გადაწყვეტილება №24493/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 24493/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24493/2/2024

26 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 22.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24493/2/2024).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 49 537.67 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №5856 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 495 376.68 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 49 537.67 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 491 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი დათვლილია 2019 წლიდან, ხანდაზმულობის პერიოდის გათვალისწინებით, რის საფუძველზეც, ხელოვნურად გაიზარდა საქონლის ნაშთის ოდენობა. არ ეთანხმება 2021 წლის საქონელზე 2024 წლის საბაზრო ფასების გავრცელებას. მიაჩნია, რომ საწარმოს ბუღალტრული ნაშთი დათვლილია არასწორად. ასევე აღნიშნავს, რომ ერთი კილო საქონლის ფასი დადგენილია 2024 წლის მარტის მდგომარეობით, რომელიც გამოყენებულ იქნა მთელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულ საქონელზე, რაც ლოგიკას მოკლებულია და იწვევს ფასნამატის ხელოვნურ გაზრდას. განმარტავს, რომ 2021 წლის საქონლის ფასი ვერანაირად ვერ იქნება 2024 წლის საქონლის ფასის ტოლფასი. აღნიშნული გულისხმობს, რომ ინფლაციის პირობებში, მეწარმე ბევრად უფრო დიდ მოგებაზე მუშაობდა ვიდრე 2024 წელს. ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.01.2025 წლის №1855-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელებულიყო იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ. მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შევსებული სრულყოფილად. ჟურნალში არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სმფ-ების ნაშთების გაანგარიშებაში მომხდარიყო მასში ასახული მონაცემების გათვალისწინება.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №21-ის და დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ). მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა იყო 248 615 კგ. ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასის 6,54 ლარი გაანგარიშებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით მის სარეალიზაციო ფასთან. რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა 64 191.2 კილოგრამი აღებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხის ერთეული კილოგრამის ფასზე შეფარდებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა შეადგინა 119 589.03 კილოგრამი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 782 112.26 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის მედიაციის საბჭო №62 სხდომის ოქმით გადასახადის გადამხდელის წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს დაევალა ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებისთვის წარმოედგინა პოზიციაში დაფიქსირებული არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია. მის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მედიაციის საბჭოს №62 სხდომის ოქმის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 495 376,68 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელმა 8.04.2024 წელს წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19), სადაც 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენდა 63 047,11 ლარს დღგ-ის გარეშე (11370კგ). ვინაიდან გადასახადის გადამხდელი 2019 წლის პირველი იანვრიდან არის მცირე მეწარმის სტატუსის მქონე და არც 2021 წლის საშემოსავლო დეკლარაციაში და არც მის შემდგომ წარდგენილ დეკლარაციებში არ ფიქსირდება სმფ-ების საწყისი ნაშთი. ანალიტიკური გაანგარიშებით მოხდა 1.01.2021 წლის მდგომარეობით სმფ-ების საწყისი ნაშთების დადგენა. სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენდა 416 665,06 ლარს დღგ-ის გარეშე (75178,1 კგ).

გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, განხორციელებული პროცედურით დადგინდა, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი არ დაემთხვა ფაქტიური აღწერის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს, ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სარეალიზაციოდ განკუთვნილ საქონელზე ფასმაჩვენებლები არ ჰქონდა გამოკრული, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1601610. 2019-2024 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით გაყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ღირებულება ემთხვევა და რიგ შემთხვევებში აღემატება ფაქტიური აღწერის დროს დაფიქსირებულ იდენტური დასახელების მქონე სმფ-ების სარეალიზაციო ფასებს. მომჩივანი არ ეთანხმება 2021 წლის საქონელზე 2024 წლის საბაზრო ფასების გავრცელებას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი დათვლილია 2019 წლიდან, ხანდაზმულობის პერიოდის გათვალისწინებით, რის საფუძველზეც, ხელოვნურად გაიზარდა საქონლის ნაშთის ოდენობა. მიაჩნია, რომ საწარმოს ბუღალტრული ნაშთი დათვლილია არასწორად. ასევე აღნიშნავს, რომ ერთი კილო საქონლის ფასი დადგენილია 2024 წლის მარტის მდგომარეობით, რომელიც გამოყენებულ იქნა მთელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულ საქონელზე, რაც ლოგიკას მოკლებულია და იწვევს ფასნამატის ხელოვნურ გაზრდას. განმარტავს, რომ 2021 წლის საქონლის ფასი ვერანაირად ვერ იქნება 2024 წლის საქონლის ფასის ტოლფასი. აღნიშნული გულისხმობს, რომ ინფლაციის პირობებში, მეწარმე ბევრად უფრო დიდ მოგებაზე მუშაობდა ვიდრე 2024 წელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ.) და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლიდან მომჩივნის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშება არამართლზომიერია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ნაშთის გაანგარიშება 1.01.2021 წლიდან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ნაშთის გაანგარიშება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 495 376.68 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 49 537.67 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ.) და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლიდან მომჩივნის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშება არამართლზომიერია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ნაშთის გაანგარიშება 1.01.2021 წლიდან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).