გადაწყვეტილება №21207/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 12.03.2024
№ დოკუმენტი 21207/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21207/2/2023

12 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21207/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №065-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21511 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 389 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 5 314

ჯარიმა - 2 657

საურავი - 1 418

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10331 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაწეული ჰქონდა სამშენებლო მომსახურება ტენდერის ფარგლებში. შესაბამისად, გამოწერილი იყო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 29 523 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა ბრუნვამ - 0 ლარი. მომჩივანს მინიჭებული ჰქონდა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. მეწარმეს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დამატებულ ღირებულების გადასახადში და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12247 ბრძანება და №065-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 31.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1.09.2023 წლის №21511 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით საგადასახადო სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რის გამოც მოუწია ურთულესი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და შემდგომ რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა, რაც მიაჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს მიერ აუცილებლად უნდა შეფასდეს დაუძლველი ძალის პირობად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო და განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე. მომჩივანი ითხოვს საბჭოს თითოეული წევრის მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მისი იმდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებულ ქმედებას, რა დროსაც მას ფიზიკურად არ შეეძლო ჯანსაღად აზროვნება და შესაბამისად ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება (მეხსიერების დაქვეითების გამო). მომჩივანი იმავდროულად აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამადაც უკიდურესად გართულებულია და თითოეული დღე და კვირა უფლის ნაჩუქარია. მას ამ ფაქტამდე არასდროს დაურღვევია კანონი, არც მაგ დროისთვის დაარღვევდა, რომ არა ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამოწვეული გონებრივი და ფიზიკური ტრავმები.

მომჩივანი უთითებს, რომ მის უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს 1.09.2023 წლით დათარიღებული №21511 ბრძანების გაუქმება, რითაც ძალაში დარჩა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12247 ბრძანებით დარიცხული თანხა და შუამდგომლობს მასზედ, რომ დაუძლეველი ძალის (ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა) მომენტად ჩაეთვალოს ის პერიოდი, რა დროსაც მან ვერ მოახერხა 2021 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციაში დასაბეგრი გადასახადის ოდენობის სათანადოდ მითითება.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ 2021 წლის 23 სექტემბერს, სწორედ იმავე თვეში, რომელთან მიმართებაშიც შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში დამატებით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და დაეკისრა სანქციები, დაუდგინდა თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნე - მენინგიომა, ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე დარღვევები, რაც ასევე მითითებული იყო მის მიერ საჩივარს დართულ სამედიცინო ცნობებში (ფორმა №100). ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილები, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, გაუკეთდა ოპერაცია. ამას დაერთო გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, აორტო კორონალური შუნტირება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გამონაჟონი პერიკარდიუმი. მეხსიერების დაქვეითების და ფიზიკური მდგომარეობის გამო 2021 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციის სათანადო ფორმით გადაგზავნა გამორჩა. მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას.

მომჩივნის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი 24.01.2022 წელს შპს „კავკასის მედიცინის ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100 /ა ცნობის თანახმად, ------- სტაციონარში მოთავსდა 17.01.2022 წელს, ხოლო სტაციონარიდან გაიწერა 24.01.2022 წელს. აღნიშნული ცნობის თანახმად, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო თავის ტვინის გარსის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც როგორც ცნობიდან ირკვევა დადგენილ იქნა 23.09.2021 წელს და დაავადების ხასიათად მიეთითა „მწვავე“.

მომჩივნის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი 15.02.2023 წელს ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100 /ა ცნობის თანახმად, ------- სტაციონარში მოთავსდა 2.02.2023 წელს, ხოლო სტაციონარიდან გაიწერა 15.02.2023 წელს. აღნიშნული ცნობის თანახმად, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო სტენოკარდიის სხვა ფორმები, თანმხლები დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია, ძირითადი დაავადების გართულება პლევრის სხვა დაზუსტებული მდგომარეობები (და სხვა).

მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურს აგრეთვე წარედგინა შპს „ავერსის კლინიკის“ მიერ 8.08.2021 წელს გაცემული სამედიცინო ბარათი ------- ჩატარებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შედეგების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რის გამოც მოუწია ურთულესი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და შემდგომ რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგენს ავერსის კლინიკის სამედიცინო ბარათს და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის და კავკასიის მედიცინის ცენტრის ცნობებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მომჩივანი განმარტავს, რომ მეხსიერების დაქვეითების და ფიზიკური მდგომარეობის გამო 2021 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციის სათანადო ფორმით გადაგზავნა გამორჩა და ითხოვს მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და არ იყო დამოკიდებული მის ნებაზე.

შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახდო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახდო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, 1.09.2023 წლის №21511 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახდო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)