ბრძანება N 23339
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23339
22 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 16 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ -----------) №82337/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №249-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობას. ამასთან, აცხადებს, რომ ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზე. განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარმოდგენილი იქნა ფასნამატის თაობაზე შესაბამისი გაანგარიშება და სრულად იქნა გაშიფრული იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება. წარდგენილ გაანგარიშებაში მოცემულია საქონლის 780 სახეობა, რომელთაგან შემოწმებას გაუჩნდა კითხვები 17 სახეობაზე, რადგან ვერ ემთხვეოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშებულ თვითღირებულებას საინვოისო, სატრანსპორტო ან/და სხვა ხარჯების მიხედვით. შემოწმების მიერ მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება, რაც ვერ განხორციელდა გადამხდელის მიერ, ვინაიდან, აღარ ფუნქციონირებს, აღარ ჰყავს ბუღალტერი, რომელიც აწარმოებდა აღრიცხვას და რომელმაც ხელფასის მიუღებლობის მიუხედავად შეადგინა წარმოდგენილი გაანგარიშება.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო გადაუანგარიშებლობის მიზეზი, ვინაიდან, დოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატის გავრცელება ისედაც არასწორია. ამას გარდა, შემმოწმებელი ვალდებული იყო თავად გაეანგარიშებინა თვითღირებულება საიმპორტო დოკუმენტების საფუძველზე.
2.გადაანგარიშების დასკვნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომ გადაანგარიშებულიყო 2019 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით, არ გადაანგარიშდა იმ მიზეზით, თითქოს შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი ისედაც გაანგარიშებული იყო გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში პირდაპირაა მოცემული, რომ 2019 წლის სმფ-ების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 803 735 ლ., ხოლო 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით სმფ-ების საწყისი ნაშთი 0 ლარია, 2018 წლის დეკლარაციით კი სმფ-ების საბოლოო ნაშთი შეადგენს 111 601 ლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32944 ბრძანებით ი/მ ------------ (ს/ნ ------------ ) საჩივარი 2022 წლის 14 სექტემბრის №249-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ ------------ (ს/ნ ------------ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32944 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18648/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32944 ბრძანების აღსრულების შედეგად ი/მ ------------ (ს/ნ ------------ ) საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18648/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა სულ 149 371 ლარი, მათ შორის, გადასახადი 99 383 ლარი, ჯარიმა 49 988 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №249-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით), რომელიც შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო და გამოსადეგი, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება რეალურად საიდან არის მიღებული ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის (შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან როგორც წერილობითი (ელექტრონული ფოსტით), ასევე, სატელეფონო გასაუბრება, რომლის შედეგად შემოწმების მიერ გადამხდელისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ იქნა მიღებული). გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხი გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში და მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს ზემოაღნიშნულ საკითხს, შემოწმების მიერ საკითხის გათვალისწინება მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად.
შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს, რადგან არ ასახავს სრულყოფილ მონაცემებს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ი/მ ----------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);