გადაწყვეტილება №27468/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 27468/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27468/2/2026

09 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2026 წლის №007-110 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 121 202.2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 423.83

დღგ - 58 496.47

საშემოსავლო გადასახადი - 12 927.36

ჯარიმა - 34 325.62

საურავი - 15 452.75

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ქალის ფეხსაცმელებით და ტანსაცმლით. საქონლის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან და თურქეთიდან. საქმიანობს ------- (-------), იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 7 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად - 2011 წლის 5 აპრილიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 5.05.2023 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 15%-ს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15496 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, საქონლის ნაშთი (760 842 ლარი საბაზრო ღირებულებით) 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს. 01.01.2022 - 01.07.2025 საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს - 4%-ს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26165 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2023 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 774 552 ლარს (პირვანდელი ღირებულებით). 2023 წლის 24 ოქტომბრიდან (პირველი ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) 2025 წლის 11 ივლისამდე (მეორე ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) სულ შეძენილია 113 302 ლარის ღირებულების საქონელი, დეკლარირებული ბრუნვა კი მოცემულ პერიოდში შეადგენს 457 819 ლარს დღგის გარეშე (მათ შორის პირველი ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი 113 341 ლარი), სულ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 774 547 ლარს. 2024 წელს გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, 2024 წლის პირველი თებერვლიდან კი მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, თუმცა ვერ მოხერხდა რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება. შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით (ქალის ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი), რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი (საშუალო შეწონილი ფასნამატი 67.84%). აღნიშნული ფასნამატები შეირჩა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით. გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავალი, რაც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები, 2023 წლის ერთობლივი შემოსავალი, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი (იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი) და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.12.2025 წლის №27037 ბრძანება და №007-343 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2026 წლის №2993 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელების მართლზომიერება), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2026 წლის №2993 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი მე-2 და მე-3 დავის საგნების (1. რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელების მართლზომიერება. 2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი) ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურის 12.02.2026 წლის №2993 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) უნდა გავრცელდეს 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული დავალების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 29 847 ლარით, მათ შორის გადასახადი 19 899 ლარით, ჯარიმა 9 948 ლარით.

აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 30.04.2026 წლის №9438 ბრძანება და №007-110 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოითხოვს გაუქმდეს/გადაანგარიშდეს დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილებით, მე-2 და მე-3 დავის საგნების (1. რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელების მართლზომიერება. 2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი) ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 12.02.2026 წლის №2993 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) უნდა გავრცელდეს 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული დავალების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გაანალიზდა 2023 წლის 24 ოქტომბრის №26165 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები. 2023 წლის 11 დეკემბერს შედგენილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედეგების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვით, საცალო რეალიზაციაზე ფასნამატი შეადგენს 47.88%-ს. გადაანგარიშებით, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გავრცელდა 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, ასევე დაკორექტირდა 2025 წლის 30 ივნისის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 29 847 ლარით, მათ შორის გადასახადი 19 899 ლარით, ჯარიმა 9 948 ლარით.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №26748/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.