ბრძანება N 15338
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15338
08 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---)
(2026 წლის 22 ივნისისა და 2 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №103002/1/2026 და №103216/1/2026 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №CB1924419 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული სანქციის გაუქმებას და განმარტავს, რომ 2026 წლის 10 ივნისს 09:37 საათზე კომპანიის წარმომადგენლის მიერ რამდენჯერმე განხორციელდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესვლისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვის მცდელობა, თუმცა საიტის ტექნიკური ხარვეზის გამო სისტემა გამართულად არ მუშაობდა. ერთ-ერთი მცდელობაზე ვიზუალურად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტი წარმატებით აიტვითა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მძღოლმა დაიწყო მოძრაობა. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ზედნადების სისტემური გენერირება ბოლომდე არ განხორციელებულა. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ ტრანსპორტირების დაწყებამდე ყოველთვის იწერება სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, კონკრეტული ტვირთი მიეწოდებოდა შპს „---ს“, რომლის შიდა ორგანიზაციული პოლიტიკიდან გამომდინარე გამორიცხულია პროდუქციის მიღება აქტიური სასაქონლო ზედნადების გარეშე. გარდა აღნიშნულისა, მომჩივანი მიუთითებს, რომ ის და საქონლის მიმღებიც დღგ-ის გადამხდელები არიან და შესაბამისად, ოპერაციის ოფიციალური დოკუმენტირება მათი ინტერესი იყო.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ 2026 წლის 10 ივნისს, 10:23 საათზე, ქ. ---ზე, გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით --- (მძღოლი --- (პ/ნ ---), რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს „---“-ის (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 21371.2 ლარის ღირებულების სარეალიზაციოდ გამზადებული საქონლისა და ღორის ხორცი, რომელიც იყო დანაწევრებულ მდგომარეობაში. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ 2026 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1924419 და პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ გადამოწმების შემდგომ დაგვიანებით (10.06.2026წ., 10:25:29 სთ.) გამოიწერა სასაქონლო ზედნადები №---.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.
ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით:
ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადამოწმების შემდგომ დაგვიანებით (10.06.2026, 10:25:29 სთ.) გამოიწერა №---- სასაქონლო ზედნადები. გადამოწმება განხორციელდა 2026 წლის 10 ივნისს 10:23 საათზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით ქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ , გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძარაზე განთავსებული იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 21371.2 ლარის ღირებულების სარეალიზაციოდ გამზადებული საქონლისა და ღორის ხორცი, რომელიც იყო დანაწევრებულ მდგომარეობაში. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, მომჩივნის მიმართ 2026 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ გადამოწმების შემდგომ დაგვიანებით გამოიწერა სასაქონლო ზედნადები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (1,2).