ბრძანება N 18955 -1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18955
12/06/2019
სს -------------------------------------
(შპს --------უფლებამონაცვლე)
(მის: ----------------------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 10 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N30) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მასთან შერწყმული შპს ---------------შერწყმული შპს ------------- მიმართ დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N002-488 „საგადასახადო მოთხოვნას“.
წარმოდგენლი საჩივრის მიხედვით სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, ამასთან ასევე არ ეთანხმება სხვა დანარჩენი ქონებაზე სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად ქონების გადასახადის დარიცხვას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 ივნისის N13629 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- (იურიდ. მისამართი: -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება მხოლოდ მასთან შერწყმული შპს ----- შერწყმული შპს ----- დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N39659 ბრძანება და ამავე თარიღის N002-488 „საგადასახადო მოთხოვნა“.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება :
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ძირითადი საშუალებების აღრიცხვისათვის უძრავი ქონების ჯგუფზე იყენებს გადაფასების მეთოდს (2016 და 2017 წლებში აქვს შესაბამისი დასკვნები) და ქონების გადასახადს იხდის (მხოლოდ იჯარით გაცემული ქონების ნაწილში) სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, ანუ "დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით)."გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დასაბეგრი ქონების მიმართ გამოეყენებინა დადგენილი საბაზრო ფასი (ფიქსირებულად), ასევე სსკ-ის 201-ე, 202-ე და 206-ე მუხლების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე ქონების გადასახადი გადაეხადა არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდება (გაიზრდება) ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ოდენობა.
საზოგადოება შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა მიწის ფართს ქ. თბილისში, ---- ში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლები მიღებული აქვს არასამედიცინო მომსახურების გაწევიდან, მათ შორის იჯარიდან, საზოგადოება მიწაზე ქონების გადასახადს იხდის მხოლოდ იჯარით გაცემული ფართის პროპორციულად.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლები მიღებული აქვს არასამედიცინო მომსახურების გაწევიდან (იჯარა, რეზიდენტურა, კლინიკური კვლევები, მედიკამენების რეალიზაცია, ბიქსების სტერილიზაცია და სხვა).
სსკ-ის 206-ე მუხლის 1 ნაწილის "ჭ" ქვეპუნქტის თანახმად ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია "სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები".
სსკ-ის 203-ე მუხლის თანახმად: "მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე." შემოწმებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულად დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს:
სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია:ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
სსკ-ის 111-ე მუხლის მიხედვით შენობები აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები;
სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით.
სსკ-ის 60-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი სსკ-ის 275-ე მუხლზე, რომლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ შეღავათის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ქონების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენება და შესაბამისად, თუ იგი გამოიყენება სამედიცინო საქმიანობაში, მიუხედავად იმისა კომპანიას უფიქსირდება თუ არა შემოსავალი არასამედიცინო საქმიანობიდან, ქონება არ ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას, ქონების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება გადასახადის გადამხდელს აქვს მხოლოდ ქონების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია სამედიცინო საქმიანობასთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე, რომელიც ერთდროულად გამოიყენება, როგორც სამედიცინო საქმიანობაში, ასევე არასამედიცინო საქმიანობაში (მაგ: ფართები ადმინისტრაციისთვის, სტუდენტებისთვის გამოყოფილი ფართები და ა.შ), მიზანშეწონილია ქონების გადასახადი განისაზღვროს სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების პროპორციულად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულყოფის მიზნით, შემმოწმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს სსკ-ის 37-ე თავით განსაზღვრული კონტროლის პროცედურები.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულებები სადავო უძრავი ქონების ფართების იდენტიფიკაციის შესახებ (მ.შ სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების შესახებ დეტალური ინფორმაცია/მტკიცებულებები). თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ქონების გადასახადი გაიანგარიშოს სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების პროპორციულად. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს ----- (შპს -----) უფლებამონაცვლე) საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებთ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულებები სადავო უძრავი ქონების ფართების იდენტიფიკაციის შესახებ (მ.შ სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების შესახებ დეტალური ინფორმაცია/მტკიცებულებები). თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ქონების გადასახადი გაიანგარიშოს სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების პროპორციულად. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, ასევე არ ეთანხმება სხვა დანარჩენი ქონებაზე სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელი ძირითადი საშუალებების აღრიცხვისათვის უძრავი ქონების ჯგუფზე იყენებს გადაფასების მეთოდს და ქონების გადასახადს იხდის მხოლოდ იჯარით გაცემული ქონების ნაწილში სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით. გადამხდელი ვალდებული იყო დასაბეგრი ქონების მიმართ გამოეყენებინა დადგენილი საბაზრო ფასი (ფიქსირებულად), ასევე უძრავ ქონებაზე ქონების გადასახადი გადაეხადა არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულად. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადამხდელს შემოსავლები მიღებული აქვს არასამედიცინო მომსახურების გაწევიდან, გადამხდელი მიწაზე ქონების გადასახადს იხდის მხოლოდ იჯარით გაცემული ფართის პროპორციულად. შემოწმებით, საწარმოს არასამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულად დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გაანალიზოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ქონების გადასახადი გაიანგარიშოს სამედიცინო და არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ფართების პროპორციულად. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 111; 201(1); 202; 203; 206(1,,წ“); 206(1,,ჭ“); 275