ბრძანება N 17524

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.07.2024
№ დოკუმენტი 17524
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17524

26 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 24 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ----) 2024 წლის 24 ივნისის №90353/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №006-241 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის სექტემბრის თვეში დაბეგრილია შპს „---თვის“ შესრულებული ოპერაცია (ეა----) და გამოქვითულია ავანსად ჩარიცხული დღგ-ის თანხა, თუმცა შემოწმებამ ჩათვალა, რომ სექტემბრის თვეში სრულად არ იყო დაბეგრილი აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურის დღგ გამოკლებული იყო ზედმეტად, რაც გადასახადის გადამხდელის მითითებით არასწორია. აღნიშნავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსად ჩარიცხული თანხების დღგ გამოქვითულია 2022 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო დარიცხვა არცოდნით შემცირებული იყო 2022 წლის ივლისის თვეში, ვინაიდან აღნიშნულ თვეს არ იყო გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე გამოასწორა დაშვებული შეცდომა და დააზუსტა გამორჩენილი დღგ-ის თანხა. აცხადებს, რომ 2022 წლის ივლისის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----) გამოწერილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკორექტირებული იქნა 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაცია და გაწერილია ავანსის ავ---- ანგარიშ-ფაქტურა მომჩივანს უსაფუძვლოდ მიაჩნია 2022 წლის ოქტომბებში დღგ-ის დარიცხვა და ითხოვს ზედმეტად დარიცხული დღგ და შესაბამისი ჯარიმის შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებით დაიბეგრა შპს „---თან“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ---). განმარტავს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ 2022 წლის ოქტომბრის თვეში ჩარიცხა 37 244 ლარი, რომელზეც გამოიწერა ზემოხსენებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა საოპერაციო თვის დასრულებამდე განხორციელდა მომსახურება, გამოიწერა შესრულების საგადასახადოანგარიშ-ფაქტურა (ეა----) და შესაბამისად, გაუქმდა მანამდე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ითხოვს გაუქმებულ ავ---- ანგარიშ-ფაქტურაზე დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი ჯარიმის შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ეა---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 2 118 ლარს, ხოლო დეკლარაციაში დასაბეგრი თანხა შეცდომით აისახა, კერძოდ, 211 ლარი. განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10743 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 30 მაისის №12753 ბრძანება და ამავე თარიღის №006-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 704 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 355 ლარი, ჯარიმა 8 092 ლარი, საურავი 4 257 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოწმების პროცესში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 299 253 ლარს, წინასწარ გადახდილი საკოპენსაციო თანხა 106 952 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 101 428 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 90 873 ლარის ოდენობით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დადგენილ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 299 253 ლარს, წინასწარ გადახდილი საკოპენსაციო თანხა 106 952 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 101 428 ლარი. შესაბამისად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 90 873 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახდის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „----გან“ მიღებული აქვს ავანსი 166 802.66 ლარის ოდენობით (ავ----). აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მხარეებს შორის 2022 წლის ივლისის თვეში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ეა----) 76 044.79 ლარის ოდენობით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ ოპერაციაზე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----) 225 162 ლარზე.

შედეგად, შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ავანსის ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი ბრუნვით განაშთულ იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების საფუძველზე გამოწერილი და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განსაზღვრული ბრუნვა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, სხვაობის თანხის წინა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციასთან, გარდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა (ავ----), სხვა ელექტრონული დოკუმენტის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) კავშირი არ ვლინდება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი დამატებით განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდში დეკლარირების დადასტურება. ხოლო, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული 2022 წლის ივლისის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (ავ----), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქვს გაუქმებულის სტატუსი, აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 2022 წლის სექტემბრის თვის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----) გაუქმებულია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის თვეში შპს „----თან“ გამოწერილია ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----), საიდანაც გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ ერთი საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა----).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ურთიერთკავშირი შემოწმებით ვერ დადასტურდა, ხოლო აღნიშნულ ოპერაციებზე სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი, შესაბამისად, ოქტომბრის თვეში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დეკლარირებული (ავ----) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დეკლარირებას. ამასთან, დადგინდა, რომ შპს „---ს“ მიერ შპს „----თან“ შეთანხმებით, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ, 2024 წლის 13 ივნისს გაუქმდა ზემოაღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, შპს „----მა“ 2022 წლის ოქტომბერში კომპანიას ჩაურიცხა 37 244 ლარი, რომელზეც გამოიწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----), თუმცა საოპერაციო თვის დასრულებამდე განხორციელდა მომსახურება, გამოიწერა შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----) და შესაბამისად, გაუქმდა მანამდე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს შპს „----ის“ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადს „ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების შესახებ“, რომლითაც ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ავ----) გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტად დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 90 873 ლარის ოდენობით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დადგენილ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 180; 269 (7).