გადაწყვეტილება №24809/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.04.2025
№ დოკუმენტი 24809/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24809/2/2025

17 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24809/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №001-125 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №1971 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 42 123.84 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №30186 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 308 495.30 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 463 514.19 ლარი, ასევე გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხავი სმფ-ები 49 920 ლარის საბაზრო ღირებულებით. გამოვლენილ დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №186260 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 46 351.42 ლარი, ხოლო აღურიცხავ საქონელზე 29.03.2024 წლის №186261 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, (4 960 ლარი). აღნიშნული ოქმები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს დაევალა 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს მტკიცებულებები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კი დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 16.12.2024 წლის №26374 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად დანაკლისის ნაწილში ჯარიმა 46 351.42 ლარი შემცირდა 4 227.58 ლარით და შეადგინა 42 123.84 ლარი, ხოლო აღურიცხავის ნაწილში ჯარიმა 24 960 ლარი სრულად გაუქმდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №26374 ბრძანების საფუძველზე გამოიცა 16.12.2024 წლის №001-125 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №1971 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევის ოქმებზე წარდგენილი საჩივრით ითხოვდა საბოლოო შედეგების გადაანგარიშებას, რადგან თვლიდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დათვლილი საბოლოო ნაშთი არ შეესაბამებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთს, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 545 214,83 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 682 185,83 ლარს. ითხოვდა გამოვლენილი უზუსტობის შედეგის ახსნას. გადაანგარიშების შედეგების გაცნობის შემდგომ ითხოვს კიდევ ერთხელ იქნას შესწავლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამისობის საკითხი, კერძოდ: - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 545 214,83 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 682 185,83 ლარს. - ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული პირის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 50.25%. ამ სიდიდის ფასნამატის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული პირის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება იძლევა საკმაოდ რთულ მდგომარეობას. კომპანია სხვადასხვა საქონლის ჯგუფების მიმართ სხვადასხვა ფასნამატს იყენებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ყალიბდება. ფასის სიდიდის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს საქონლის შეძენის და მისი რეალიზაციის პერიოდიც. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული ფასნამატი, გაანგარიშებულია ხისტად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. კომპანია ყიდის საქონელს ფასდაკლებებით და შეიძლება გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც, რადგან ფასს კარნახობს მომხმარებელი, საქონლის ხარისხიდან, საქონელზე მოთხოვნის არსებობიდან გამომდინარე. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შეიქმნას საქონლის ჯგუფები, ერთგვაროვანი ფასნამატის და ასორტიმენტის გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს დაევალა 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს მტკიცებულებები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კი დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 16.12.2024 წლის №26374 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ: „შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დათვლილი საბოლოო ნაშთი არ შეესაბამება მის მიერ მიწოდებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთს. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენს 545 214.83 ლარს, ხოლო მის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენს 682 185.83 ლარს. გამოვლენილი უზუსტობის შედეგი არ არის ახსნილი და გაცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და დარიცხული თანხების გადაანგარიშება. გადაანგარიშების შედეგად დანაკლისის ნაწილში 46 351.42 (463514.19X10%) ლარი შემცირდა 4 227.58 (42275.84 X10%) ლარით და ჯარიმამ შეადგინა 42 123.84 (421238.35X10%) ლარი. ხოლო აღურიცხავის ნაწილში 24 960 (49920X50%) ლარი, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტების შედეგად, სრულად გაუქმდა“.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 545 214,83 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა 682 185,83 ლარს. ასევე, არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას, რადგან კომპანია სხვადასხვა საქონლის ჯგუფების მიმართ სხვადასხვა ფასნამატს იყენებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ყალიბდება. ფასის სიდიდის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს საქონლის შეძენის და მისი რეალიზაციის პერიოდიც. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შეიქმნას საქონლის ჯგუფები, ერთგვაროვანი ფასნამატის და ასორტიმენტის გათვალისწინებით.

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.03.2025 წლის №18414-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის დაწყებისას გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა 4 ხელწერილი, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სმფ-ები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სმფ-ების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. კომპანიის ობიექტებში 4.12.2023 წლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 545 214.83 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები პირვანდელი ღირებულებით. საანგარიშო პერიოდად აღებულია 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე, 4.12.2023 წლამდე, პერიოდი. სმფ-ების საწყისი ნაშთი იყო 756 473.2 ლარი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ის პირვანდელი ღირებულება შეადგენდა 108 400 ლარს. პერიოდის განმავლობაში რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებად აღებულია საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით 18 785.52 ლარი. ფასნამატად გამოყენებულია სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული პირის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 50.25%. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 853 710.13 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 308 495,30 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 464 285.43 ლარი, ასევე, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხავი სმფ-ები 49 920 ლარის საბაზრო ღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარადგინა აღურიცხავი სმფ-ების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები, ინვოისები), რის მიხედვითაც, სრულად გაუქმდა დარიცხული ჯარიმის თანხა 24 960 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დანართი №16-ით ინვენტარიზაციის დროს დათვლილი საქონლის თვითღირებულება 28 137 ლარით, რის შედეგადაც შემცირდა დანაკლისის ოდენობა საბაზრო ღირებულებით 42 276 ლარით, ხოლო ჯარიმის თანხა 4 227 ლარით. დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 42 123 ლარი, ხოლო გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა აღურიცხავის ნაწილში - 24 960 ლარი გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სრულად განულდა. შედეგად, განხორციელდა საგადასახადო სამართალდარღვევის №186260 და 186261 ოქმებით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 308 495.30 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 463 514.19 ლარი, ასევე გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხავი სმფ-ები 49 920 ლარის საბაზრო ღირებულებით. გამოვლენილ დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 46 351.42 ლარი, ხოლო აღურიცხავ საქონელზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, (4 960 ლარი).

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13286 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 ( 1, გ).