გადაწყვეტილება №22661/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2024
№ დოკუმენტი 22661/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22661/2/2024

09 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 24.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22661/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №081-365 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4644 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 257 068,88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 77 391

დღგ - 10 408

მოგების გადასახადი - 77 893

საშემოსავლო გადასახადი - (- 960)

ქონების გადასახადი - (- 9 950)

ჯარიმა - 41 278

საურავი - 138 399,88

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2014 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2007 წლიდან 5.11.2013 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2014 წლის №81-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სს "-------"ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულებები, საბუღალტრო პროგრამა და ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან ("-------" ბანკი), რომლითაც დასტურდება საპროცენტო ხარჯების გაწევის ფაქტი. ამასთან, წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებებში სესხის მიზნობრიობად განსაზღვრულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ვალდებულებების გადაფარვა შესაბამის სესხის გრაფიკებთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სესხის პროცენტები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.

ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში მოხდა კომპანიის მიერ აქტივის რეალიზაცია, ამასთან, მშენებლობა რეალიზაციის დროს დასრულებული არ იყო, გადაანგარიშებით, შემოწმების მიერ აქტივის სმფ-ებად კვალიფიკაცია არ დაექვემდებარა შეცვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას (მათ შორის, დეკლარირებული ქონების გადასახადიც). ამასთან შემცირებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ქონების გადასახადის ხარჯიც.

აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადასახადის გადამხდელის მხრიდან, წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი შპს „------“ და სს „------- ბანკს “ შორის. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა დაიწყება იჯარის საგნის გადაცემით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი კი შედგენილია 2009 წლის 30 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიჯარო ურთიერთობის დაწყების საანგარიშო პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნეს 2009 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდი. შედეგად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების შესაბამისად და 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი.

შემოწმების მასალებიდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მოხდა მთლიანი აქტივის რეალიზაცია და გადამხდელის მიერ სხვა ხარჯების სახით გამოიქვითა აქტივის თვითღირებულება. შემოწმებით ზემოაღნიშნული აქტივი დაკვალიფიცირებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და რეალიზაციის წელს მისი თვითღირებულება ჩართულია მხოლოდ საწყის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, რაც თავისთავად გულისხმობს აქტივის თვითღირებულების გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა შემცირებას.

გადაანგარიშების მე-2 საკითხის შესწავლის შედეგებით ქონების გადასახადი შემცირებულია მთლიანად. შესაბამისად, ცალკე აღნიშნული ეს საკითხი არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადასახადის გადამხდელის, მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა, თუმცა 2008-2010 წლებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (ამორტიზაციის თანხის), 2009 წელს ერთობლივი შემოსავლიდან ძირითადი საშუალების სრულად გამოქვითული ღირებულების შემცირების და 2009 წელს სხვა ხარჯების ღირებულების კორექტირების საკითხებთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების შედეგად მიღებული ზარალები და გადატანილ იქნა მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც კანონმდებლობის შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №081-365 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან საჭიროებისამებრ ხდებოდა კომუნიკაცია და ჩართულობა სადავო საკითხების შესწავლის პროცესში, რასაც ადასტურებს შემმოწმებლის მიერ გამოთხოვილი და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტებები, გაანგარიშებები, რომელიც დაედო საფუძვლად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 26 იანვრის №87227/1/2024 საჩივრით დავების დეპარტამენტის ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 27 თებერვალს საჩივრის პასუხად გამოიცა შემოსავლების სამსახურის ბრძანება №3720, რომლის მიხედვითაც საჩივარი დაგვიკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტზე საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახდელის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3720 ბრძანების გაცნობის შემდეგ ჰქონდა სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კონტაქტი შემმოწმებელთან, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემმოწმებელზე წარდგენილი იქნა საჩივარში მოყვანილი და შემმოწმებლის მიერ მოთხოვნილი ყველა მტკიცებულება და მზად იყო უშუალოდ მიეღო მონაწილეობა სადავო საკითხების განხილვაში, თუმცა შემმოწმებელმა მიუხედავად 2023 წლის 27 თებერვლის №3720 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე შეისწავლა/გამოიკვლია წარდგენილი მტკიცებულებები (მაშინ როცა დამატებითი ახსნა-განმარტები და საჭიროების შემთხვევაში მეტი სარწმუნოებისათვის დამატებით საჭირო მასალების წარდგენა, უფრო სრულყოფილს გახდიდა გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას და დაეხმარებოდა შემმოწმებელს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით რეალური ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში) და გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე ისე, რომ არ გაცნობია დასკვნის პროექტს. ამან კი მიგვიყვანა იმ ფაქტობრივ გარემოებებამდე, რომ ბევრი ისეთი ხარჯი რომლებიც არსებითი იყო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით ექვემდებარებოდა ხარჯებიდან გამოქვითვას დარჩა ყურადღების მიღმა, კერძოდ:

- შემმოწმებელი უცვლელად ტოვებს აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის აქტში შემოწმებით განსაზღვრულ სმფ-ის თანხას 1 071 268 ლარს, ისე რომ არ განმარტავს, თუ რისგან შედგება აღნიშნული.

ფაქტობრივად თავის დროზე დაუმთავრებელ მშენებლობაში ნაშთად აღრიცხული და სმფ-ის მუხლში ასახვას დაქვემდებარებული თანხა შეადგენდა 1 303 215 ლარს. მათ შორის: უარყოფითი საკურსო სხვაობა - 82 866 ლარი რეალიზებულ ძირითად საშუალებაზე მიბმული მიწის ღირებულება - 320 000 ლარი, რეალიზებული ძირითადი საშუალების თვითღირებულება - 899 493 ლარი საჯარო რეესტრის, ბანკის საკომისიო და გაზის ნებართვის ხარჯი - 856 ლარი სულ სმფ - 1 303 215 ლარი.

აღნიშნული მოთხოვნა სმფ-ის ნაშთთან დაკავშირებით დაფიქსირებული იყო პირველივე საჩივარში და შემოსავლების სამსახურის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის 26 იანვრის საჩივარში გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის საფუძველს მოკლებულია.

პირველივე საჩივარში სხვა საკითხებთან ერთად ითხოვდა ხარჯების დაზუსტებას, რომ სხვა ხარჯებიდან ამოღებული და სმფ-ის მუხლზე მისაკუთვნებელი თანხა წარმოადგენდა 1 303 215 ლარს და არანაირი განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ განსაზღვრა როგორც პირველმა შემმოწმებელმა, ისე მეორე შემმოწმებელმა სმფ-ის საწყისი ნაშთად 1.01.2010 წლისათვის 1 071 268 ლარი არ აქვს. ასევე დასაზუსტებელია სმფ-ის ნაწილში 2009 წლის ზარალის შემცირება 111 924 ლარით.

- მიუხედავად იმისა, რომ სარევიზიო პერიოდს წარმოადგენდა 1.01.2007-5.11.2013 წწ. (ბრძანება №53433 18.11.2013 წ; №65210 12.12.2013 წ; №18569 31.03.2014 წ; №18570 31.03.2014 წ; №20230 8.04.2014 წ) შემმოწმებლის მიერ საერთოდ არ ყოფილა მხედველობაში მიღებული 2007 წლის ხარჯები რომელმაც გამოიწვია ზარალი თანხით 175 534 ლარი, 2007 წლის მოგება ზარალის ანგარიშგებაში ასახულია არამარტო 2007 წლის ზარალი 175 534 ლარი, არამედ 2006 წლის ზარალი 1 811 ლარი, სულ 2008 წლის დეკლარაციის მონაცემებით გასული წლების ზარალის მუხლში ასახვას ექვემდებარებოდა 177 345 ლარი, რაც ტექნიკური უზუსტობების გამო არ ყოფილა ასახული მოგება-ზარალის შესაბამის მუხლში, თუმცა 2009 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახულია წინა წლების ზარალი თანხა 289 044 ლარი, რაც თავისთავში მოიცავს - 2006 წლის ზარალი 1 811 ლარი; 2007 წლის ზარალ 175 534 ლარი; 2008 წლის ზარალი 111 699 ლარი

გამომდინარე შემმოწმებლის მიერ 2009 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში გამოქვითვას დაქვემდებარებულ წინა წლების ზარალის მუხლში ცვლილებას/შემცირებას უნდა დაქვემდებარებოდა არა 182 433,5 ლარი, არამედ 5 088 ლარი.

შემმოწმებელს მოგების დეკლარაციის გაანგარიშების ცხრილებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები აქვს დასმული, მაგრამ არ აქვს შესაბამის ხარჯების ნაწილში სრულყოფილად ასახული შეძენილი მასალების და მომსახურების ღირებულება, რის გამოც არის ცდომილება შესაბამისი წლების მოგების დეკლარაციის გაანგარიშების ცხრილებში (ცნობისათვის იხილეთ საბუღალტრო აღრიცხვის ელ. ვერსია და შემმოწმებელზე წარდგენილი დოკუმენტალური მასალების ელექტრონული ვერსია).

შემმოწმებელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადასახადის გადამხდელის, მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა, თუმცა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ამ ნაწილში ფინანსთა სამინსიტროს დავების საბჭოს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ელ. ვერსია დამუშავებულია და შედგენილია სამეურნეო ოპერაციების მოხდენის პერიოდში და საზოგადოების აღრიცხვა წარმოებდა სრულყოფილად, მოწესრიგებულად. ასევე 2012 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაწყებული იქნა ძიება და ამოღებული იქნა საზოგადოების საბუღალტრო აღრიცხვის მასალები, საზოგადოებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოცემული იქნა დოკუმენტების ელ. ვერსია საგამოძიებო მასალებთან ერთად, რაც გადაგზავნილია შემმოწმებელზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ ბათილად ცნოთ მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ გავიზიარებთ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევით, დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია.

ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და კიდევ ერთხელ მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად დააზუსტოს საზოგადოების ფაქტობრივი ხარჯები, რომლებიც არ ასახულა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნაში და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშებული იქნას დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები განხილული უნდა იქნას როგორც გადამხდელის შეცდომა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე საბჭომ კომპანია გაათავისუფლოს საგადასახადო სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1.01.2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

1.01.2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა:

ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.

1.01.2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სს "-------" ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულებები, საბუღალტრო პროგრამა და ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან ("-------" ბანკი), რომლითაც დასტურდება საპროცენტო ხარჯების გაწევის ფაქტი. ამასთან, წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებებში სესხის მიზნობრიობად განსაზღვრულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ვალდებულებების გადაფარვა შესაბამის სესხის გრაფიკებთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სესხის პროცენტები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში მოხდა კომპანიის მიერ აქტივის რეალიზაცია, ამასთან, მშენებლობა რეალიზაციის დროს დასრულებული არ იყო, გადაანგარიშებით, შემოწმების მიერ აქტივის სმფ-ებად კვალიფიკაცია არ დაექვემდებარა შეცვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას (მათ შორის, დეკლარირებული ქონების გადასახადიც). ამასთან შემცირებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ქონების გადასახადის ხარჯიც. წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი შპს „--------“ და სს „-------- ბანკ “ შორის. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა დაიწყება იჯარის საგნის გადაცემით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი კი შედგენილია 2009 წლის 30 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიჯარო ურთიერთობის დაწყების საანგარიშო პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნეს 2009 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდი. შედეგად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების შესაბამისად და 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი. შემოწმების მასალებიდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მოხდა მთლიანი აქტივის რეალიზაცია და გადამხდელის მიერ სხვა ხარჯების სახით გამოიქვითა აქტივის თვითღირებულება. შემოწმებით ზემოაღნიშნული აქტივი დაკვალიფიცირებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და რეალიზაციის წელს მისი თვითღირებულება ჩართულია მხოლოდ საწყის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, რაც თავისთავად გულისხმობს აქტივის თვითღირებულების გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა შემცირებას. გადაანგარიშების მე-2 საკითხის შესწავლის შედეგებით ქონების გადასახადი შემცირებულია მთლიანად. წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა, თუმცა, 2008-2010 წლებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (ამორტიზაციის თანხის), 2009 წელს ერთობლივი შემოსავლიდან ძირითადი საშუალების სრულად გამოქვითული ღირებულების შემცირების და 2009 წელს სხვა ხარჯების ღირებულების კორექტირების საკითხებთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების შედეგად მიღებული ზარალები და გადატანილ იქნა მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე საბჭომ კომპანია გაათავისუფლოს საგადასახადო სანქციებისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №081-365 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3720 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7)