისას განვადების პროცენტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით: საწარმო ახორციელებს უძრავი ქონების რეალიზაციას შიდა განვადებით. განვადებიდან მიღებულ პროცენტებს განიხილავდა დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ბრუნვად და არ ბეგრავდა დღგ-ით. აუდიტის დეპარტამენტის სიტუაციური სახელმძღვალელოს N1116 შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნული პროცენტები განხილულ იქნა როგორც საკომპესაციო თანხების შემადგენელი ნაწილი და სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით მიღებული პროცენტები ჩართულ იქნა დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში, როგორც ავანსის სახით მიღებული თანხები.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ განვადების საპროცენტო დანამატი საქონლის მიწოდების ნაწილად განიხილება, ამასთან წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ამდენად შემოწმების დროს სრულყოფილად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული აღნიშნული საკითხი, მომჩივანის არგუმენტები არ გამომდინარეობს კანონის ნორმის შინაარსიდან, რაც მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 275-ე მუხლის გათვალისწინებით დარიცხული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 15; 142(4,,ა“); 148; 269(7); 275
01.01.2021 წლამდე მომქედი: 161(1); 168(2,,ა“); 177