ბრძანება N 4494
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4494
10.03.2023
შპს “------------“ (ს/ნ ---------------)
(იურ. მის.: -------------------------)
2023 წლის 13 თებერვლის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს “------------“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 13 თებერვლის №79064/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №002-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავების შემცირებას. მიუთითებს, რომ საწარმო სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით გადამხდელისთვის 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების შემცირებისთვის საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, თუმცა 2021 წლის 28 აპრილს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის ბრძანება გამოიცა 2021 წლის 25 მაისს, რის გამოც საწარმოს შეეზღუდა ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივნისის №14745 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “-------“ (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,-----------’’ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება შემოწმებით გამოვლენილი დანაკლისის მომდევნო საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებად აღიარების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივნისის №14745 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 47 017 ლარი, მათ შორის, გადასახადი 31 597 ლარი, ჯარიმა 15 420 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 თებერვლის №002-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივნისის №14745 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის(გადასახადის გადამხდელის მიერ მომდევნო პერიოდებში დანაკლისად აღიარებული სასაქონლო-მატერიალ ური ფასეულობები) შემცირება.შესაბამისად,გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “------------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.