გადაწყვეტილება №22951/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.09.2024
№ დოკუმენტი 22951/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22951/2/2024

09 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22951/2/2024).

 

დავის საგანი:

1. მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული

სატრანსპორტო მომსახურებების ოდენობა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო

ვალდებულებები;

2. დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციისა და ტრანსპორტირების

შემთხვევებში, გადაზიდვის მომსახურების გამიჯვნა და აღნიშნულზე დღგ-ის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №225-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 807,05 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 91 633

დღგ - 66 351

საშემოსავლო გადასახადი - 25 282

ჯარიმა - 35 087

საურავი - 32 087,05

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33193 ბრძანება და №225-31 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №8046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურებების ოდენობა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული შპს „-------“ არ არის, რამაც შეადგინა შესამოწმებელ პერიოდში სულ 286 გადაზიდვა. გადასახადის გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 85 741 ლარი და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა 126 468 ლარი, შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს საკუთრებაში არსებული ხუთი და იჯარით აღებული ორი სატვირთო მანქანით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული შპს „-------" არ არის, სულ 286 გადაზიდვა. გადასახადის გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ამასთან, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხა შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, სადავო საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გაანგარიშება გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და კომპანიისგან მიღებული მონაცემები გათვალისწინებული იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგეს მარცვლეულით ვაჭრობა. შპს "-------"-ის საკუთრებაში არის 5-ი სპეციალიზირებული სატვირთო ავტომანქანა თავისი მისაბმელით და ასევე 2-ი სპეციალიზირებული მანქანა ნაქირავები რომლითაც ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. პროდუქციის მიწოდება ხდება ზევით აღნიშნული სპეციალიზირებული ავტომანქანებით იქიდან გამომდინარე რომ მარცვლეულის სხვაგვარად მიწოდება შეუძლებელია (სპეც. ვაგონი, სპეც მანქანა). გადამხდელისთვის ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს ადგილობრივი გადაზიდვები, გადამხდელი სატრანსპორტო მომსახურეობას ახორციელებს ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც მანქანა ცარიელი მიდის კონკრეტულ ლოკაციაზე, ამას ადასტურებს გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლებიც მთლიან ბრუნვაში. შემოწმების პერიოდში ჯამური ბრუნვა 23,939,708 ლ მათ შორის შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურეობებიდან 91,632 ლ. აღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანი ბრუნვის 0,4%-ს წარმოადგენს გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება შემოწმების შედეგად დარიცხვას, გადამხდელს დადეკლარირებული აქვს აღნიშნული გადაზიდვები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ სულ გადაგზავნილია 132 გადაზიდვა, რომლებზეც გადამხდელის მხრიდან მიწოდებული იყო ანგარიშფაქტურის ნომრები და განმარტებები, რომ აღნიშნული გადაზიდვები დადეკლარირებულია,მაგრამ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ან არ შეამოწმა. ჯამში 132 გადაზიდვიდან, 102 გადაზიდვაზე წარმოადგენს ფაილს სადაც მითითებულია ა/ფ ნომრები და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მომსახურებები უკვე დაბეგრილია. ხოლო 30 სატრანსპორტო გადაზიდვა ნამდვილად არ არის დაბეგრილი, აქედან სამი გადაზიდვა არის პირადი მოხმარებისთვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სადაც დაფიქსირებულია ბეღელი პირველის ა/ს საშუალება.

საქმეში არსებული გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები მომსახურების მიმღები მხარისგან. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დავის საგნის ამ ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციისა და ტრანსპორტირების შემთხვევებში, გადაზიდვის მომსახურების გამიჯვნა და აღნიშნულზე დღგ-ის დარიცხვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს „------ -ის “ სატვირთო მანქანები. აღნიშნულ სიტუაციებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 283 001 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა

გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს „------- -ის “ სატვირთო მანქანები. აღნიშნულ შემთხვევებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი, რაც დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება, კერძოდ, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება/გადაზიდვა, არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაცია, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მარცვლეულით ვაჭრობა, მის საკუთრებაში არის 5 სპეციალიზირებული სატვირთო ავტომანქანა თავისი მისაბმელით და ასევე 2 სპეციალიზირებული მანქანა (ნაქირავები) რომლითაც ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. შემმოწმებელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თითქოს მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურეობები რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სატრანსპორტო მომსახურეობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურ შემოსავალთან 0,5%-საც კი არ შეადგენს. გადამხდელი ახორციელებს როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას, ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ს გან, შესაბამისად გადამხდელის ყველა მიწოდება რომელიც ეხებოდა ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციას გათავისუფლებული იყო დღგ-სგან. ძირითადი მიწოდების პროდუქტს წარმოადგენდა კონკრეტულად ის პროდუქცია რაზეც შეთანხმებული იყო მყიდველთან და ცალკე ტრანსპორტირების მომსახურეობა არ გაუწევია. მარცვლეულის მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე წარმოუდგენელია და წარმოადგენს მიწოდებასთან დაკავშირებულ ოპერაციას რომლის გამიჯვნა შეუძლებელია. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ შემმოწმებელი ხაზს უსვამს კონკრეტულად ქართული წარმოშობის პროდუქციის მიწოდებაზე და განიხილავს 2-ოპერაციად, საქონლის მიწოდება და მომსახურეობის გაწევა და არაფერს ამბობს იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებაზე, თუ აღნიშნული ოპერაცია უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მაშინ გაუგებარია იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია რატომ არ უნდა გაიმიჯნოს?.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლში მკაფიოდ არის განმარტება გაკეთებული მომსახურეობის შესახებ „ მომსახურეობის გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება“, ყველა ზემოთაღნიშნული გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებები წარმოადგენდა საქონლის მიწოდებას და გაუგებარია რატომ თვლის შემმოწმებელი რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება უნდა გაიმიჯნოს და გადამხდელმა მოახდინოს აღნიშნული მიწოდების 2-ად გაყოფა, ა) საქონლის მიწოდება ბ) მომსახურეობის გაწევა, შინაარსობრივადაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს თუ გადამხდელმა მოახდინა საქონლის მიწოდება რატომ უნდა გამოიწეროს დამატებით მომსახურეობის გაწევა (კოდექსში მსგავსი ჩანაწერი არ არის) ასევე აღსანიშნავია რომ, ყოველი მიწოდება ხდება სხვადასხვა ლოკაციიდან და შემმოწმებლის არგუმენტი რომ ტრანსპორტირება გამიჯვნადია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ შემთხვევაში როგორც გამყიდველმა ასევე მყიდველმა არ იციან რა შეიძლება იყოს უშუალოდ გადაზიდვის ღირებულება და არსებული მომსახურეობის გაწევა იქნება ბუნდოვანი და დამატებით დავის საგანი. აღსანიშნავია რომ მსგავსი დარიცხვის პრეცენდენტი აქამდე არ ყოფილა და გადამხდელისთვისაც გაუგებარია დარიცხვის საფუძველი, თუ რამე მიდგომა შეცვალა შემოსავლების სამსახურმა არც ეს იყო გადამხდელისთვის ცნობილი და აღნიშნული დარიცხვა გასაუქმებელია სრულად.

ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმება ზემოთ მოყვანილი ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

სადავო დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შემოწმების შედეგად დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთისგან უშუალოდ დაკავშირებულ ოპერაციად არ არის მიჩნეული. შემოწმების ფარგლებში, რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი, რაც დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ახდენს საქონლის (ხორბლის) რეალიზაციას ტრანსპორტირებით, რაც დასტურდება შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერით.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრება მასზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი ტრანსპორტირების ხარჯებს.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ხორბლის რეალიზაცია, რომელსაც უზრუნველყოფდა ტრანსპორტირებით. ამასთან, საქონლის მიმწოდებელი და შემძენი განხორციელებულ ოპერაციას განიხილავენ როგორც საქონლის მიწოდებას და არ ხდება ცალკე მომსახურების კომპონენტის გამიჯვნა. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, საქონლის (მარცვლეულის) მიწოდების ოპერაცია, გადაზიდვის მომსახურებით, წარმოადგენს ერთიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციას.

აუდიტის დეპარტამენტის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის და წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის ტრანსპორტირებით რეალიზაციის გამიჯვნის და გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ცალკე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს მე-2 სადავო საკითხის ნაწილში აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8046 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №225-31 საგადასახადო მოთხოვნა;

4. პირველი სადავო საკითხის ნაწილში: ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების შემცირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 85 741 ლარი და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა 126 468 ლარი, შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2.შემოწმების შედეგად რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 283 001 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები მომსახურების მიმღები მხარისგან. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დავის საგნის ამ ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის ტრანსპორტირებით რეალიზაციის გამიჯვნის და გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ცალკე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს მე-2 სადავო საკითხის ნაწილში აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101,145(3),159,160,163,275.