ბრძანება N 14907

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2023
№ დოკუმენტი 14907
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14907

27.06.2023

შპს „--------” (ს/ნ --------)

(მის.: ----------)

2023 წლის 24 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „--------” (ს/ნ ------) №79900/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის №081-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწედებო კაპიტალში გადატანის გზით. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. შესაბამისად, გადამხდელისთვის გაუგებარია რა დამატებითი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა აუდიტი. მიაჩნიათ, რომ საკითხი არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. ითხოვს დარიცხული თანხების გადაანაგრიშებას.

2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს. აცხადებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწედებო კაპიტალში გადატანის გზით, რასაც ადასტურებს თავად შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში. აცხადებს, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხადაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბერილად, ხოლო ასევე ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი 2019 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ჩასათვლელი მოგების გადასახდი. მიაჩნიათ, რომ საკითხი არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27696 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №081-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „--------” (ს/ნ -------) 2022 წლის 11 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „--------” (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი, კერძოდ: აღნიშნულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27696 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 24 025 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 16 016 ლარით და ჯარიმა 8009 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 თებერვლის №081-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და მოცემულ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყისს ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ,,-------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ დანადგარი საბოლოოდ მიწოდებულად ჩაითვლება მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კერძოდ, როდესაც აღნიშნული დანადგარით მოხდება პროდუქციის წარმოება. შემოწმების მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და დადგინდა, რომ შპს ,,------’’ შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისად დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა ხელფასად განხილული სალაროდან გატანილი კაპიტალის რეალურობის დადგენა. შესაბამისად გადაანგარიების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე, ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

რაც შეეხება, შპს ,,-------ზე’’ გაყინული კარტოფილი ფრის მანქანა-დანადგარის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების გათვალისწინებით, განხრციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------” (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა სალაროდან გატანილი კაპიტალის რეალურობის დადგენა და მოცემულ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყისს ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

გადასახადის გადამხდელის მიერ შპს-თვის მიწოდებული დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 309(92).