გადაწყვეტილება №22972/2/2024
📄 სრული ტექსტი
№22972/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22972/2/2024).
დავის საგანი: 1. კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და საბანკო ანგარიშებზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულების ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში;
2. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №006-661 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6290 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 218 006.5 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 119 664
ჯარიმა - 59 832
საურავი - 38 510.5
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
2021 წლის ივლისის, 2022 წლის მარტის, მაისის, ნოემბრის და 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №8311 და 2.05.2023 წლის №9553 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.12.2023 წლის №32342 ბრძანება და ამავე თარიღის №006-661 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.03.2024 წლის №6290 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და საბანკო ანგარიშებზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულების ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, კომპანიის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბანკო ანგარიშებზე მიღებულია გაწეული მომსახურებების ღირებულებები, რომლებიც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბანკო ანგარიშზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილება - არასრული დეკლარირება აქტის მიხედვით, კომპანიის შეეცვალა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. 2021 წლის ივლისის თვეში დეკლარირებულია 168 583 ლარის ბრუნვამ, რევიზიით დადგენილია 321 480 ლარის ბრუნვა; 2022 წლის მარტში დეკლარირებულია 0, რევიზიით დადგენილია 285 621 ლარის ბრუნვა; 2022 წლის მაისში დეკლარირებულია 0, რევიზიით დადგენილია 226 303 ლარი.
ამ საფუძვლით საგადასახადო ორგანომ დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრა 664 821 ლარით და დამატებით დაარიცხა 119 664 ლარის დღგ და ჯარიმა 59 832 ლარი, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია არსებობდეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. კომპანია აწარმოებს სამუშაოებს ტენდერით მოგებულ ობიექტებზე. ასეთი სამუშაოების სრულიად გამჭვირვალეა და ყველა მონაცემი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებ გვერდზე. თეორიულად, შეიძლება იყოს მცირეოდენი აცდენა დროში. რადგან ფორმა 2 და მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ დამკვეთმა ჩაიბარა სამუშაო და შემსრულებელმა მოიპოვა ანაზღაურების უფლება. სატენდერო პირობებით ზუსტად არის გაწერილი თუ როდის ითვლება სამუშაო/დაკვეთა შესრულებულად. შესაბამისად, კომპანიამ აღიარა შესრულება იმ თარიღით რა თარღითაც დამკვეთმა შესრულება მიიღო.
ითხოვს საკითხის შესწავლას გადასახადის გადამხდელთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბანკო ანგარიშზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულებები.
მომჩივანი განმარტავს, რომ რადგან შედგენილია ფორმა 2 და მიღება - ჩაბარების აქტი, არ ნიშნავს რომ დამკვეთმა ჩაიბარა სამუშაო და შემსრულებელმა მოიპოვა ანაზღაურების უფლება. სატენდერო პირობებით ზუსტად არის გაწერილი თუ როდის ითვლება სამუშაო/დაკვეთა შესრულებულად. შესაბამისად, კომპანიამ აღიარა შესრულება იმ თარიღით რა თარღითაც დამკვეთმა შესრულება მიიღო. ითხოვს საკითხის შესწავლას გადასახადის გადამხდელთან ერთად.
მომჩივნის წარმომადგენელი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, თუმცა განხილვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, საბჭოს მიაჩნია რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 59 832 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269- ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და საბანკო ანგარიშებზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულების ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში; დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ აქვს ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბანკო ანგარიშზე მიღებული გაწეული მომსახურებების ღირებულებები. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 164(1); 275; 269(7).