ბრძანება N 7759

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2024
№ დოკუმენტი 7759
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7759

05 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 25 მარტის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №88671/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №039-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული დღგ-ის ნაწილში. აცხადებს, რომ შემოწმებით დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდეგ გაანალიზებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან დაკავშირებით არ აქვს პრეტენზია, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების გაანგარიშებას, რადგან შემოწმებით შეკრებილია ზედნადებების მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. უზუსტობა და შემოსავლების გაორება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სასაქონლო ზედნადებების მონაცემებში აღებულია როგორც ზედნადებებით განხორციელებული მიწოდებები, ასევე, დისტრიბუციის ზედნადებები. განმარტავს, რომ კომპანია თავის თანამშრომლებზე წერს დისტრიბუციის ზედნადებებს, რომელთაგან ეს თანამშრომლები ნაწილ საქონელს ყიდდნენ ასევე ზედნადებებით, ხოლო უმეტეს ნაწილს არადოკუმენტურად მხოლოდ სალარო აპარატის მეშვეობით.

ყველა შემთხვევაში ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან სალარო აპარატით რეალიზაციებში, შესაბამისად, მათი ხელახალი დამატება შემოსავლებზე, იწვევს შემოსავლების ხელოვნურ გაზრდას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დისტრიბუციის ზედნადებების თანხები იშიფრება კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში და შეესაბამება იმ დღის დოკუმენტური რეალიზაციების და სალაროს მონაცემებს. შესაძლოა არსებობდეს მცირე განსხვავებები ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულ თანხებთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ იყიდებოდა ათეულობით კილოგრამი ღორის ხორცი და სხვაობა ფიქსირდებოდა მისი დანაწევრების და ცალკეულად აწონვის შედეგად. აღნიშნული მცირე სხვაობის გამო არამართლზომიერად მიიჩნევს დისტრიბუციის ზედნადებებში დაფიქსირებული თანხების განმეორებით შემოსავლებზე დამატებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას დღგ-ის დარიცხვის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25616 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

7. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა შპს „---“ არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

8. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2019 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;

9. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 288 354 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 492 825 ლარით და ჯარიმა 795 529 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი მარტის №039-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შპს „---ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გადახდილი თანხები დაკავშირებული იყო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან და გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი, რომელიც დაერიცხა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე დაექვემდებარა გადაანგარიშებას/შემცირებას.

2. აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შპს „---ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება).

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ელ. ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რომლის საანგარიშო პერიოდიც მოიცავს საგადასახადო შემოწმების პერიოდს, თუმცა ელ. ანგარიშფაქტურები გამოწერილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ პერიოდში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ელ. ანგარიშ-ფაქტურები ვერ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მონაცემებში.

4. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით. აღნიშნულ პროგრამაში, ფიზიკური პირები, რომლებზეც ანაზღაურებული იქნა თანხა, არ იყო სრულყოფილად აღრიცხული/იდენტიფიცირებული (არ იყო პირების პირადი ნომრები მითითებული), ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მხოლოდ სახელით და გვარით ვერ იქნა იდენტიფიცირებული მათი სტატუსი.

შემოწმების პერიოდში კომპანიისაგან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი. გადაანგარიშების ეტაპზე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულება ან/და პირადი ნომრები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ ზოგიერთ პირს, რომელიც შემოწმების მიერ განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირად, გააჩნია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ან/და კომპანიას არ ეკუთვნის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა (შეუმცირდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

5. შემოწმების მიერ, კომპანიის კრედიტორული დავალიანება არარეზიდენტი კომპანიის მიმართ, ჩათვლილ იქნა სესხად ანგარიშვალდებულ პირზე, ვინაიდან, საწარმოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული მომწოდებელზე არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის საფუძველი (შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება).

გადაანგარიშების ეტაპზე, შპს „---ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, სამმხრივი ხელშეკრულებები და განცხადება, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ საწარმოს კრედიტორული დავალიანება, რომელიც გააჩნდა არარეზიდენტი კომპანიის მიმართ, სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ანაზღაურებულ იქნა კომპანიის დამფუძნებლის მიერ. კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელს ჰქონდა წილი არარეზიდენტ (საქონლის მომწოდებელ) კომპანიაში, საიდანაც მისაღები დივიდენდის სანაცვლოდ, სამმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად, შემცირებულ/დაფარულ იქნა შპს „---ს“ ვალდებულება არარეზიდნტის მიმართ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიას შეუმცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხზე მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხული თანხები, ხოლო არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული კრედიტორული დავალიანება ჩათვლილ იქნა დამფუძნებელზე გაცემულად.

6. შპს „----“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო შემოწმების მიერ 2019 წელზე ქონების გადასახადი გაანგარიშებულ იქნა 2019 წლის პერიოდზე სრულად. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიას დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ქონების გადასახადი არსებობის პერიოდის პროპორციულად.

7. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაკორექტირდა 2019 წლის მიწაზე ქონების გადასახადის თარიღი და ნაცვლად 2019 წლის 15 ნოემბრისა, დარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 16 ნოემბრის თარიღით. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შპს „---ს“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული დღგ-ის ნაწილში

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 288 354 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 492 825 ლარით და ჯარიმა 795 529 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი მარტის №039-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.