ბრძანება N 33333

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 25.09.2019
№ დოკუმენტი 33333
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 33333

25/09/2019

შპს -------------

(მის: ქ. -------)

2019 წლის 02 ივლისის

საჩივრის/განცხადების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 02 ივლისის N134927/01 საჩივარი/განცხადება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის N021-54 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N63).

გადამხდელი ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით ითხოვს საჩივრის/განცხადების წარმოებაში მიღებას და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის N021-54 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის აღდგენას. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ თითქმის 9 წელია ცხოვრობს ----- ში, ნაქირავებ ბინაში, საქმიანობას აწარმოებდა -----ში, მის მიერ გაგზავნილ ყველა საჩივარზე მითითებული არის გადამხდელის ტელეფონის ნომერი, ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი, ბუღალტერი არ ჰყავს და არც თავად არ ჰქონია შეხება RS.GE-ს ფოსტაზე. შესაბამისად, ვინაიდან ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე არ გაგზავნია გადამხდელს სადავო კორექტირებული N021-54 „საგადასახადო მოთხოვნა“, რის გამოც გაუვიდა მისი გასაჩივრების ვადა, ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს გადამხდელი შემოსავლების სამსახურმა განმეორებით განიხილოს განცხადება და აღადგინოს გაშვებული ვადა.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის N6712 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ:

1. შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ფასნამატის გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტმანეტს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საქონლის (პოლიეთილენის პარკი) უსასყიდლოდ მიწოდების ნაწილში განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0711 სიტუაციური სახელმძღვანელოს პრინციპის გათვალისწინებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება.

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ----- ს მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, რაზედაც 2018 წლის 20 ივნისს შედგენილი იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 02/07/2018 წლის N16705 ბრძანება და 04/07/2018 წლის 021-54 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის N021-54 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის 01 მარტს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის N13447 ბრძანებით დატოვებული იქნა განუხილველად (განუხილველად დატოვების საფუძველი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტზე, რომლის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სსკ-ის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური იუთითებს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც საჩივრის სსკ-ის 299-ე მუხლის მიხედვით დავის დაწყების საფუძველს გახდიდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი, შესაბამისად გადამხდელის საჩივარი/განცხადება დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საჩივარი 2018 წლის 04 ივლისის N021-54 კორექტირებული ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე:

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივრი/განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს -----ს საჩივარი 2018 წლის 04 ივლისის N021-54 კორექტირებული ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

3. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით ითხოვს საჩივრის/განცხადების წარმოებაში მიღებას და აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის აღდგენას. გადამხდელი მიუთითებს, რომ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ვინაიდან ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე არ გაგზავნია გადამხდელს სადავო „საგადასახადო მოთხოვნა“, რის გამოც გაუვიდა მისი გასაჩივრების ვადა, ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს შემოსავლების სამსახურმა განმეორებით განიხილოს განცხადება და აღადგინოს გაშვებული ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, რაზეც გამოიცა 2018 წლის 04 ივლისის კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“. რომელიც გადამხდელის მიერ 2019 წლის 01 მარტს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი, შესაბამისად გადამხდელის საჩივარი/განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საჩივარი კორექტირებული ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6); 299(7); 301,,ე“; 301,,ზ“