ბრძანება N 32665

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32665

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 6 ნოემბრის №84686/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნებისთვის შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ღირებულებების შესახებ.

აღნიშნულ დასკვნაში ასახული ქონების საბაზრო ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის თანხას, თუმცა მისი გათვალისწინება არ მოხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ დასკვნაში ასახული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. გადამხდელის პოზიციით, ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების საბაზრო ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე. ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებებისგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდირებული გადაფასების მოდელის გამოყენებას, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისთვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით. ის გარემოება, რომ აქტივის ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალების ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს. კომპანიებზე, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს, არ ვრცელდება ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის, ვისაც გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9898 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9898 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს ,,---ს“ მიერ 2023 წლის 18 მაისს წარმოდგენილ იქნა შპს „---თან“ გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მომსახურების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ექსპერტიზის დასკვნა შპს ,,---ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ს ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიმდინარე დასკვნით შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა შპს ,,---ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ს ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9898 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.