გადაწყვეტილება №20852/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20852/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 15.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20852/2/2023).
დავის საგანი:
განაწილებული დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №006-315 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19889 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 8 805 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 5 449
მოგების გადასახადი - 817
საშემოსავლო გადასახადი - 4 632
ჯარიმა - 2 520
საურავი - 836
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადითა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის სისწორის შემოწმების მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 3 ივნისიდან, წარმოადგენს ------- საწარმოს შპს „------ს“ (ს/ნ -----) შვილობილ კომპანიას. შესამოწმებელ კომპანიას დამფუძნებელ პირზე (შპს „------“), 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით. კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებით, განაწილებული დივიდენდის 5%- იანი განაკვეთით დაბეგვრა არ მომხდარა, ვინაიდან (წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად), აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან -------თან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოსა და -------ს სახელმწიფოს შორის გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი, გადახდის წყაროსთან იბეგრება საქართველოში. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2022 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, სადაც განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე 88 009 ლარის ოდენობით. შემოწმებით, განაწილებულ დივიდენდად განისაზღვრა 92 641 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 130-ე, 154-ე, 97-ე, და 981 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №15740 ბრძანება და №006-315 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19889 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადებით, საბანკო ამონაწერითა და ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციით აღნიშნული ოპერაცია თავად მომჩივნის მიერ განხილულია დივიდენდად და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილა მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან კომპანიას საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია, ანუ არ ქონია დასაბეგრი ოპერაცია, რაზედაც შემოსავლების სამსახურს არ მიუქცევია ყურადღება. ასევე არ იქნა გამახვილებული ყურადღება თანხის წარმომავლობაზე, რომლითაც კომპანიამ შეიძინა ავტომანქანა. აღნიშნულ ავტომანქანა შეძენილი იქნა დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით. კომპანიამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში განახორციელა ძირითადი საშუალების ავტომანქანის რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხა უკან დაუბრუნა დამფუძნებელს, ანუ მოხდა დამფუძნებლის ფულადი შენატანის უკან დაბრუნება. კომპანიის ფინანსური სამსახურის მიერ მოგების დეკლარაციაში არასწორად მოხდა დამფუძნებლის ფულადი შენატანის უკან დაბრუნების დეკლარირება. აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა ადექვატური რეაგირება გადასახადის გადამხდელის არასწორ დეკლარირებაზე და არ შეცვალა ოპერაციის შინაარსი, რითაც გადასახადის გადამხდელის შეცდომა უცვლელი დატოვა და დამფუძნებლის ფულადი შენატანის უკან დაბრუნების ოპერაციას უსამართლოდ დაერიცხა გადასახადი.
ამასთან აღნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ორი მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორი:
1. „საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება;
2. არ იქნა შესწავლილი კომპანიაში დამფუძნებლის ფულადი შენატანის განხორციელებისა და ფულადი შენატანის უკან დაბრუნების ოპერაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
„საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. დივიდენდები, რომლებიც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი იქნება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიცაა დივიდენდების გადამხდელი კომპანია, აღნიშნული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ამავე საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა ავტომანქანა დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით, ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, ხოლო მიღებული თანხა უკან დაუბრუნდა დამფუძნებელს, ანუ მოხდა დამფუძნებლის ფულადი შენატანის უკან დაბრუნება. მოგების დეკლარაციაში არასწორად მოხდა დამფუძნებლის ფულადი შენატანის უკან დაბრუნების დეკლარირება, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ დაშვებული შეცდომა უცვლელი დარჩა და რომ უსამართლოდ დაერიცხა გადასახადი. ამასთან აღნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული „საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
აუდიტის დეპარტამენტი 1.12.2023 წლის №122454-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, ავტომანქანის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით შესყიდვასთან და რეალიზაციის შემდგომ დამფუძნებლის მიერ ფულადი შენატანის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადებით, საბანკო ამონაწერითა და ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციით აღნიშნული ოპერაცია თავად მომჩივნის მიერ განხილულია დივიდენდად.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ განაწილებული დივიდენდი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან გადასახადის გადამხდელის მიერ, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან -------თან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების საფუძველზე. მაგრამ, საქართველოსა და -------ს სახელმწიფოს შორის გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და -------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი, გადახდის წყაროსთან იბეგრება საქართველოში.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ როგორც სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, მას არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და ამჟამადაც არ წარმოადგენს დოკუმენტებს/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
განაწილებული დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 3 ივნისიდან, წარმოადგენს შპს -ს შვილობილ კომპანიას. შესამოწმებელ კომპანიას დამფუძნებელ პირზე (შპს -ზე), 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით. კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებით, განაწილებული დივიდენდის 5%- იანი განაკვეთით დაბეგვრა არ მომხდარა, ვინაიდან (წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად), აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან შესაბამის ქვეყანასთან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, შეთანხმების შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი, გადახდის წყაროსთან იბეგრება საქართველოში. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2022 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, სადაც განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე 88 009 ლარის ოდენობით. შემოწმებით, განაწილებულ დივიდენდად განისაზღვრა 92 641 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ").