გადაწყვეტილება №21483/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21483/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21483/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2023 წლის №038-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25632 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 143 514 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 83 984
დღგ - 26 581
საშემოსავლო გადასახადი - 57 403
ჯარიმა - 41 814
საურავი - 17 716
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში და ასევე არის სხვადასხვა იურიდიული პირების ქვეკონტრაქტორი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 7 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო საქმიანობდა ქუთაისის, აჭარის და იმერეთის ტერიტორიებზე. გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა, შესაბამისად, მის მიერ არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. შესასრულებელ სამუშაოებს ასრულებდა დაქირავებული მუშახელით და ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. შესწავლილია სატენდერო ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების და ფორმა 2-ების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გაანგარიშებული მონაცემები შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა. კერძოდ, გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის დეკლარირებული სატენდერო ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად. აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით სხვადასხვა სამშენებლო მასალები, რომლებიც გადაზიდულია ისეთ მისამართებზე, სადაც არ განხორციელებულა სამშენებლო პროექტი. კერძოდ, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ზუგდიდი. შემოწმებით მოხდა აღნიშნული ზედნადებების შესწავლა და ანალიზი. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნულ მისამართებზე პირის სასაწყობე, საოფისე ან/და სხვა ტიპის ფართის არსებობის ფაქტი. შემოწმებით ისეთ მისამართებზე მიტანილი მასალები, სადაც გადამხდელს პროექტი არ განუხორციელებია, ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. ამ ნაწილში შემოწმების აქტში ინფორმაცია არ არის ასახული, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდიდა 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მაისის თვეში დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორ/კრედიტორების ურთიერთშედარების აქტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული მეთოდით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს მიღებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სპეც. ანგარიშფაქტურებით საწვავის შეძენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის გასს-ის მონაცემების მიხედვით, კომპანიას ტექნიკა, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა შეძენილი საწვავი, არც საკუთრებაში და არც იჯარით აღებული არ უფიქსირდება. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით არ დასტურდება აღნიშნული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შემოწმებისას შემცირდა საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
5. შემოწმებისას შესწავლილ იქნა საბანკო ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდებზე გადამხდელის მიერ წარდგენილი „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული და დაკავებული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ მონაცემებისგან, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული განაცემები ნულის ტოლია, ხოლო ბანკიდან გადარიცხულმა სახელფასო განაცემმა შეადგინა 4 800 ლარი. შედეგად, შემოწმებისას დაკორექტირდა და გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.02.2023 წლის №3435 ბრძანება და №038-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა არის თუ არა კომპანიის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე;
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 7.08.2023 №19613/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა სულ 157 095 ლარით, მათ შორის: გადასახადი 104 862 ლარი და ჯარიმა 52 233 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.08.2023 წლის №038-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაზრდილია მხოლოდ ერთ თვეში, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს მიერ 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი აქვს №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე ერთი თვით ადრე (შემოწმება დაიწყო 2022 წლის 13 ივლისის №3395 ბრძანებით) შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია მაისის თვეში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. ფაქტობრივად განხორციელდა საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 2022 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული თანხების გაანგარიშება, სადაც დადგინდა, რომ №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხები დაბეგრილი აქვს. დასკვნაში აღნიშულია, რომ შემოწმება არ მოიცავდა ივნისის თვეს და მაგიტომ არ განხორციელდა 10%-იანი ჯარიმის განხილვის საკითხი. აღნიშულ საკითხში არ აღსრულებულა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანება, ვინაიდან საბჭომ განხილვისას იცოდა იმ გარემოების შესახებ, რომ 2022 წლის ივნისის თვე არ იყო დღგ-ის მიზნით შესამოწმებელი პერიოდი. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 13 ივლისის N3395 ბრძანებით განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდი, რომლის მე-2 პუნქტში აღნიშულია, რომ „შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 1.01.2022-დან 7.07.2022-მდე საანგარიშო პერიოდები“. შემოწმების დაწყებიდან 2 დღეში, 2022 წლის 15 ივლისს წარდგენილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია და დაიბეგრა სადავო თანხა ივნისში (შემოწმების დაწყებამდეა გამოწერილი ფაქტურა, დაბეგრილია ივნისის თვეში და გადასახადის დამალვას ადგილი არ ჰქონია).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გამოყენებული იქნას 275-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჯარიმა დაეკისროს, როგორც საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
2021 წლის 31 დეკემბერს ბანკომატიდან გამოტანილია 3500 (3000+1500) ლარი, რომელიც ამონაწერში ასახულია 1.01.2022 წელს (ამონაწერშივე ჩანს თანხის გატანის ზუსტი თარიღი, 31.12.2021). კომპანია შემოწმებულია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 31 დეკემბერს ბანკომატიდან გატანილი თანხა წინა შემოწმების მიერ ერთხელ უკვე განხილულია სალაროში შეტანილ თანხად, რის გამოც დუბლირებულადაა ეს თანხა დაბეგრილი ორი სხვადასხვა შემოწმების მიერ. აღნიშულ საკითხზე დასკვნით შემცირება არ განხორციელებულა. ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით ფულის მოძრაობის (სალაროს) დამატებით შესწავლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
სალაროს ნაშთის გაანგარიშება არაა სრულყოფილი. ითხოვს, წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით ფულის მოძრაობის (სალაროს) დამატებით შესწავლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
ვინაიდან არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25632 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304