ბრძანება N 7628
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7628
07.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 20 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 მარტის №79790/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი მარტის №031-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას. განმარტავს, რომ რეალიზაციას (მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც) აფიქსირებს სასაქონლო ზედნადების გამოწერით, სადაც გასაყიდ საქონელს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი, კერძოდ: ტანსაცმელი იყიდება 1501 კოდით, ფეხსაცმელი - 1601 კოდით და შემდგომ გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე ანგარიშდება პროგრამული ნაშთი კომპანიაში. მოცემულ შემთხვევაში კოდები არის არასწორად გამოყენებული, კერძოდ, ტანსაცმელი გაყიდულია ფეხსაცმლის კოდით, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი. კომპანიაში ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ჯამში ფიქსირდება მხოლოდ 463 კგ-ის ზედმეტობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30404, 16 დეკემბრის №31724 და 2023 წლის 9 თებერვლის №2357 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 27 ივლისიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2023 წლის 16 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის პირველი მარტის №3935 ბრძანება და ამავე თარიღის №031-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 9 769 ლარი, მათ შორის, გადასახადი 176 ლარი, ჯარიმა 9 589 ლარი, საურავი 4 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა მეორადი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და თეთრეულით საბითუმო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის №345 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის ობიექტებში ჩატარდა კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შემდგომი რეაგირების მიზნით ინვენტარიზაციის მასალები გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფ-ების დანაკლისი 3 087 კგ., რომლის საბაზრო ფასია 4 939.392 ლარი და აღურიცხველი ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ები საერთო წონით 2 511 კგ., საბაზრო ფასით 17 837 ლარი.
შემოწმებით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შედეგები ინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე გამოყვანილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფ-ების დანაკლისი და აღურიცხველი ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები, ასევე, სმფ-ების დანაკლისი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი სმფ-ების ოდენობაზე და რაც გახდება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შედეგები ინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე გამოყვანილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფ-ების დანაკლისი და აღურიცხველი ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ები.
ვინაიდან გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები, ასევე, სმფ-ების დანაკლისი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი სმფ-ების ოდენობაზე და რაც გახდება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4,9)