გადაწყვეტილება №20152/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.01.2024
№ დოკუმენტი 20152/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20152/2/2023

23 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20152/2/2023).

 

დავის საგანი:

1. გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა;

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. უძრავი ქონების შეძენისთვის წინასწარ გადახდილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა და უსასყიდლო მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №081-230 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12551 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 180 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 076

დღგ - 7 322

მოგების გადასახადი - 45 160

საშემოსავლო გადასახადი - 12 594

ჯარიმა - 65 076

საურავი - 27 028

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №081-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12551 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შპს ------- (ს/ნ -------) შეძენილი აქვს გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურება (საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა -------, თანხა - 48 000 ლარი). უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლით დგინდება, რომ შეძენილი ფართი მყიდველ მხარეს გადაეცემოდა შემდეგ მდგომარეობაში: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული, შენობის ფასადი დასრულებული, სადარბაზო მოპირკეთებული და დასრულებული, ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასმული, წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში მიყვანილი, ცენტრალური შესასვლელი კარი დამონტაჟებული, ელ. გაყვანილობის ცენტრალური კომუნიკაციები ბინამდე მიყვანილი, ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები სადარბაზომდე მიყვანილი (მრიცხველების გარეშე).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია (გაზის მრიცხველის ნაწილში) კვალიფიცირდება როგორც უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. შპს ------- მიღებული მომსახურების საკომპენსაციო თანხა 48 000 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი) და 983 მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შპს ------- შეძენილი აქვს გამრიცხველიანების მომსახურება, რომლის მიწოდებაც საწარმოს მიერ ფართის შემძენ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით არ არის გათვალისწინებული. შეძენილი ფართი, მყიდველს გადაეცემოდა ბუნებრივი აირის ძირითადი დგარების სადარბაზომდე მიყვანილ (მრიცხველების გარეშე) მდგომარეობაში. შემოწმების მიერ აღნიშნული მიწოდება დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დარღვევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ელექტრონული სახით 26.09.2022 წელს წარმოადგინა 58 ერთეული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - „ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები ბინამდე მიყვანილი, ასევე მრიცხველები დამონტაჟებული“. გადასახადის გადამხდელთან ვიზიტის დროს გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შეთანხმებები შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია და არც ინფორმაცია მიუწოდებია აუდიტორებისთვის.

11.12.2020 წლამდე გაფორმებულია 25 ერთეულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და 1 ერთეულზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 11.12.2020 წლიდან 34 ერთეულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ბოლო ხელშეკრულება გაფორმებულია 16.08.2022 წელს. ხელშეკრულებაში ცვლილების პირველი შეთანხმება დათარიღებულია 10.01.2020 წლით. შეთანხმებებში დაფიქსირებული თარიღების მიხედვით 11.12.2020 წლამდე (შპს ------- გაზიფიკაციის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე) გაფორმებულია 16 ერთეულ უძრავ ქონებაზე შეთანხმება. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ თუ მრიცხველების მონტაჟის მომსახურება არ ატარებდა უსასყიდლო ხასიათს და აღნიშნულის შესახებ 10.01.2020 წლისთვის ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელისთვის, ლოგიკურად 11.12.2020 წლის შემდგომ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერი უნდა ასახულიყო და არ უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება. საგულისხმოა, რომ შეთანხმებებში ასახულ თარიღებში, ხელშეკრულების მხარე 6 პირი ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც განსხვავდებოდა შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისგან და შესაბამისად, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდის განმავლობაში მოთხოვნის შესაბამისად საწარმო უზრუნველყოფდა შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას. საწარმოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამალვას.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12551 ბრძანება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, მოცემული ბრძანება მოკლებულია სამართლებრივ მსჯელობას.

მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებელია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რომელიც შემდგომაც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაძლებელი იყო მათი გამოთხოვა, თუ წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიმართ გაჩნდებოდა ეჭვი.

მოწოდებულ ხელშეკრულებათა 80% გამოთხოვილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც დასტურდება ელ-ფოსტის გზავნილით, რომელიც გადმოგზავნილია ბრძანებით განსაზღვრულ პირების ელექტრონულ ფოსტაზე. სამართლებრივი დასაბუთებას მოკლებულია მსჯელობა, როცა მითითებულია, რომ მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დარღვევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ელექტრონული სახით 26.09.2022 წელს წარმოადგინა 58 ერთეული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - „ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები ბინამდე მიყვანილი, ასევე მრიცხველები დამონტაჟებული“. გადასახადის გადამხდელთან ვიზიტის დროს გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შეთანხმებები შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია და არც ინფორმაცია მიუწოდებია აუდიტორებისთვის. ვიზიტთან დაკავშირებით, როცა ადგილზე ხდებოდა შემოწმება, მათ მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია გადაეცემოდათ, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც.

საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი კორესპონდენცია თითქოს საწარმოს მიერ არ მომხდარა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. ბრძანებით პირდაპირ გაწერილი იყო შემოწმების დრო თუ რა დროის პერიოდზე უნდა მომხდარიყო საწარმოს შემოწმება, ვინაიდან შემმოწმებელთა ვიზიტი იყო ხანმოკლე აღნიშნული მასალები გადაგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სხვა მოთხოვნილ მასალებთან დაკავშირებით. აქტიური კომუნიკაციის შედეგად ყველა დოკუმენტაცია იგზავნებოდა მოთხოვნიდან გონივრულ ვადებში.

საგულისხმოა, რომ შეთანხმებებში ასახულ თარიღებში, ხელშეკრულების მხარე 6 პირი ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში. მოცემული უფლებამოსილება ნამდვილად არ აქვს საწარმოს მოახდინოს საზღვრის კვეთის შემოწმება, მაგრამ კანონი არ ზღუდავს არც წინარე და არც ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რაც იმედია სადავო არ არის.

ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოცემული იქნა დადგენილება/ბრძანებულება ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა მოცემული საკითხის სხვაგვარად აღთქმასთან დაკავშირებით. დაშვებულიც კი არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია ელ-ფოსტით მომხდარიყო შეთანხმებების გადაგზავნა, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საწარმოს მიერ კანონის სრული დაცვითა და მოთხოვნის შესაბამისად აქვს წარდგენილი შეთანხმებები ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც საკმარისი იყო საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ცხადია არ მომხდარა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შპს ------- (ს/ნ -------) შეძენილი აქვს გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურება. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, შეძენილი ფართი მყიდველ მხარეს გადაეცემოდა შემდეგ მდგომარეობაში: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული, შენობის ფასადი დასრულებული, სადარბაზო მოპირკეთებული და დასრულებული, ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასმული, წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში მიყვანილი, ცენტრალური შესასვლელი კარი დამონტაჟებული, ელ. გაყვანილობის ცენტრალური კომუნიკაციები ბინამდე მიყვანილი, ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები სადარბაზომდე მიყვანილი (მრიცხველების გარეშე). აღნიშნული ოპერაცია (გაზის მრიცხველის ნაწილში) დაკვალიფიცირდა როგორც უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ არსებობს უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში შევიდა ცვლილება, რაც საკმარისი იყო საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლას/შეფასებას საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეთანხმებები. სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში ზოგიერთ თვეში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები, რომლებიც პერიოდულად იზრდება და მცირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №14549 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში 14.06.2022 წელს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ საწარმოს არ გააჩნია სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის რაოდენობა შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო ორგანოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დირექტორი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ნაღდი ფულის რაოდენობის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას ფლობდნენ ბუღალტერი და საწარმოს პარტნიორები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ -------. დირექტორი განმარტავს, რომ დღის განმავლობაში დაუკავშირდა ბუღალტერს და პარტნიორებს, დაადგინა ნაღდი ფულის რაოდენობა და განთავსების ადგილი, კერძოდ ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც განთავსებულია მისამართზე -------, ------- . ამასთან, დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთი თვის წინ მოყვა ავტოკატასტროფაში, რის გამოც არ ჰქონდა მონაცემები ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ.

შემოწმებით ვერ დგინდება საოფისე ფართის არსებობა, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ნაღდი ფულის შენახვა. დირექტორისგან მოთხოვნილ იქნა წერილობითი განმარტების სახით წარმოედგინა შესამოწმებელ პერიოდში, რომელ მისამართზე და ვის საკუთრებაში არსებულ ფართში ინახებოდა საწარმოს კუთვნილი ნაღდი ფული, ვისი საკუთრებაა ------- -ში არსებული ფართი და მიეთითებინა საკადასტრო კოდი. დირექტორის განმარტებით, საწარმოს ნაღდი ფული შესამოწმებელ პერიოდში ინახებოდა კომპანიას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ფართში მდებარე -------, -------, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ, როცა კვლავ დაბრუნდა თანხა სალაროში შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ფართში მდებარე -------, -------, ს/კ -------.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთები შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. არაგონივრული ნაშთის შემცირების შემთხვევაში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს, გარკვეულ თვეებში, სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდულად იზრდება და მცირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №14549 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში 14.06.2022 წელს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად ნაღდი ფულის რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთები, შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. არაგონივრული ნაშთის შემცირების შემთხვევაში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და ნაღდი ფულის შენახვის ადგილების შესახებ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს „-------“- სთან გაფორმებული 28.03.2022 წლით დათარიღებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საწარმოს საიჯარო თანხის (200 ლარი) გადახდა ევალებოდა იჯარის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდგომ. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ვიზიტის დროს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოუდგენია და არც მისი არსებობა იყო აუდიტორებისთვის ცნობილი. ასევე, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა წარმოდგენილი 27.07.2022 წელს სხვა იჯარის ხელშეკრულებებთან ერთად. საგულისხმოა, რომ საწარმოსთვის მეიჯარეს (შპს „-------“) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია, რომლის გამოწერის ვალდებულებაც ხელშეკრულებით ჰქონდა განსაზღვრული. ამასთან, საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში აღნიშნული საიჯარო ვალდებულება არ აქვს აღრიცხული და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვერ ასახელებს მის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულად რომელ ფართში ინახებოდა ნაღდი ფული. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების მომდევნო დღეს, 15.06.2022 წელს, 200 000 ლარი დივიდენდის სახით სალაროდან გაცემულად არის ნაჩვენები საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელ საწარმოზე (შპს -------), რომელმაც თავის მხრივ დივიდენდი გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილია შესაბამისი იჯარის ხელშეკრულება, ასევე შემოწმების დროსაც თანხა ინახებოდა იჯარით გათვალისწინებულ ფართში, რაზეც შედგენილია შესაბამისი ოქმი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმოს ნაღდი ფული შესამოწმებელ პერიოდში ინახებოდა კომპანიას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ფართში, მდებარე -------, -------, ხოლო იმის შემდგომ, რაც მოხდა თანხის დაბრუნება, კომპანიის საკუთრებაში აღარ ირიცხებოდა ქონება, რის გამოც 28.03.2022 წელს შპს „-------“-სა (ს/ნ -------) და კომპანიას შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც -------, ------- არსებული კომერციული ფართი №1, (ს/კ -------), ფართი 168,6 კვ. მ. კომპანიამ იჯარით აიღო, იჯარის საგნის ფართობი 8 კვ. მ, ოფისის მოსაწყობად. ხელშეკრულების თანახმად, იჯარის ვადა იწყება 28.03.2022 წლიდან და ძალაშია 1.01.2023 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში, მეიჯარეზე გადასახდელი, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 200 ლარით დღგ-ის ჩათვლით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სალაროში ზოგიერთ თვეში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №14549 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში 14.06.2022 წელს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დირექტორი განმარტავს, რომ დღის განმავლობაში დაუკავშირდა ბუღალტერს და პარტნიორებს, დაადგინა ნაღდი ფულის რაოდენობა 200 000 ლარი. შემოწმებით ვერ დგინდება საოფისე ფართის არსებობა, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ნაღდი ფულის შენახვა. არაგონივრული ნაშთები შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. არაგონივრული ნაშთის შემცირების შემთხვევაში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას საბჭოს სხდომაზე მხარეები მიუთითებენ გარემოებებზე, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის შემდეგ მომჩივნის მიერ სალაროს ნაშთიდან განაწილებულია დივიდენდი დამფუძნებელ იურიდიულ პირზე, რომელმაც ასევე დივიდენდი გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირ(ებ)ზე, დაადეკლარირა და გადაიხადა ბიუჯეტში შესაბამისი თანხა. მითითებული გარემოებების მიხედვით, სალაროს თანხა კომპანიიდან გაცემულია დივიდენდის სახით, რაც არ იძლევა აღნიშნული თანხის ხელფასად განხილვის შესაძლებლობას.

საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს წარმოადგენს და შესაბამისად, შესაფასებელია საგადასახადო ორგანოს მიერ.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. უძრავი ქონების შეძენისთვის წინასწარ გადახდილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა და უსასყიდლო მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს მიერ 25.01.2021 წელს ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 28.01.2021 წელს ------- სალაროდან განხორციელდა 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 191 220 ლარის გაცემა.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გამყიდველების თანასაკუთრებაში არსებულ ს/კ ------- აღრიცხულ პირველ სართულზე განთავსებული 85,47 კვ. მ. ფართის მომჩივნისთვის გადაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთწლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 4.10.2019 წელს ------- მიმართა სასამართლოს მოპასუხეების -------, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „-------“-ის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და რეესტრში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ ყოფილი წარდგენილი.

ხელშეკრულების საგანი მდებარეობს 1 053 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ორსართულიან შენობა-ნაგებობაში, რომელსაც ასევე გააჩნია სხვენი. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში განთავსებული სხვა ფართების მესაკუთრეებად დამატებით ფიქსირდება 8 ფიზიკური პირი და თანამესაკუთრედ ასევე აღრიცხულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „-------“.

ხელშეკრულების დადების მოტივს წარმოადგენდა გამყიდველების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდებოდა დადგენილ ვადებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა, ხოლო ხელშეკრულება უქმდებოდა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა და 28.03.2022 წელს 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 186 957,2 ლარი საწარმოს უკან დაუბრუნდა. აღნიშნული თანხა მიღებულია ნაღდი ანგარიშსწორებით

დირექტორისგან მოთხოვნილ იქნა წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია ------- და ------- გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ამასთან, ეთხოვა წარმოედგინა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს -------, ------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების განზრახვაზე. დირექტორმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი განმარტება: -------, ------- დაგეგმილი იყო მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, ამხანაგობის კრების ოქმი ვერ შედგა იმ მიზეზის გამო, რომ გარდაცვლილი იყო თავჯდომარე, ხოლო თავჯდომარის არჩევა დღემდე ვერ განხორციელდა, ვინაიდან მოსახლეობამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ შეძლებდა მოცემული საქმის წარმოებას. ამავდროულად სასამართლოში მიმდინარე საქმის გამო ყველა გაურბოდა პასუხისმგებლობის აღებას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ------- გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 და 983 მუხლების საფუძველზე გაცემული სესხი და უსასყიდლო მომსახურების საბაზრო ფასი დაიბეგრა მოგების გადასახადით. თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ 25.01.2021 წელს ორ ფიზიკურ პირთან გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე სალაროდან განხორციელდა 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 191 220 ლარის გაცემა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გამყიდველების თანასაკუთრებაში არსებული ფართის გადამხდელისთვის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთწლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდებოდა დადგენილ ვადებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა, ხოლო ხელშეკრულება უქმდებოდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო 28.03.2022 წელს 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 186 957,2 ლარი საწარმოს უკან დაუბრუნდა. შემოწმებით გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა -------, ------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების განზრახვის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოსთვის გაგზავნილია, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე სასამართლო დავის სრული მასალები, რაც არ გაითვალისწინეს შემოწმების ეტაპზე. აღნიშნული ხელშეკრულება ვერ დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრში, მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წელი, რომლის გასვლის შემდგომაც ვერ შედგა მხარეებს შორის შეთანხმება გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ შედგა მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ნებართვის მოპოვება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 28.01.2021 წელს ------- სალაროდან განხორციელდა 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 191 220 ლარის გაცემა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველების თანასაკუთრებაში არსებული ფართის მომჩივნისთვის გადაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთწლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ ყოფილა წარდგენილი. ხელშეკრულების დადების მოტივს წარმოადგენდა გამყიდველების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდებოდა დადგენილ ვადებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა, ხოლო ხელშეკრულება უქმდებოდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა და 28.03.2022 წელს 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 186 957,2 ლარი დაუბრუნდა საწარმოს. აღნიშნული თანხა მიღებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. საკითხთან დაკავშირებით დირექტორმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი განმარტება. ------- გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12551 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა;

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. უძრავი ქონების შეძენისთვის წინასწარ გადახდილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა და უსასყიდლო მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12551 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 983(1); 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161;