ბრძანება N 19668

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 19668
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19668

02 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის” (ს/ნ ---------------)

(მის.: ---------------------------------)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „---------ის” (ს/ნ ---------------) 2024 წლის 7 აგვისტოს №132569/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ 01.01.2020-01.03.2023 წლებში მიღებულ ავანსზე შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ზე არ არსებობს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას შეემცირებინა დღგ შემდგომში ეტაპობრივად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე შესრულების პროპორციულად. მიუთითებს, რომ 2023 წლის ივლისის თვეში შეუძლებელი იყო დღგ-ის თანხის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არარსებობის გამო, თუმცა ანგარიშ-ფაქტურა (საჩივარში მიუთითებს კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურების ნომრებს) არ მიაბა დეკლარაციას და შესაბამისად, არც გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ იქნა ასახული, ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტის და ივნისის თვეებში იმავე მიზეზით ვერ მოხერხდა დღგ-ის თანხის გაქვითვა და ზედმეტად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 14 961.85 ლარი. ასევე, 2023 წლის აგვისტოს თვეში შემოწმების მიერ ამოღებულ იქნა დეკლარაციიდან გასაქვითი დღგ-ის თანხა 518.16 ლარი (მიუთითებს გარკვეულ გაანგარიშებაზე). ასევე ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის გაქვითვა/კორექტირება 2024 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში. შედეგად, გადამხდელი ითხოვს ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ჯარიმა/საურავს და ითხოვს შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №13309 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის” (ს/ნ ---------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16107 ბრძანება და 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 31 052 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 785 ლარი, ჯარიმა 9 185 ლარი, საურავი 3 082 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, 2023 წლის ივლისის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 268 297 ლარს (დღგის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 68 378 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 199 918 ლარს, 2023 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 407 387 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 146 253 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეაგენს 261 133 ლარს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის” (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობას.ასევე,შემოწმებით დარიცხულ ჯარიმა/საურავს და ითხოვს შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13309 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №16107 ბრძანება და №094-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 31 052 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 180(1); 269(1,7);