ბრძანება N 25272

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 25272
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25272

11 .10. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----- -------ას“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------;

იურ. მის.: -------------------------------)

2023 წლის 10 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „----- -------ას“ (ს/ნ ----------------) №20540/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №002-116 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას და აღნიშნულის ფარგლებში გადამხდელის მიერ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე და მათი მხრიდან თანამშრომლობის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება არ განხორციელდა. წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4257 ბრძანებით შპს „----- -------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი 2022 წლის 12 დეკემბრის №002-223 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „----- -------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მტკიცებულებები საწესდებო კაპიტალის თაობაზე);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4257 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 ივნისის №002-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „----- -------ა“ დაარსდა 2009 წლის 30 იანვარს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია ფ/პ ---- -----ძე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამშენებლოსარემონტო მომსახურება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიის საწყისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 208 773 ლარს, ხოლო საბოლოო 0 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა სასტარტო ნაშთის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების, შენატანების მიზნობრიობისა და საჭიროების შემსწავლელი ანალიზი (ხანდაზმული პერიოდის ბუღალტრული პროგრამის ასლი, ბანკის/სალაროს ორდერები, მოგება-ზარალის უწყისები, ფინანსური ანგარიშგებები და სხვა). შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, თუმცა აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება შენატანის მიზნობრიობა და საჭიროება. ასევე, არაა წარმოდგენილი კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და ბუღალტრული პროგრამა, შესაბამისად, ვერ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სასტარტო ნაშთის ნამდვილობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----- -------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №4257 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი №002-223 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №002-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);