გადაწყვეტილება №20442/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20442/2/2023
18 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20442/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 152 168 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 433
დღგ - 44 405
მიწა-არასასოფლო - 1 884
მოგების გადასახადი - (-141 295)
საშემოსავლო გადასახადი - 159 375
ქონების გადასახადი - 64
ჯარიმა - 64 416
საურავი - 23 319
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 13 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32067 ბრძანება და 21.12.2022 წლის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 3.08.2023 წლის №----------21-04 წერილით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 28 აპრილს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 3 ივლისს. ამასთან, ვინაიდან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ მოხდა აღნიშნული ბრძანების გაცნობა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13462 ბრძანებით განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 4 ივლისს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 28 აპრილს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 3 ივლისს, გასაჩივრების ბოლო დღეა 24 ივლისი (მე-20 დღე 23 ივლისი არის კვირა), საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 1 აგვისტოს ელექტრონულად, გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში მითითებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის მინდობილ პირს (ედიშერ ჩოკორაია), რომელსაც ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით და ეთხოვა მტკიცებულების წარმოდგენა. ამასთან, 2023 წლის 5 სექტემბერს კვლავ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ საჩივრის განხილვის მომენტისათვის არანაირი არგუმენტი/მტკიცებულება მომჩივნის მხრიდან წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დოკუმენტს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 28 აპრილს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 3 ივლისს, გასაჩივრების ბოლო დღეა 24 ივლისი (მე-20 დღე 23 ივლისი არის კვირა), საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 1 აგვისტოს ელექტრონულად, გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9347 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დოკუმენტს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე);