გადაწყვეტილება №18051/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18051/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------"-ს 21.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18051/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის გადაწყვეტილების (№16024/2/2022) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №001-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 22 289 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 20 692
საურავი - 1 597
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ქონების გადასახადის კუთხით 2018, 2019 და 2020 წლების დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის კუთხით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს იურიდიულ მომსახურებებს, რამდენიმე კომპანიაში მუშაობს დაქირავებით და იღებს ხელფასს. შემოწმებისათვის წარდგენილი ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობებისა და ამ ანგარიშებიდან ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2020 წელს გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა, აგრეთვე ჩარიცხული აქვს გაწეულ მომსახურებებზე ანაზღაურებული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ასევე, ანგარიშზე ჩანს ე.წ. გადახდის აპარატებიდან ჩარიცხული თანხები (დაახლოებით 20 000 ლარის ოდენობით), სადაც არ იკვეთება თანხის დანიშნულება.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული მომსახურების თანხები ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებების ანაზღაურებად და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადახდის აპარატების მეშვეობით მიღებულ თანხებთან დაკავშირებით, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის პოზიცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2021 წლის №38268 ბრძანება და 14.12.2021 წლის №001-407 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 24 193 ლარი (გადასახადი 18 106 ლარი, ჯარიმა 5 173 ლარი, საურავი 914.78 ლარი).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 26 784.30 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, 2021 წლის 15 დეკემბრის №001-31968 შეტყობინების საფუძველზე, მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
გადასახადის გადამხდელმა, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის №001-407 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 დეკემბრის №001-31968 შეტყობინებასთან დაკავშირებით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4913 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ ხარჯების გაუთვალისწინებლობა), გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4913 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.07.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16024/2/2022) მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
საბჭოს 7.07.2022 წლის გადაწყვეტილების (№16024/2/2022) აღსრულების შედეგად გაუქმდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმა 5 173 ლარის ოდენობით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა 10.10.2022 წლის №001-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №001-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ 21.10.2022 წლის №105891-21-04 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 10 სექტემბერს განცხადებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა გაწეული ხარჯების შესახებ საბანკო ანგარიშის ამონაწერები და აღნიშნა, რომ ამ მონაცემების შემცველი ამონაწერები, მოთხოვნის საფუძველზე, შემოწმების ჩატარების პროცესშიც მათ ხელთ იყო და მასში ასახული უტყუარი ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ შემმოწმებელმა გაურკვეველი მიზეზით არ გაითვალისწინა. აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა რა გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტები, ეთხოვა ამ დოკუმენტებით (ამონაწერების) დადასტურებული ხარჯების გათვალისწინება და შესაბამისად დასაბეგრი ბაზის შემცირება, დარიცხული თანხის კორექტირება.
მიუხედავად აღნიშნულისა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 5 ოქტომბერს გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც გაწეული ხარჯები არ არის გათვალისწინებული, მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ევალება 20 692 ლარის საშემოსავლო გადასახადის გადახდა და ერიცხება საურავი 1 596.87 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან 2022 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გადასახდელი თანხა მხოლოდ საურავის სახით ერიცხება 863.87 ლარი, რაც რადიკალურად განსხვავდება, მანამდე ერთი კვირით ადრე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნისგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაა მომხდარი შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაწეული ხარჯების გათვალისწინების შესახებ, ითხოვს 5.10.2022 წლის დასკვნის, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №25779 ბრძანების და №001-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აღებული ინფორმაციით 2022 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ გადასახდელი თანხა, ისიც მხოლოდ საურავის სახით 863.87 ლარის ოდენობით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უკანონოდაა დატვირთული მისი კუთვნილი ქონება, რომელიც 400-ჯერ და მეტად აღემატება შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის დაკისრებულ ვალდებულების ოდენობას. ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის2021 წლის 15 დეკემბრის №001-31968 შეტყობინების გაუქმებას და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გათავისუფლებას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16024/2/2022), მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, გაუქმდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმა 5 173 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის დასკვნას, გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა არ მიუთითებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას საბჭოს 7.07.2022 წლის გადაწყვეტილების შეუსაბამოდ, ამასთან წარმოადგენს არგუმენტებს იმ საკითხებზე რაზეც საბჭომ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა, მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის ნაწილში.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16024/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.