გადაწყვეტილება №18946/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18946/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 20.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18946/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №094-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1391 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 343,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 376
დღგ - 3 675 მოგების გადასახადი - 21 318
საშემოსავლო გადასახადი - 3 383
ჯარიმა - 16 762,2
საურავი - 4 205,55
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2022 წლის №6292 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა 17.06.2022 წლის შემოწმების აქტი. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.07.2022 წლის №094-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1391 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბერის თვეში სესხად გაცემული აქვს ფიზიკურ პირზე 90 000 ლარი. ამასთან, კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 52 614 ლარს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.
არაგონივრულად მიჩნეული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, დაკვალიფიცირდა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას.
გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა განხილულია ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სრული შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი/ბრუნვა შეადგენდა 18 442 328 ლარს და მხოლოდ 5 თვის განმავლობაში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და სალაროს ნაშთის არაგონივრულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელი 37 თვიდან მხოლოდ 3 თვეში გამოვლინდა ისეთი შედეგი, როდესაც გონივრულ ნაშთზე მეტი ოდენობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში არ შემცირდა გონივრული ნაშთის ფარგლებში. 37 თვიდან 34 თვეში კომპანიამ დაადასტურა, რომ მის სალაროში არსებული ნაშთი საჭირო იყო კომპანიის საქმიანობისთვის და ნაშთის ოდენობა იყო გონივრული.
სალაროს ნაშთი იყო მოძრავი და ხშირად თითქმის 0-ს უტოლდებოდა. ის, რომ კომპანიის ნაშთი იყო მოძრავი და ხშირად მცირდებოდა თითქმის ნულამდე, მიუთითებს ტენდენციაზე, რომ კომპანია არ იყენებდა სალაროს, როგორც ფიზიკური პირის მიერ ნასარგებლები სესხის „სალაროს ნაშთად შეფუთვის“ საშუალებად. ასევე, არ ფიქსირდება დირექტორის არანაირი საჭიროება, საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა ფულადი სახსრები.
კომპანიას სჭირდებოდა სალაროში არსებული თანხები ბიზნესის ეფექტური და შეუზღუდავი საქმიანობისთვის და არ არის აუცილებელი ეს თანხები არ იყოს საკასო ხარჯების/შემოსავლების 10%- ზე მეტი. გარდა ამისა, 20%-იან სესხად იქნა განხილული არაგონივრული სალაროს ნაშთი მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იმ დროისთვის ბევრად დაბალი იყო. შემოწმებას უნდა გამოეყენებინა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო განაკვეთი.
მომჩივანი კომპანიის საქმიანობისა და სალაროში ნაღდი ფულის არსებობის საჭიროების ტენდენციის გათვალისწინებით ითხოვს ამ ნაწილში დარიცხვის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის სრული შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი/ბრუნვა შეადგენდა 18 442 328 ლარს და მხოლოდ 5 თვის განმავლობაში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი.
სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვა დაუსაბუთებელია. შესაბამისად, 31.01.2023 წლის №1391 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და სალაროს ნაშთის არაგონივრულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1391 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების
აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №094-67 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 16 762,2 ლარი და საურავი - 4 205,55 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით (ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში ითხოვს, უკიდურეს შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილების ჯარიმის გამოყენებას და საურავის სრულად შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის სრული შესამოწმებელი პერიოდის მხოლოდ 5 თვის განმავლობაში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, რომელიც მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, დაკვალიფიცირდა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა განხილულია ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1391 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154(1); 136(3); 97; 982(3); 275; 269(7)